
FBI დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარ სროლას მკვლელობის მცდელობის მუხლით იძიებს, თუმცა, მას პოტენციურ შიდა ტერორისტულ თავდასხმადაც განიხილავს. როგორ აისახება აღნიშნული ინციდენტი გლობალურ სტაბილურობაზე - ამ საკითხზე ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ გლობალურად ეს გავლენას ვერ მოახდნს, თუმცა, შესაძლოა ამერიკაში პოლიტიკური რადიკალიზმის სახე მიიღოს.
მათივე თქმით, აქ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება, რადგან ეს იგივე შემთხვევაა, როდესაც შეიარაღებული პირი პირდაპირ შენობაში შეიჭრება და გამიზნებით ისვრის.
„რა აუცილებელი იყო ამ პიროვნების ლიკვიდაცია, როცა შეიძლებოდა ამ სნაიპერის იარაღის მწყობრიდან გამოყვანა, რადგან გამოყენებული იყო ამერიკული ტიპის სნაიპერული შაშხანა, ეს არის საკმაოდ სუსტი ლაზერული დამიზნების სისტემა. ასევე საინტერესოა ასეთი მსროლელი როგორ გამოეპარათ, რომელმაც 130 მეტრიდან განახორციელა თავდასხმა", - აცხადებს სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან".
FBI-ის ინფორმაციით, პირი, რომელიც პენსილვანიაში, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს სროლა განახორციელა მარტო მოქმდებდა და რომ ჯერ კიდევ აქტიურად იძიებენ მის ისტორიას - მათ შორის მუშაობენ მისი ტელეფონის წვდომისთვის.
„ვმუშაობთ ტელეფონზე წვდომისთვის. ტელეფონი ჩვენს ლაბორატორიაში გავგზავნეთ", - განაცხადა FBI-ის სპეციალურმა აგენტმა, კევინ როჟეკმა.
მისივე თქმით, მსროლელის ოჯახი გამოძიებასთან თანამშრომლობს. როჟეკმა დაადასტურმა, რომ სროლა AR სტილის შაშხანით განხორციელდა, რომელიც კანონიერად იყო შეძენილი. როგორც მათ განაცხადეს, ეჭვმიტანილის, თომას მეთიუ კრუკსის სახლში საეჭვო მოწყობილობა იპოვეს, რომელიც უსაფრთხოდ გამოიტანეს და ამჟამად ლაბორატორიაში გამოკვლევა უტარდება - ამის შესახებ ინფორმაციას Washington Post ავრცელებს.
გამოძიების ცნობით, სროლის მოტივი ჯერჯერობით არ დაუდგენიათ, მაგრამ მუშაობს მოვლენების თანმიმდევრობის და იმის დასადგენად, თუ სად გადაადგილდებოდა მანამ, სანამ სროლა განახორციელა.
თავდასხმის შემდეგ ტრამპმა ინტერვიუ New York Post-ს მისცა, სადაც განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტი ბაიდენი მის წინააღმდეგ ორი საქმის შეწყვეტის ბრძანებას გასცემს.
„მან თქვა: „ჩვენი ცნობებით", ბაიდენი იუსტიციის სამინისტროს უბრძანებს, რომ ტრამპის სისხლისსამართებლივი დევნა ორ საქმეზე შეწყვიტონ. ჯერჯერობით, ამის საჯარო ნიშანი არ არსებობს", - წერს გამოცემა. ამასთან, გამოცემასთან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ ის ჯო ბაიდენისგან სატელეფონო ზარს აფასებს, რაც მისი თქმით „კარგი და ძალიან კარგია".
ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ბაიდენსა და მას შორის ამიერიდან უფრო ცივილური კამპანია იქნება, თუმცა ტრამპს დეტალებზე არ უსაუბრია. ასევე ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი გადარჩენა იღბლის და ღვთის წყალობით მოხდა, რადგან მისი გადარჩენა სასწაული იყო.
ინტერვიუში მან იმ ფოტოზე ისაუბრა, რომელიც პენსილვანიაში, მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ არის აღებული, სადაც მას მუშტი აქვს აწეული და ამბობს: „ბრძოლა!".
„ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ეს ყველაზე საკულტო ფოტოა რაც კი ოდესმე უნახავთ. ისინი მართლები არიან და მე არ მოვკვდი. ჩვეულებრივ უნდა მოკვდე, რომ საკულტო სურათი გქონდეს", - აღნიშნა ტრამპმა. მისივე თქმით, სროლის შემდეგ საუბრის გაგრძელება სურდა, მაგრამ საიდუმლო სამსახურმა დაჟინებით მოსთხოვა, რომ საავადმყოფოში წასულიყო.
New York Post ასევე წერს, რომ ტრამპს დიდი თეთრი სახვევი ჰქონდა, რომელიც ყურს უფარავდა და გამოცემას ინტერვიუს დროს ფოტოების გადაღების უფლება არ მისცეს.
ვახტანგ მაისაის აზრით, აღნიშნული ინციდენტი არჩევნებზე აუცილებლად იმოქმედებს და ტრამპს სულ მცირე 5-10% ამომრჩევლების რაოდენობა მოემატება.
„არა მგონია ამ ინციდენტს გლობალურ სტაბილურობაზე რაიმე გავლენა ჰქონდეს, მაგრამ შესაძლოა ამერიკაში პოლიტიკური რადიკალიზმის სახე მიიღოს. მეორე, რაც ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არის ის, რომ ტრამპს უკვე დიდი უპირატესობა აქვს და მისი გაპრეზიდენტების შანსმაც მოიმატა.
„მესამე, საინტერესოა გამოძიება რამდენად დაადგენს ამ თავდასხმაში გარე ძალების ჩართულობის ფაქტორს, რაც ძალიან წააგავს ჯონ კენედის მკვლელობის ტექნოლოგიას, ფაქტობრივად, იქაც იგივე სქემა იყო გამოყენებული. ტრამპმა თვითონ მოახერხა საკუთარი თავის დაცვა და აქ გამოჩნდა, რომ შიდა უსაფრთხოების მუშაობა აბსოლიტურად ნული დონეზეა.
„აქ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება, მაგალითად, რა აუცილებელი იყო ამ პიროვნების ლიკვიდაცია, როცა შეიძლებოდა ამ სნაიპერის იარაღის მწყობრიდან გამოყვანა, რადგან გამოყენებული იყო ამერიკული ტიპის სნაიპერული შაშხანა, ეს არის საკმაოდ სუსტი ლაზრული დამიზნების სისტემა. ასევე საინტერესოა ასეთი მსროლელი როგორ გამოეპარათ, რომელმაც 130 მეტრიდან განახორციელა თავდასხმა. ეს იგივეა, როდესაც პიროვნება პირდაპირ შენობაში შეიარაღებული შევა და ისე განახორციელებს სროლას. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი კითხვები რჩება.
„ეს შემთხვევა არჩევნებზე აუცილებლად იქონიებს გავლენას, სულ მცირე 5-10%-ით გაიზრდება ტრამპის მომხრეთა რაოდენობა და შესაბამისად ტრამპის წინასაარჩევნო შტაბი ამ ინციდენტს თავისი სპეციფიკური ინტერესებიდან გამომდინარე გამოიყენებს",-ამბობს მაისაია.
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს, მაგრამ პოლიტიკურ ლიდერებზე თავდასხმები დემოკრატიულ ქვეყნებში ხშირად ხდებოდა, ამიტომ ეს რაღაც სერიოზულ სახეს არ მიიღებს.
„ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს, მაგრამ ეს არაა პოლიტიკურ ლიდერზე თავდასხმის პირველი შემთხვევა. ბევრი ასეთი სხვა ინციდენტებიც ყოფილა, მათ შორის დემოკრატიულ ქვეყნებში.
„მაგალითად, ამერიკის ყოფილ პრეზიდენტზე რონალდ რეიგანზე, შვედეთის ყოფილ პრემიერზე ულოფ პალმეზე, რომელიც დაიღუპა და ასევე, რამდენიმე წლის წინ ნიდერლანდებში ერთ-ერთი ულტრამემარჯვენე ლიდერზე განხორციელდა თავდასხმა.
„შეიძლება ითქვას, რომ ეს სიახლე არ არის. მოსალოდნელია, რომ გარკვეულ ინციდენტებს ადგილი ჰქონდეს, თუმცა, მეორე მხრივ, ეს თავდასხმები უსაფრთხოების სამსახურებს უფრო მეტი ყურადღებისკენ და მობილიზებისკენ მოუწოდებს, რომ მათ კონკრეტული სტრატეგიები შეცვალონ და პოლიტიკური მოღვაწეები, ბიზნესმენები და სხვა რიგითი მოქალაქეები დაიცვან", - აღნიშნავს ჩიტაძე.
როგორც ჩიტაძე ამბობს, შესაძლოა ახლა ბაიდენსა და ტრამპს შორის ურთიერთობამ უფრო ცივილური სახე მიიღოს იმის მიუხედავად, რომ წინასაარჩევნო პერიოდი სულ დაძაბულია. ის ამას არჩევნებში გავლენის მოხდენას გამორიცხავს, რადგან „დემოკრატებსაც" და „რესპუბლიკელებსაც" თავისი სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს.
„არის იმის შესაძლებლობა, რომ ბაიდენისა და ტრამპის ურთიერთობამ უფრო ცივილური სახე მიიღოს, რადგან ამერიკა მაღალი დემოკრატიული კულტური მქონდე ქვეყანაა. მართალია, ჩვენ გვახსოვს წინა არჩევნები, სადაც ბაიდენმა გაიმარჯვა და დიდი დაძაბულობა იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ტრამპმა დამარცხება აღიარა. ზოგადად წინასაარჩევნო კამპანიას დაძაბულობა მოსდევს, თუმცა ასეა თუ ისე, დამარცხებული მხარე გამარჯვებულს ულოცავს. თუ თავის დროზე რაღაც დაძაბულობა შეიქმნებოდა, ამას ტრამპი უწყობდა ხელს.
„არა მგონია ამ ინციდენტმა არჩევნებზე რაიმე შედეგი იქონიოს, რადგან, როგორც „დემოკრატებს", ასევე „რესპუბლიკელებს" თავიანთი სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს, მითუმეტეს ჯერ არჩევნები შორსაა. თან იქ მარტო მოსახლეობა არ წყვეტს, 537 წევრისგან შემდგარი ე.წ. საარჩევნო საბჭოა, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს.
„აქედან გამომდინარე, მე პირადად მგონია, რომ საბოლოო ჯამში ტრამპზე თავდასხმა არჩევნებზე გავლენას არ მოახდენს. შესაძლოა, ამას რაღაც მოჰყვეს, თუმცა არ იქნება ისეთი რამე, რაც შედეგებზე იმოქმედებს.
„გამორიცხული არაა ვიღაცას აზრი შეეცვალოს ტრამპის საწინააღმდეგოდ, ან პირიქით. შეიძლება ვიღაცამ ისიც იფიქროს, რომ ეს ტრამპის მოწყობილია, რადგან რეკლამა გაიკეთოს. იქნებიან ისეთები, რომლებიც იფიქრებენ, რომ ხელისუფლებას ტრამპის ეშინია და ებრძვის, სხვადასხვა მოსაზრებები აუცილებლად იქნება, მაგრამ რადიკალური ცვლილება მოსალოდნელი არაა", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".