ნატალია ჯვარიძე
21.07.2024

რუსებმა დონეცკის ოლქში, ბახმუტის სიახლოვეს, კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი დაიკავეს. „დიფსთეითის" ანალიტიკოსებმა გამოაქვეყნეს საბრძოლო მოქმედებების ახალი რუკა, რომელიც აჩვენებს, რომ რუსები ინიციატივას ფლობენ და ცდილობენ წინსვლას ორი მიმართულებით. რა სიტუაციაა ბრძოლის ველზე და ვის აქვს უპირატესობა? სამხედრო ანალიტიკოსის ვახტანგ კაპანაძის შეფასებით, რუს სამხედროებს ძირითადი მიმართულება პოკროვსკზე აქვთ, სადაც დიდ ძალისხმევას ახდენენ, თუმცა მნიშვნელოვან წინსვლას ვერ ახერხებენ.

„დიახ, ინიციატივა მათ მხარეს არის, მაგრამ ეს ლოკალურია. 3 თვის განმავლობაში 3 კილომეტრი გაიარეს, ეს ძალიან ნელი ტემპია. არის ერთი ვერსიაც, რომ უკრაინელემა ერთი დასხლებული პუნქტი გაანთავისუფლეს. ეს დასახლებული პუნქტები ძალიან პირობითია, ერთმანეთზეა გადაბმული. ბახმუტის დაპყრობის შემდეგ რუსებმა ვერც ერთი დიდი ქალაქი ვერ აიღეს," - აღნიშნავს კაპანაძე.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსი სამხედროები სოფელ რაზდოლოვკაში შევიდნენ და სოფელ პროგრესშიც შეძლეს წინსვლა, რომელიც დონეცკის რეგიონის პოკროვსკის რაიონში მდებარეობს.

კაპანაძის თქმით, რუსების დანაკარგი საკმაოდ მაღალია, უკრაინელების შესაძლებლობები კი მნიშვნელოვნად გაზრდილია.

„ვერ გეტყვით, რომ ახლა იქ რაღაც მნიშვნელოვანი გარდატეხა ხდება. მუდმივი ტაქტიკური დონის შეტევები და კონტრშეტევები მიმდინარეობს. რუსების დანაკარგი საკმაოდ მაღალია. რა თქმა უნდა, უკრაინელებსაც აქვთ მსხვერპლი, მაგრამ უკრაინა დაცვაშია. მათი საბრძოლო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც დახმარება მიიღეს. ამ ეტაპზე ბრძოლის ხაზზე დიდი ცვლილებები არ არის", - აცხადებს ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან".

ასევე, უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი პოპკოზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ კიევისკენ გაშვებული ყველა უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. პოპკოს ცნობით, ორი კვირის განმავლობაში მტრის მხრიდან დედაქალაქზე თავდასხმის სულ მცირე მეხუთე რეალური მცდელობა იყო.

„რუსების მიერ დრონებით სისტემატური შეტევები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დამპყრობელი აქტიურად ეძებს შესაძლებლობას დაარტყას კიევს. ის ცდის ახალ ტაქტიკას, ეძებს დედაქალაქისკენ მიმავალ მარშრუტებს, ცდილობს გამოამჟღავნოს ჩვენი საჰაერო თავდაცვის მდებარეობა. ამიტომ, კიევის მოსახლეობამ არ უნდა დაივიწყოს საფრთხის შესახებ. ნუ უგულებელყოფთ გაფრთხილებებს! საჰაერო განგაშის გამოცხადებისას ყოველთვის გაემართეთ თავშესაფრებისკენ", - აღნიშნა პოპკომ.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის ძალების საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა წუხელ უკრაინის ტერიტორიას „ისკანდერ-მ" ტიპის სამი ბალისტიკური რაკეტით, იქს-59 ტიპის ორი მართვადი რაკეტითა და „შაჰედის" ტიპის 39 დრონი შეუტიეს, აქედან 35 დრონი უკრაინელებმა ჩამოაგდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×