რეზონანსი
26.02.2024

რუსი აქტივისტი მაქსიმ ივანცოვი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს.

მაქსიმ ივანცოვი არის აქტივისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია Frame-ის ხელმძღვანელი, რომელმაც სივრცე დაუთმო რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ოპოზიციონერ კანდიდატად ბორის ნადეჟდინის რეგისტრაციისთვის თბილისში ხელმოწერების შეგროვებას.

მაქსიმ ივანცოვი დარწმუნებულია, რომ მისი საქართველოში არშემოშვება სწორედ ბორის ნადეჟდინისთვის ხელმოწერების შეგროვებასთან არის კავშირში.

"არ შემიშვეს იმის გამო, რომ ჩვენ დავთმეთ სივრცე ბორის ნადეჟდინისთვის ხმების შესაგროვებლად. მხოლოდ მე არ შემექმნა პრობლემები ხელმოწერების შეგროვების შემდეგ. დიდი ხანია შესამჩნევია, რომ საქართველოს ხელისუფლება მტკივნეულად რეაგირებს არა მხოლოდ ქართულ პოლიტიკასთან დაკავშირებით საჯარო განცხადებებზე, არამედ რუს ანტიპუტინისტ აქტივისტებზეც", - განაცხადა მან.

მისი თქმით, საქართველოში ჩამოსვლისთანავე მას ჩაურტყეს საზღვარზე ბეჭედი, თუმცა შემდეგ სთხოვეს რომ უკან დაბრუნებულიყო საპასპორტო კონტროლზე.

"მომაჩეჩეს ფურცელი საქართველოში არშეშვებაზე და ხელის კვრით და უხეშად საუბრით, ცვლის უფროსმა და კიდევ რამდენიმე პოლიციის თანამშრომელმა მიბიძგა და წამიყვანა თვითმფრინავისკენ", - აცხადებს ივანცოვი.

ივანცოვი ამბობს, რომ საზღვარზე პოლიციელები რეგულარულად მიდიოდნენ და მასზე ზეწოლას ახდენდნენ, რომ გაფრენილიყო. მისი თქმით, არ მისცეს არც ადვოკატთან გასაუბრების შესაძლებლობა. ასევე ამბობს, რომ დაემუქრდნენ. "მეუბნებოდნენ, რომ ვარ რუსეთის და საქართველოს მტერი, საქართველო კი ისინი არიან". ივანცოვი წერს, რომ მხოლოდ დილას "დანებდა და გაფრინდა" უნგრეთში.

ივანცოვი ამბობს, რომ კვლავ შეეცდება საქართველოში შემოსვლას. ასევე აღნიშნავს, რომ გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას და იმ მოპყრობას, რომელიც საზღვარზე პოლიციელების მხრიდან მიიღო. ის ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართავს.

მაქსიმ ივანცოვის ორგანიზაცია Frame წლების მანძილზე საქმიანობდა რუსეთში, თუმცა 2012 წელს კრემლმა უცხო ქვეყნის აგენტად გამოაცხადა, რის გამოც ორგანიზაცია დროებით დახურეს. ორგანიზაციის საქმიანობა განსაკუთრებით ომის მიმდინარეობისას გართულდა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, გუნდი თბილისში გადმოვიდა.

Frame-მა დათმო თავისი სივრცე თბილისში, რათა რუსი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერ კანდიდატად მონაწილეობისთვის ხელმოწერები შეგროვებულიყო. მიუხედავად ხელმოწერებისა, რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოფიციალურად თქვა უარი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ბორის ნადეჟდინის კანდიდატად რეგისტრაციაზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×