ნატალია ჯვარიძე
23.07.2024

დემოკრატების კანდიდატის კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენელის, კევინ მუსიონის განცხადებით, ჰარისმა ბოლო 24 საათის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის, 81 მილიონი დოლარი შეაგროვა. მათივე ცნობით, შემოწირულობა 888 000 დონორმა გაიღო და აღნიშნული თანხა ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი მაჩვენებლია, რომლის შეგროვებაც საარჩევნო კამპანიამ ამ დროში შეძლო. ახლა არჩევნების მთავარი ინტრიგაა - შანსი აქვს კამალა ჰარისს დონალდ ტრამპთან.

ანალიტიკოსების აზრი ორად იყოფა, ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ კამალა ჰარისის შანსები გაიზარდა. მათივე თქმით, მის გამარჯვებაზე ბევრი ფაქტორი იმოქმედებს, მათ შორის მისი გამოცდილება, ავტორიტეტი და ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ის ქალბატონია, ამერიკელების უმრავლესობა ქალია და გამორიცხული არაა ამ ფაქტორმაც იმოქმედოს.

მეორე მხარის თქმით კი, ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიისთვის 2 წელი ემზადებოდა, ჰარისისთვის კი ეს მოულოდნელი იყო და ახლა მოკლე დროში მოუწევთ პირველხარისხოვან ფიგურად გადაქცევა, რაც ძალიან რთულია. როგორც ისინი აღნიშნავენ, სოციოლოგიური კვლევებზე დაყრდნობით, ტრამპი ლიდერობს.

ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის აზრით, დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის აშკარა და დიდი უპირატესობა არცერთს არ აქვს, თუმცა, მას შემდეგ, რაც ჰარისმა ბაიდენის ადგილი დაიკავა, დემოკრატების შანსები გაიზარდა.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში მისი და ტრამპის დებატების შემდეგ, ნაკლები შანსები იყო და პოტენციურმა დონორებმა თანხის გამოყოფაზე უარი თქვეს.

„ახლა შეიძლება ითქვას, რომ დემოკრატების შანსები გაიზარდა, თუმცა, საკმაოდ დაძაბული ბრძოლა იქნება. უნდა ითქვას ისიც, რომ ხან დემოკრატები იმარჯვებდნენ, ხან რესპუბლიკელები რაღაც აშკარა უპირატესობა არცერთს არ ჰქონდა და დღესაც არ აქვს. 2016 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, დაახლოებით 500 ათასზე ხმით მეტი ჰილარი კლინტონმა მოაგროვა, მაშინ უბრალოდ საბჭომ უპირატესობა ტრამპს მიანიჭა.

„ფაქტია, რომ რაც ბაიდენმა უარი თქვა საპრეზიდენტო კანდიდატურაზე და კამალა ჰარისმა დაიკავა მისი ადგილი - დემოკრატების შანსი აშკარად გაიზარდა. მითუმეტეს, ის ქალბატონია, ამერიკაში და საერთოდ დემოკრატიულ ქვეყნებში ქალების რაოდენობ აჭარბობს, შესაძლოა ჰარისის სასარგებლოდ ამ ფაქტორმაც იმოქმედოს.

„პირველი პრეცედენტი იყო, როდესაც ამერიკას პირველი ვიცე-პრეზიდენტი ქალი ჰყავდა და გამორიცხული არაა პირველი პრეზიდენტიც ის გახდეს. ჰარისი საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსია, სპეციალობით იურისტია და მის პოლიტიკურ სიძლიერეზე ალბათ მეტყველებს ის ფაქტი, რომ მან შეძლო კალიფორნიის შტატიდან სენატში მოხვედრა, მოგეხსენებათ კალიფორნია მოსახლეობის რაოდენობით ამერიკაში პირველ ადგილზეა და არც ისე მარტივია", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით კი, მნიშვნელოვანია ვინ იქნება ვიცე-პრეზიდენტი, რადგან ამერიკელები ამას უყურებენ. როგორც მან აღნიშნა, ჰარისს ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული, მათ შორის სამხრეთ საზღვრის დაცვაზე პასუხისმგებლობის მოხსნა. მისივე თქმით, ტრამპს უფრო მეტი შანსი აქვს.

„საწყისი ეტაპიდან ჩანს, რომ ტრამპი კამალა ჰარისს რამდენიმე პროცენტით უსწრებს, ზოგიერთი ამერიკული სოციოლოგიური გამოკითხვიდან გამომდინარე ასეა, მათ შორის ევროპული გამოკითხვების თანახმადაც.

„აქ მნიშვნელოვანი იქნება ჰარისი ვის დააყენებს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად, თუმცა, როგორც ამერიკელი პოლიტიკური ანალიტიკური ცენტრები ამბობენ, მათ არჩევანი მაინც და მაინც სახარბიელო არ აქვთ. ძირითადად მოიაზრებიან სხვადასხვა გუბერნატორები.

„მას ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს იმიტომ რომ, ამერიკელი ამომრჩეველი ზოგადად ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს უყურებს. ტრამპს უკვე გაკეთებული აქვს არჩევანი და ეს მისაღებია მემარჯვენეებისა და კონსერვატორი ძალებისთვის.

„უნდა ითქვას, რომ იმაზე მეტი ულტრამემარჯვენეა, ვიდრე თავად ტრამპი და ეს ამერიკის გარკვეულ წრეებში მოსწონთ. ამ ყველაფერში იკვეთება ის, რომ კიდევ უფრო დაიძაბება საარჩევნო კამპანია, რასაკვირველია, იქნება პოლარიზაციის არნახული მასშტაბი, ურთიერთბრალდებები და ა.შ. თუმცა, თავად დონალდ ტრამპი თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს და ამბობს, რომ მას პაექრობაში ჰარისი ნამდვილად ურჩევნია.

„არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ რამდენიმე კვირის წინ ვითომ გაჟონა მობილური ტელეფონით ჩაწერილმა ვიდეომასალამ, სადაც ტრამპი გოლფის მოედანზე ახლო გარემოცვას ელაპარაკება და ამბობს, რომ ბაიდენი საარჩევნო რბოლიდან გავა და კამალა ჰარისი იქნება, ეს წინასწარი პროგნოზი იყო და გამართლდა, თუ დემოკრატებისგან შიდა კულვარული ინფორმაცია იცოდა, ნამდვილად პასუხგაუცემელია.

„თუმცაღა, კამალა ჰარისს ძალიან ბევრ პრობლემაზე პასუხის გაცემა მოუწევს. პირველ რიგში, ორივე ფლანგისთვის მნიშვნელოვანია სამხრეთ საზღვარი, რომლის დაცვაზე ჰარისი იყო პასუხისმგებელი, მაგრამ როგორც ამერიკული წყაროები ამბობს, მან ამაზე არ იზრუნა.

„მას და მის გუნდს ასევე მოუწევს ჩამოაყალიბოს პრიორიტეტები, როგორი იქნება საგარეო და საშინაო პოლიტიკა, როგორ გაგრძელდება ამერიკის დამოკიდებულება უკრაინასთან მიმართებაში, ასევე ტაივანისა და ჩინეთის დაპირისპირებაში.

„მოკლედ, ნუსხა დიდია, თუმცა, ამავე დროს არ დაგვავიწყდეს, რომ რესპუბიკელები თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ, იქიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო ტიპოლოგიურად ტრამპმა და მისმა გუნდმა ორი წელია დაიწყეს კამპანია და მას უფრო დიდი ხანი, ანუ მთელი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ასრულებდა ჯო ბაიდენი.

„ძირათადად ასეა ხოლმე პრეზიდენტები პირველ ვადაში მომდევნო ვადისთვის ემზადებიან. კამალა ჰარისი ამისთვის არ ემზადებოდა, მან იცოდა, რომ გარანტირებულად იქნებოდა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი და საარჩევნო კამპანიაში მეორეხარისხოვან როლს ასრულებდა, ახლა კი, ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა.

„ასე რომ, 5 ნოემბრამდე ძალიან ცოტა დროა და დემოკრატების პიარტექნოლოგებს დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ, რომ ჰარისი პირველხარისხოვან ოლიტიკურ ფიგურად წარმოაჩინონ.

„დაველოდოთ შემდგომ კვლევებს, ამ კვლევებით დაინტერესებულია მთელი მსოფლიო, საქართველოსგან განსხვავებით, იქ სოციოლოგიური კვლევები ხშირ შემთხვევაში საარჩევნო შედეგებს ემთხვევა, რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არის. ვერც მე და ვერც ვერავინ ვერ იტყვის ვის აქვს რეალური შანსი, მაგრამ კვლევებზე დაყრდნობით უნდა ითქვას, რომ ტრამპი ამ საარჩევნო რბოლაში ივნისის მონაცემებით ლიდერობს", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×