რეზონანსი
15.02.2024

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნეს ფორუმის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთი თემა თავისუფალი ვაჭრობის დაწყების საკითხი იქნება.

როგორც დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სპარსეთის ყურის ქვეყნების საბჭოსთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო, რაც პანდემიის დროს შეფერხდა, ახლა კი ეს საკითხი კვლავ აქტუალურად დგას.

“დაწყებული გვქონდა ამაზე [თავისუფალ ვაჭრობაზე] მოლაპარაკებები სპარსეთის ყურის ქვეყნებთან. არსებობს სპარსეთის ყურის ქვეყნების საბჭო. როგორ წესი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე საუბარი ხდება ზუსტად ამ საბჭოს ფარგლებში და არა ინდივიდუალურად, ცალკე ქვეყნებთან, თუმცა გამონაკლისი მაინც არსებობს. გასულ წელს დავასრულეთ და ხელი მოვაწერეთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და წელს ეს ძალაში უნდა შევიდეს. ასევე, გასულ წელს “აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში საქართველოში გვყავდა საბჭოს გენერალური მდივანი და ვისაუბრეთ თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებების განახლებაზე, რომელზეც საუბარი 2019 წელს დავიწყეთ. სამწუხაროდ, კოვიდმა ეს პროცესი შეაფერხა. ახლა ეს საკითხი აქტუალურად დგას ორ ქვეყანას შორის და დღეს მინისტრთან განხილვის ერთ-ერთი თემა ესეც იქნება”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ თბილისში მიმდინარე საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნეს ფორუმს, დავითაშვილი იმედოვნებს, რომ ფორუმის ფარგლებში კონკრეტული შედეგები იქნება მიღწეული ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით.

“ჩვენთვის, ეკონომიკური ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ბოლო 3 წლის განმავლობაში ეკონომიკის აღდგენასთან ერთად, საკმაოდ მაღალ დონეზე ვინარჩუნებდით უცხოურ ინვესტიციებს. დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი იყო საშუალოდ, რაც მაღალი მაჩვენებელია მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, მაგრამ ჩვენი მიზანია, ხარისხიანი, პირდაპირი ინვესტიციები მოვიზიდოთ სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა ერთი მხრივ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდა, მეორე მხრივ კი შევძლოთ ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურის თვისობრივად გაუმჯობესება. ამ მიმართულებით სამინისტრო სხვადასხვა ქვეყანასთან ბევრს მუშაობს. ძირითად პარტნიორებთან ინტენსიური დიალოგი გვაქვს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოტენციური პარტნიორი ჩვენი ქვეყნისთვის საუდის არაბეთია, რომელიც უმსხვილეს ეკონომიკას წარმოადგენს სპარსეთის ყურეში. გასულ წელს იყო ძალიან წარმატებული ვიზიტი სპარსეთის ყურეში, როდესაც მმართველ გუნდს და მთავრობის წარმომადგენლებს შევხვდით. ამ შეხვედრის დროს გადაწყდა, რომ ჩამოგვეყალიბებინა ფორმალური ურთიერთობები, პლატფორმები, რათა წაგვეხალისებინა ეკონომიკური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. ასეც მოხდა - შარშან სავაჭრო პალატებს შორის ერთიანი პლატფორმა ჩამოყალიბდა; ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროების მონაწილეობით შეიქმნა ბიზნეს საბჭო, სადაც ქართული და საუდის არაბული ბიზნესებია წარმოდგენილი, რათა კიდევ უფრო წავახალისოთ ინვესტიციები და სავაჭრო ურთიერთობები. დღევანდელი ფორუმიც არის ლოგიკური გაგრძელება იმ დაწყებული სამუშაოსი. ჩვენ გვაქვს დაგეგმილი B2B შეხვედრები და იმედი მაქვს, ამ ფორუმის ფარგლებში კონკრეტული შედეგები იქნება მიღწეული ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით”, - განაცხადა დავითაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×