რეზონანსი
30.03.2024

კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის" დიაგნოზი ჩვენთვის დიდი ხანია ცნობილია. სამწუხაროა, რომ პარტიულად ჩვენ მიერ და ჩვენი მხარდაჭერით არჩეული ამჟამინდელი პრეზიდენტი მარგინალური ოპოზიციისა და მისი მავნებლური დღის წესრიგის განუყოფელ ნაწილად იქცა, - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ „დღის ქრონიკაში" განაცხადა.

„სააკაშვილმა გადასარევად იცის, რომ „ქართული ოცნების" პირობებში ქართულ დიასპორას ხელს არაფერი უშლის, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სალომე ზურაბიშვილმა უფრო უკეთესად უნდა იცოდეს, ვიდრე სააკაშვილმა, მაგრამ ხდება აბსოლუტური მანიპულაცია, გაყალბება", - აღნიშნა ოდიშარიამ

მისივე თქმით, პრობლემა არა საარჩევნო უბნების რაოდენობაში, არამედ იმაშია, რომ ემიგრანტების ერთ ნაწილს გაუთვითცნობიერებელი შიში აქვს იმისა, რომ საკონსულო რეგისტრაციაზე დადგეს.

„მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რა განსხვავებაა „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში გამართულ არჩევნებსა და 2012 წლამდე არჩევნებში, ვგულისხმობ დიასპორას. მათ შემოიღეს საცხოვრებელი ადგილსამყოფლიდან ცნობის წარმოდგენის აუცილებლობა იმისთვის, რომ ასულიყვნენ საკონსულო აღრიცხვაზე, რაც არის უმნიშვნელოვანესი და სხვა პირობა არ არსებობს. მეორე - ამ ადამიანებს, შიში აქვთ, საკუთარი თვითლეგალიზების რაღაცნაირად რიდი აქვთ, რომ შემდეგ არ მოხდეს ამის გამოყენება უშნოდ, გნებავთ საარჩევნო ადმინისტრაციიდან თუ დიპლომატიური კორპუსიდან. „ქართული ოცნების" პირობებში ეს აბსოლუტურად უსაფუძვლო შიშია, პირიქით, ქართული დიპლომატია, კონსულები, ელჩები მაქსიმალურად ეხმარებიან ჩვენს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, რომ ჰქონდეთ გზამკვლევი, ჰქონდეთ გარკვეული წვდომა ადგილობრივ იურიდიულ საკითხებთან მიმართებაში.

ადამიანს, რომელიც არჩევნების პერიოდში იმყოფება უცხოეთში და არ არის საკონსულო აღრიცხვაზე, ერთი თვით ადრე შეუძლია მიმართოს საარჩევნო უბანს და დარეგისტრირდეს საარჩევნოდ. პროცენტულად ისევე არის გადანაწილებული მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების რაოდენობა, როგორც საქართველოს საზღვრებს შიგნით. თუ დიასპორის 100% მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში, დამიჯერეთ, რომ იქაც სამარცხვინოდ დამარცხდებიან.

ამ ადამიანებმა კი არ უნდა დააფრთხონ და მავნებლურად მოეპყრონ დიასპორელებს, არამედ უნდა სთხოვონ, რომ მობრძანდით, მაგრამ არა, ასე არ იქცევიან. მათ საბოლოო ჯამში არც ის აწყობთ, რომ დიასპორა არჩევნებზე მოვიდეს, რადგან მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა პროცენტულად ზუსტად ისე არის გადანაწილებული, როგორც საზღვრებს შიგნით", - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×