რეზონანსი
03.03.2024

პრინციპულად არ დავაკანონებთ და ვერც დავაკანონებთ, რადგან კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ოჯახი ეს არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. აქედან გამომდინარე, ასეთ პრევენციებს ჩვენ კიდევ გავაკეთებთ და მომავალში გამოგვადგება - დავაზღვევთ საზოგადოებას ამ მავნე შედეგებისგან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „იმედის კვირას" განუცხადა.

მან მომავალი თაობის ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მავნე ზეგავლენისგან დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ქართული საზოგადოების, მისი უმრავლესობის, 90%-ზე მეტია ეს რიცხვი, აზრია, რომ ჩვენ უნდა გავმიჯნოთ უფლებები და პროპაგანდა ერთმანეთისგან. უარი ვუთხრათ პროპაგანდას და თანხმობა ვუთხრათ უფლებების დაცვის ძალიან მაღალ ხარისხს. ძალიან მოკლედ, სლოგანივით შეიძლება ვთქვათ, არა - პროპაგანდას, კი - უფლებებს.

ვფიქრობთ, ჯერ დაველოდოთ. ეს ჩვენი ოპონენტი იქნება, თუ სხვა ნებისმიერ ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, სხვადასხვა სოციუმი, მათ შემოთავაზებას, როგორ მიაჩნიათ სწორად. როგორ უნდა გაიმიჯნოს და როგორ უნდა დავიზღვიოთ თავი ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მავნე ზეგავლენისგან.

ძალიან რეალურია პროპაგანდის ხარისხი. ძალიან რეალურია ის ამბები, ნიუსები, რაც ყოველდღიურად სხვადასხვა ქვეყნიდან მოდის; ერთნაირსქესიანთა ქორწინებების დაკანონების მცდელობები ძალიან რეალურია. ჩვენ 2017 წელს გვეუბნებოდნენ, რა საფრთხეა ახლა ისეთი, ამას კონსტიტუციაში რატომ წერთ. დღეს ხომ მივხვდით, საფრთხე რა იყო...

დღეს ჩვენ ამოქოლილი გვაქვს ის ხვრელი, სადაც შესაძლოა, ვიღაცამ მოგვთხოვოს, რომ დავაკანონოთ. ვერ დავაკანონებთ. პრინციპულად არ დავაკანონებთ და ვერც დავაკანონებთ, რადგან კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ოჯახი ეს არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. აქედან გამომდინარე, ასეთ პრევენციებს ჩვენ კიდევ გავაკეთებთ და მომავალში გამოგვადგება - დავაზღვევთ საზოგადოებას ამ მავნე შედეგებისგან", - აღნიშნა მდინარაძემ.

„ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს". შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა. უმრავლესობის ლიდერის თქმით, კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და პარლამენტში ინიცირება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×