
დონალდ ტრამპის მოკვლის მცდელობის შემდეგ ბევრი მიმომხილველი დარწმუნებულია, რომ ამერიკის პრეზიდენტის არჩევნების ბედი უკვე გადაწყვეტილია - დემოკრატებმა ბაიდენი რომც შეცვალონ, რაზეც ბოლო დროს ბევრი საუბრებია, ტრამპი, თავდასხმისგან გადარჩენის მომენტის ტალღაზე, არჩევნებს უცილობლად მოიგებს. მანამდე კი მომხდარზე უამრავი ვერსია და შეთქმულების თეორია ვრცელდება. ბევრი, არც მეტი არც ნაკლები, პოლიტიკური შეკვეთის კვალს ხედავს, ზოგი კი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ტრამპი უეჭველი სიკვდილისგან შემთხვევითობამ იხსნა, როცა მან გასროლის მომენტში თავი სხვა მხარეს შეატრიალა.
ახლა უკვე ცნობილია, რომ ყურის არეში ჭრილობა მსუბუქია და ტრამპი საარჩევნო კამპანიას აგრძელებს. მოკლულია ორი ადამიანი, მათ შორის სავარაუდო კილერი და ტრამპთან ერთად ტრიბუნაზე მყოფი მისი მხარდამჭერი. მიტინგის კიდევ ორი შემთხვევითი დამსწრე მძიმედაა დაშავებული.
სამართალდამცველებმა მსროლელის იდენტიფიცირება შეძლეს - ეს არის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი. ფედერალურმა საგამოძიებო სამსახურმა და პენსილვანიის შტატის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ერთად მუშაობენ გამოძიებაზე. თავდასხმა სწორემ ამ შტატის ქალაქ ბატლერთან მოხდა, სადაც ტრამპი საარჩევნო მიტინგზე სიტყვით გამოდიოდა.
ტრამპმა საკუთარ სოციალურ მედია-პლატფორმაზე დაწერა, რომ „ტყვიამ მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გახვრიტა. მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა, მომესმა წივილის და გასროლის ხმები, ვიგრძენი, რომ ტყვიამ კანი გახვრიტა. როცა ბევრი სისხლი წამოვიდა, მივხვდი, რა ხდებოდა."
თავდასხმა საკმაოდ ნაყოფიერად გამოიყენა ტრამპის პიარ ჯგუფმა. სოციალურ ქსელებში ვრცელდება რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატის ფოტო- და ვიდეომასალა ჰეროიკულ სტილში. ერთ-ერთი ასეთი ილონ მასკმა იქსზე (ყოფილი ტვიტერი) გააზიარა. მანვე მოგვიანებით გადააზიარა კიდევ ერთი პოსტი, სადაც კონსერვატორი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი აცხადებს, რომ „ამერიკა სწრაფად მიექანება ტრამპის მკვლელობისკენ". აქ საუბარია კარლსონის შარშანდელ განცხადებაზე, რომლის გამოც ის ენბისის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში შეთქმულების თეორიების გამავრცელებლად შერაცხეს.
ასევე ვრცელდება ბევრი ამერიკელი სამხედროსა და სპეცრაზმელის მოსაზრება, რომლებიც ერთხმად ამტკიცებენ, რომ თავდასხმას წინ უძღოდა დაცვის სამსახურის უხეში შეცდომები. მაგალითად, ერაყის ომის ვეტერანი ბლეიკ ჰოლი ტვიტერზე წერს: „მე ვიყავი ჩემი ბატალიონის სნაიპერების დასაქმების ოფიცერი და ვხელმძღვანელობდი ასობით საბრძოლო მისიას. უსაფრთხოების გეგმაში იყო მნიშვნელოვანი ხარვეზები, რამაც მსროლელს საშუალება მისცა პრეზიდენტ ტრამპისთვის 130 მეტრიდან ესროლა - ის იოლი სამიზნე იყო." სხვათაშორის, ბლეიკის ეს ტვიტი ვირუსულად გავრცელდა და მისმა პოპულარობამ 10 მილიონს გადააჭარბა.
ახლა, სანამ გამოძიება რაიმე ხელშესახებ შედეგს დადებს, ყველაზე აქტუალურია კითხვა, როგორ აისახება ეს არჩევნებზე და რამდენად გაიზარდა ალბათობა იმისა, რომ ტრამპმა გაიმარჯვოს? ამ საკითხზე ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ტრამპი ამით პოლიტიკურ ქულებს აუცილებლად დაიწერს და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწევს. თუმცაღა მათი გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ არაფერი შეიცვლება და ვინც ბაიდენს მხარს უჭერდა, ისევ მის მხარეს დარჩება.
პარალელურად „ოცნებაში" უკვე ორაზროვნად მიანიშნებენ „გლობალური ომის პარტიის" ხელწერაზე.
„გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის. XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს. სოლიდარობას ვუცხადებ და ჯანმრთელობას ვუსურვებ დონალდ ტრამპს", - დაწერა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ფეისბუქში.
„რა თქმა უნდა, ეს ინციდენტი ტრამპის რეიტინგის ზრდას ხელს შეუწყობს. ის მჩაგვრული სხვერპლის როლში გამოვა, ეს კი ნებისმიერ საზოგადოებაში კანდიდატის მიმართ სიმპათიას იწვევს, მიუხედავად რაღაც წინააღმდეგობისა. ამრიგად, მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ის წინაასარჩევნოდ პოლიტიკურ ქულებს დაიწერს", - აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან".
ყოფილი სახელმწიფო მინისტრისა და კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის აზრით, მისი ამომრჩევლების რაოდენობა ძალიან არ გაიზრდება. „ამ შემთხვევას ფრაზა „რაც არ გვკლავს გვაძლიერებს" ზუსტად შეესაბამება. მე მგონია, რომ ამით მას ქულები დაეწერა, თუმცა მეეჭვება მისი ამომრჩევლების რაოდენობა ძალიან გაიზარდოს".
„აშკარაა, რომ ტრამპმა ამით სერიოზული უპირატესობა მოიპოვა, თან ბაიდენს არჩევნებში წარმატების მისაღწევად ისედაც პრობლემები ჰქონდა. სამწუხაროა, ტრამპზე ასეთი ტერაქტი განხორციელდა და კარგია, რომ გადარჩა. მას ისეთივე მკაფიო მხარდამჭერები ჰყავს, როგორც ბაიდენს. „რესპუბლიკელებსა" და „დემოკრატებს" მკვეთრად გამოხატული ამომრჩეველი ჰყავს. ვინც ტრამპისთვის ხმის მიცემას არ აპირებდა, ის არც ახლა დაუჭერს მხარს, იმის მიუხედავად, რომ ამგვარ საქციელს ყველა გმობს. ვისაც რაღაც შეთქმულებების და გლობალური ომის პარტიების სჯერა, ისინი ისევ იმ აზრზე დარჩებიან და მათი პოზიციები უფრო გამყარდება. ამრიგად, თუ ტრამპს მყარი პოზიციები ჰქონდა, ეს უფრო გაძლიერდა და არ შესუსტებულა. ხოლო ბაიდენის სუსტი პოზიციები კიდევ უფრო შესუსტდა", - აღნიშნავს ზაქარეიშვილი.
ანჯაფარიძის აზრით, გამორიცხული არაა გამოძიებამ ისეთი შედეგები დადოს, რომ სახელმწიფომ არც გაასაჯაროვოს.
„სამწუხაროდ ჩვენ ალბათ ვერაფერს გავიგებთ რა მოტივაცია ჰქონდა თავდამსხმელს, რადგან იგი უკვე ლიკვიდირებულია და ვეღარაფერს იტყვის. იმედია საგამოძიებო სტრუქტურები გამოიძევენ, მაგრამ შესაძლოა ისეთი შედეგები დაიდოს, რომ სახელმწიფომ მისი გასაჯაროვებისგან თავი შეიკავოს, როგორც ეს ექსპრეზიდენტ ჯონ კენედის შემთხვევაში მოხდა. ალბათ ეფბიაის მხრიდან რაღაც ვერსიას ვიხილავთ", -აცხადებს ანჯაფარიძე.