გამოკითხვებითაც რიგითი დემოკრატების 2/3-ს მოქმედი პრეზიდენტის სხვა კანდიდატით ჩანაცვლება სურს
ნატალია ჯვარიძე
18.07.2024

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა, დემოკრატიულმა პარტიამ განაახლა მისი დარწმუნების მცდელობა, რომ ნებაყოფლობით თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, წერს ამერიკული „ასოშიეითედ პრესი".

ამას წინ უძღვოდა ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპზე განხორციელებული უშედეგო თავდასხმა, რამაც, ყველა მიმომხილველის მტკიცებით, მას ხმები შესძინა და სატელევიზიო დებატები, რომელშიც ბაიდენი აშკარად დამარცხდა, იმდენად აშკარად, რომ ეს მისმა უახლოესმა მოკავშირეებმაც კი აღიარეს. სწორედ მაშინ დაიწყეს საუბრები კანდიდატის შეცვლაზე, მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვან არჩევნებამდე სულ რაღაც ოთხიოდე თვეა დარჩენილი.

ბაიდენი ჯერჯერობით უკან არ იხევს და დარწმუნებულია, რომ ისევ დაამარცხებს ტრამპს, როგორც ოთხი წლის წინ გააკეთა. მიუხედავად ამისა, დემოკრატიული პარტიის ლიდერები შიდა საუბრებში არ მალავენ შეშფოთებს და ზოგიერთი იმედოვნებს, რომ კოვივიდ-კარანტინის დროს პრეზიდენტი საკუთარ პოზიციას გადახედავს.

გასულ კვირაში სენატის უმრავლესობისა და კონგრესის დემოკრატების ლიდერები ჩაკ შუმერი და ჰაკიმ ჯეფრისი პირადად ესაუბრნენ პრეზიდენტს და ამ საკითხის ირგვლივ საკუთარი შეშფოთება გაუზიარეს.

რამდენიმე დღის წინ ბაიდენს დემოკრატიული პარტიის კიდევ ერთი თვალსაჩინო წევრი, კონგრესმენი სუზან დელბენი შეხვდა და საზოგადოებრივი აზრის კვლევების უახლესი შედეგები გააცნო, რაც მოქმედი პრეზიდენტისთვის პოზიტიური სულაც არ არის.

ოთხშაბათს კი, კონგრესმენმა კალიფორნიიდან, ადამ შიფმა, რომელიც სპიკერ ნენსი პელოსის უახლოესი მოკავშირეა, საჯაროდ მიუწოდა ბაიდენს, რომ დროა „ესტაფეტა სხვას გადასცეს."

დემოკრატების რიგებში შეშფოთებას ის გარემოებაც ასხავს ნავთს, რომ პარტიის დიდ შეკრებამდე, რომელმაც ოფიციალურად უნდა წარადგინოს საპრეზიდენტო კანდიდატი, ლამის ხელზე ჩამოსათვლელი დღეებია დარჩენელი. თუ ბაიდენი უკან არ დაიხევს და საპრეზიდენტი სავარძლისთვის ბრძოლას განაგრძობს, ეს უკვე აგვისტოში მოხდება.

სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ, ბოლო გამოკითხვებით, დემოკრატების მომხრეთა 2/3 ბაიდენის სხვა კანდიდატით ჩანაცვლების მომხრეა.

ვინ შეიძლება დასახელდეს ბაიდენის ნაცვლად, თუ საბოლოოდ მისი დაყოლიება მოხერხდა? ამაზე ბევრი ვერსია ვრცელდება. პირველ რიგში განიხილება ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის კანდიდატურა, მას მოსდევენ კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი, მიჩიგანის გუბერნატორი გრეტხენ უიტმერი, ილინოისის გუბერნატორი ჯეი-ბი პრიცკერი, პენსილვანიის გუბერნატორი ჯოშ შაპირო, ტრანსპორტის მდივანი პიტ ბუტიჯიჯი და სხვები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×