რეზონანსი
13.04.2024

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს რეკომენდაციების დანერგვა შექმნის დღიდანვე დაიწყო, - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ნათია სონღულაშვილმა „ქრონიკაში" ევროპული სასამართლოს სტანდარტებით საგამოძიებო პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების შემუშავების შესახებ საუბრისას განაცხადა.

ნათია სონღულაშვილის განმარტებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ქვეყანაში ერთადერთი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმია, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების ხელახალ და სამართალდამცველების მხრიდან ძალადობით ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე.

„ისეთი დანაშაულებზე, როგორიც არის წამება და არასათანადო მოპყრობა, სადაც ერთ მხარეს არიან მოქალაქეები, მეორე მხარეს კი სახელმწიფოს წარმომადგენლები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სამსახურმა სწორედ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილი მაღალი სტანდარტით აწარმოოს გამოძიება. მნიშვნელოვანია, დაინერგოს ის რეკომენდაციები, რომლებიც საქართველოსთვის იქნა გადმოცემული და ამ რეკომენდაციების დანერგვა სამსახურმა შექმნის დღიდანვე დაიწყო", - განაცხადა ნათია სონღულაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ 2022 წელს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ქვეყანაში პირველმა დანერგა მსხვერპლებისათვის საქმის მასალებზე წვდომის შესაძლებლობა.

„მოქალაქეს შეუძლია, თვითონ მოვიდეს და სამსახურში გაეცნოს გამოძიებას. ასევე, სამსახურმა წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლებს შესთავაზა დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვა. ეს გახდა პირველი ბიძგი და სწორედ აქედან დავიწყეთ შემდგომი ევროპული სტანდარტების დამდგენი დოკუმენტების შემუშავება კასკადურად, რომ სრულად დაინერგოს სამი პრინციპი - გამოძიების მაღალი სტანდარტი, გამჭვირვალეობა და მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე ზრუნვა", - განაცხადა ნათია სონღულაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×