რეზონანსი
14.02.2024

"კურიერმა" ავლაბარში მომხდარი მკვლელობის ექსკლუზიური კადრები მოიპოვა. ვიდეო მასალა ფელიქს კაპანოვის მკვლელობიდან რამდენიმე წამში, სომხეთის ქუჩაზეა გადაღებული. მასალაში ჩანან გამვლელები, რომლებიც 47 წლის მამაკაცის გადარჩენას ცდილობდნენ. დაჭრილს ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი.

გავრცელებული ინფორმაციით, 47 წლის კაპანოვს შავი ფერის ავტომობილიდან ესროლეს. მანამდე კი, გამოძიების ვერსიით, ახალგაზრდა მამაკაცს თავდამსხმელებმა სასტიკად სცემეს, შემდეგ კი გადაჭრილი თოფით ცეცხლნასროლი ჭრილობები მიაყენეს. დაჭრილი სასწრაფოს მისვლამდე, ადგილზე გარდაიცვალა.

"კურიერმა" გაარკვია, რომ თავდამსხმელებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი აწყურის ქუჩაზე, ერთ-ერთი საკვებ ობიექტის ტერიტორიაზე დამალეს. აქ სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს და საქმის მთავარი მტკიცებულება, გადაჭრილი სანადირო თოფი ამოიღეს.

ფელიქს კაპანოვის მკვლელობის საქმეზე, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ძმები დააკავეს. კარლო გალოიანი და ედვინ ბაგაშვილი დღეს, საქალაქო სასამართლომ 2-თვიან პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ განმარტა, რომ ბრალდებულების გათავისუფლების შემთხვევაში, გამოძიებას შესაძლოა ხელი შეშლოდა.

გადაწყვეტილების მიღებამდე, მოსამართლემ ბრალდებულ ძმებს სიტყვით გამოსვლაც შესთავაზა, თუმცა ბაგაშვილი და გალოიანი ამ დრომდე დუმილს ირჩევენ. უცნობია, დანაშაულის ოფიციალური მოტივიც. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის შურისძიების მოტივზე.

ირკვევა, რომ 2020 წელს, ფელიქს კაპანოვმა ედვინ ბაგაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა და მათ შორის უთანხმოებაც სწორედ ამის შემდეგ დაიწყო. საქმის პროკურორი აცხადებს, რომ ეს ვერსია დაკითხვისას, სამართალდამცველებს თავად ბაგაშვილმა მიაწოდა.

ავლაბარში, სომხეთის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს. კარლო გალოიანის და ედვინ ბაგაშვილს ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას, ცემას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარებას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

წყარო: „რუსთავი2“

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×