
რუსეთის უკრაინაზე დარტყმების პარალელურად, ფრონტის ხაზზე შეტაკებები არ წყდება და სიტუაცია რთულია. მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ ხერსონის ოლქში, უკრაინის სამხედრო შტაბთან მდებარე სოფელი კრინკის მიმდებარედ წარმოებული ბრძოლებისას უგზო-უკვლოდ 800 უკრაინელი ჯარისკაცი დაიკარგა. მედია, ამ ინფორმაციის გავრცელებისას, უკრაინის პოლიციას ეყრდნობა.
ასევე ცნობილი ხდება, რომ დონეცკში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა რამდენიმე მიმართულებით წინ წაწევა და ოლქში მდებარე ერთი სოფლის დაკავება შეძლეს.
ომში მყოფი ქვეყნის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რუსეთმა სუმის ოლქში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე საავიაციო შეტევა განახორციელა. დაიბომბა ენერგოობიექტები.
ომის დაწყებიდან დღემდე ქვეყნის საზღვრისპირა რეგიონებიდან 2 800 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, წერს უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
ამის პარალრლურად კი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი კვლავ პარტნიორების მხარდაჭერასა და სარაკეტო სისტემების გადაცემას ითხოვს. პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპთან გამართა.
რა ნაბიჯებს შეუძლია გახადოს მშვიდობა სამართლიანი და ხანგრძლივი - ზელენსკის განცხადებით, მან ტრამპისგან პირობა მიიღო, რომ პირისპირ შეხვედრაზე სწორედ ეს იქნებოდა მთავარი განსახილველი საკითხი. უკრაინის პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ შტატების ორპარტიულ და ორპალატიან მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
სატელეფონო საუბრის შემდეგ, განცხადება გაავრცელა დონალდ ტრამპმაც. პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მშვიდობის მთავარი გარანტი იქნება.
სატელეფონო საუბარს სოციალური ქსელითვე გამოეხმაურა დონალდ ტრამპიც. "მე, როგორც შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტი, მოვიტან მშვიდობასა და ბოლოს მოვუღებ ომს, რომელმაც შეიწირა ბევრი სიცოცხლე და დაანგრია ურიცხვი უდანაშაულო ოჯახი." - დაწერა ტრამპმა.
უკრაინა ცდილობს გადაარჩინოს თავისი მოქალაქეები, მაგრამ ეს არ ნიშნავს მის მზადყოფნას, თავისი ტერიტორიის მესამედი აგრესორს დაუთმოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენთვის, წაგება ნიშნავს ჩვენი ქვეყნის დაკარგვას. ვიღაც ამბობს: რა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი - ტერიტორია თუ ხალხი? როგორ შეიძლება ასე შედარება? ხალხი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია მათ [რუსებს] ჩვენი მიწის 30% ვაჩუქოთ", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, აგრესორთან კონფლიქტის გაყინვა ომიდან კარგი გამოსავალი არ არის.
"ვინ გითხრა რომ უფრო შორს არ წავლენ? ვინ თქვა, რომ გაყინული კონფლიქტი იმუშავებს? ის უკვე გაყინული იყო. ვინ თქვა, რომ პუტინს არ სურს ჩვენი განადგურება? მას სურს ეს. მას უბრალოდ სურს, რომ საბჭოთა კავშირი კვლავ დაბრუნდეს", - აღნიშნა ზელენსკიმ.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევა მოხდება. „ბაიდენი მორჩა. ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევა მოხდება“, - წერს მედვედევი „ტელეგრამზე“.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ - მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ რუსებისთვის მთავარი მიმართულება ახლა პოკროვსკია, თუმცა, ვოვჩანსკსა და ზაპოროჟიეს რაიონშიც წინ წაწევას ცდილობენ. მიუხედავად ამისა, გენერალი მიიჩნევს, რომ რუსებს წინ მაინც დიდი წინსვლა არა აქვთ.
„მართალია რაღაცა მიმართულებებზე რუსები წინ წაწევას ციდლობენ, მაგრამ მაინც ხელშესახები არაფერი აქვთ. ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებაზე - პოკროვსკიზე რუსებმა მთელი სამი თვის განმავლობაში მხოლოდ სამ კილომეტრზე წაიწია, ანუ თვეში მხოლოდ ერთი კილომეტრით.
„ეს ის ტემპი არ არის, რაც თანამედროვე ტიპის შეიარაღებულ ძალებს შეეფერებათ მსგავსი ამოცანების შესასრულებლად, როგორც წესი, 4-6 დღე საკმარისია. ვრცელდება ინფორმაციები მედიაში, რომ პატარა დასახლებების კვლავ დაკავება დაიწყეს. თუმცა მათ სამხედრო ან პოლიტიკური თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა და ღირებულება არა აქვთ. ზოგი რუკაზეც კი არ არის აღნიშნული. დანაკარგი, რა თქმა უნდა, უკრაინელებსაც აქვთ, მაგრამ რუსების დანაკარგთან ახლოსაც ვერ მივა. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ რუსებს რაიმე უკეთესი და ხელშესახები უჭირავთ ხელში”,-ამბობს გენერალი.
რაც შეეხება იმას რა შეიძლება უკრაინის ომთან დაკავშირებით შეიცვალოს, გენერალი ამბობს, რომ ბევრი რამ პოლიტიკურ პროცესებზე და მათ განვითარებაზე იქნება დამოკიდებული.
„ძალიან რთულია იმაზე საუბარი რა და როგორ იქნება. ფაქტია, რომ ბევრი რამ მხოლოდ პოლიტიკურ მოვლენებზე და მათ განვითარებაზეა დამოკიდებული. ბოლოს 2 ნახევარი მილიარდი დოლარის საბრძოლო აღჭურვილობის მიწოდება გადაწყდა უკრაინული არმიისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ფაქტობრივად, კონფლიქტი ხანგრძლივი ომისა და გამოფიტვის ფაზაშია გადასული. ასევე რუსეთი ცდილობს დახმარება, ჩრდილო კორეიდან, ჩინეთიდან, ირანიდან მიიღოს. ამიტომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია, ვინ როგორ შეძლებს დაკარგული რესურსების შევსებას“,- ამბობს გენერალი.
რაც შეეხება დონალდ ტრამპის სიტყვას, რომ რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს, გენერალი მიიჩნევს, რომ ერთია წინასაარჩევნო განცხადებები, ხოლო მეორე გაკეთებული პრეზიდენტის რანგში.
მისი თქმით, უკრაინის დათმობა რუსეთისთვის ამერიკის სამხედრო სტრატეგიულ ინტერესებში არ შედის. შესაბამისად, ტრამპი თუ უკრაინას და რუსეთს მოახერხებს და მოლაპარაკების მაგიდასთან დასვამს, მაშინ საუბარი არა ომის დასრულებაზე, არამედ ცეცხლის შეწყვეტაზე იქნება. ასევე გენერალი არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის სასარგებლოდ უკრაინას მიწების დათმობას მოსთხოვს.