ნატალია ჯვარიძე
16.07.2024

მედიამ უნგრეთის პრემიერის ვიქტორ ორბანის მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისთვის გაგზავნილი წერილი მოიპოვა, რომლის მიხედვითაც, ორბანი ევროკავშირს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისკენ მოუწოდებს. რისი მიღწევა სურს ორბანს და ექნება თუ არა გავლენა მის მოწოდებას ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთის მიმართ.

გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, ორბანმა „სამშვიდობო ტურის" შემდეგ უკრაინის, რუსეთის, ჩინეთის, თურქეთის ლიდერებთან და ამერიკის ყოფილ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს „მოკლე შეფასების" სახით წერილი მისწერა და თან „გასახილველად რამდენიმე წინადადება" დაურთო.

წერილში უნგრეთის პრემიერი შარლ მიშელს „მშვიდობის კონფერენციის" შესახებ ჩინეთთან მოლაპარაკებების დაწყებისკენ, რუსეთთან დიპლომატიური ურიერთობების აღდგენისკენ და გლობალური სამხრეთის ქვეყნების წინააღმდეგ, რომელთანაც „უკრაინაში ომის მიმართ ჩვენი პოზიციის გამო პატივისცემა დავკარგეთ" „პოლიტიკური თავდასხმის" დაწყებისკენ მოუწოდებს.

ასევე, ვიქტორ ორბანი აღნიშნავს, რომ უკრაინაში „სამხედრო კონფლიქტის ინტენსივობა უახლოეს მომავალში რადიკალურად გაიზრდება".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორისა და ანალიტიკოსის ნიკა ჩიტაძის აზრით, ვიქტორ ორბანი თანამდებობას იყენებს იმისათვის, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის შუამავლის როლი ითამაშოს, თითქოს მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას ცდილობს. მისივე თქმით, მის მოწოდებას არავითარი გავლენა არ ექნება და ამას ადასტურებს ორბანის მიერ ორგანიზებულ არაფორმალურ შეხვედრებზე კომისრების არ გაგზავნა.

"იქიდან გამომდინარე, რომ უნგრეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა, უნგრეთი ცდილობს, რომ როგორმე რუსეთსა და დასავლეთს შორის შუამავლის როლი ითამაშოს. ასევე, ის აღნიშნული გზით საკუთარი რეიტინგის აწევაზეც ფიქრობს, რომ თითქოს ის საერთაშორისო მშვიდობის მიღწევას ცდილობს, თუმცა, ამას ევროკავშირის მხრიდან დადებითი რეაქცია არ მოჰყვება, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ევროკომისია მის მიერ ორგანიზებულ არაფორმალურ შეხვედრებზე კომისრებს არ აგზავნის", - აღნიშნავს ჩიტაძე.

როგორც ჩიტაძე აღნიშნავს, რუსეთი თავის ქმედებებს გააგრძელებს და შესაბამისად, ევროკავშირიც დათმობაზე არ წავა. მისივე აზრით, ორბანმა ეს იცის, თუმცა, მას საკუთარი ინტერესები ამოძრავებს.

„ბუნებრივია, რუსეთი თავის აგრესიულ ქმედებებს უკრაინაში არ შეწყვეტს, თავისთავად ევროკავშირიც არანაირ დათმობაზე არ წავა. წლების განმავლობაში დასავლური სამყარო, მათ შორის ევროკავშირიც ცდილობდნენ კომპრომისზე წასვლას, რაც არ მოხდა. ახლა კი, აღნიშნულს თვითონ ორბანი ცდილობს. პრინციპში, მან ძალიან კარგად იცის, რომ ევროკავშირი უარს იტყვის, თუმცა, მას მშვიდობის დამცველად და საერთაშორისო წესრიგის დამმყარებლად წარმოჩენა სურს და ფაქტია, რომ დიდი ყურადღების ქვეშ მოექცა", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სამხედრო ანალიტიკოსის ვახტანგ მაისაიას აზრით კი, ვინაიდან უნგრეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა, მის მოწოდებას გავლენა რუსეთის მიმართ აუცილებლად ექნება. როგორც მან აღნიშნა, ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ახალი ცენტრები შეიქმნება: უნგრეთი-სლოვაკეთი-აშშ.

„უნგრეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, შესაბამისად ორბანის მოწოდებას გავლენა ყველა ვარიანტში ექნება. მართალია ევროკავშირს ბრიუსელის ბიუროკრატიასთან დაპირისპირება ექნება, თან ახლა ახალი არჩევნების დროს ესტონეთის ყოფილი პრემიერი კაია კალასი მოდის. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი ახალ თანამდებობას იკავებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში კომისარი იქნება, რომელიც ნაკლებად გამოირჩევა ანტირუსული სენტიმენტებით.

„ამიტომ აქ ცოტა რთულია, როგორი სიტუაცია იქნება. ორბანი ამერიკის ექსპტრეზიდენტ დონალდ ტრამპზე მუშაობს. ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, როგორ ჩანს ახალი ცენტრები შეიქმენება: ბუდაპეშტი და ვაშინგტონი, შესაძლოა ამას ბრატისლავაც მიემატოს. ამ კონტექსტში დაიწყება ახალი გეოპოლიტიკური თამაშები.

„ტრამპმა აირჩია ნეოკონსერვატორი, ოჰაიოს შტატის გუბერნატორი, რომელსაც ცოტა ანტიუკრანული სენტიმენტები გააჩნია, ანუ ტრამპმა თავისი პოლიტიკური ორიენტაცია უკვე აირჩია, თუმცა, თუ მან გაიმარჯვა რას იზამს არავინ არ იცის.

„ადრე სანამ გაპრეზიდენტდებოდა ერთს ამბობდა, მერე კი სხვა რაღაცას აკეთებდა, მაგრამ, მაშინ უკრაინის ომიც არ იყო. ახლა კი ამ ომის გათვალისწინებით, ახალი ტიპის გეოპოლიტიკური ალიანსი შეიქმნება, სადაც უნგრეთი, სლოვაკეთი და ამერიკა იქნება (ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში)", - აცხადებს ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×