
საპრეზიდენტო რბოლიდან ჯო ბაიდენის ჩამოცილება და დონალდ ტრამპზე წარუმატებელი თავდასხმა შეიძლება სულაც არ იყოს დემოკრატების დამარცხების წინაპირობა. ყოველ შემთხვევაში, მედიაში გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევების თანახმად, არჩევნებში ტრამპს გამარჯვება გარანტირებული არა აქვს და მეტიც, ზოგიერთი კვლევა უპირატესობას ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს ანიჭებს. ახლა ბევრი რამ ორ კანდიდატს შორის დებატებზე იქნება დამოკიდებული, რომელიც 10 სექტემბრისთვისაა ჩანიშნული. თუმცა პრობლემა ის არის, რომ ჰარისი ჯერ არც არის დემოკრატების ოფიციალური კანდიდატი. ეს უკანასკნელი აგვისტოში პარტიის დელეგატთა საბჭომ უნდა დაასახელოს.
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ვარაუდობს, რომ ტრამპსა და ჰარისს შორის დაგეგმილ დებატებზე ჰარისი ყურადღებას გაამახვილებს საერთაშორისო მშვიდობაზე და ხალხს აუხსნის თუ რატომ არის საჭირო უკრაინის დახმარება, ხოლო ტრამპი შიდა პოლიტიკაზე ისაუბრებს. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი მიიჩნევს, რომ დებატებში ტრამპი გაიმარჯვებს.
„ჰარისი ნაკლებად გამოდიოდა და პოლიტიკაში თითქმის არც ერეოდა, ამ მხრივ მას გამოცდილება აკლია. ტრამპი პოპუპულისტია და მას ჰარისის დამაცხება შეუძლია. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ტრამპს უფრო მეტი შანსი აქვს".
„იფსოსის" სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ამომრჩევლების 44 პროცენტი უჭერს მხარს, ექსპრეზიდენტს კი - 42 პროცენტი.
ახალი გამოკითხვა 22 და 23 ივლისს ჩატარდა. ჰარისი და ტრამპი 15-16 ივლისის გამოკითხვაში 44 პროცენტით თანაბარ პოზიციებზე იყვნენ, ხოლო ტრამპი 1-2 ივლისის გამოკითხვაში ერთი პროცენტით ლიდერობდა. თუმცა გამოკითხვაში ცდომილება სამი პროცენტული პუნქტის ფარგლებშია.
ექსპრეზიდენტის საარჩევნო კამპანიაში განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპი კამალა ჰარისთან დებატებს არ დათანხმდება, სანამ „დემოკრატები" საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ ოფიციალურად არ შეთანხმდებიან.
„შეთანხმებულ დებატებს დავთანხმდი. ის ამას ადრე დათანხმდა. ახლა, როგორც ჩანს, უკან იხევს", - თქვა ამაზე კამალა ჰარისმა.
„თაღლითი ჯო ბაიდენისა და დემოკრატიული პარტიის ირგვლივ არსებული პოლიტიკური ქაოსის გათვალისწინებით, საარჩევნო დებატების დეტალები ვერ დაზუსტება, სანამ დემოკრატები თავიანთ კანდიდატურას ოფიციალურად არ შეარჩევენ", - განაცხადა დონალდ ტრამპის კომუნიკაციების დირექტორმა, სტივენ ჩენგმა.
ნიკა ჩიტაძის აზრით, კამალა ჰარისს ბევრი უპირატესობა აქვს, რაც საბოლოოდ მის რეიტინგზე დადებითად იმოქმედებს.
„მოსალოდნელია, რომ კამალა ჰარისი ტრამპს უსწრებდეს, რადგან ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოახერხა, რომ უკრაინის მხარდაჭერის შესახებ მოსახლეობის ცნობიერება აემაღლებინა და საერთაშორისო მშვიდობის შესახებ უფრო მეტი ყურადღება გაამახვილა. ტრამპი უფრო შიდა პრობლემების მოგვარებაზე ამახვილებს ყურადღებას, დემოკრატები კი საგარეო პოლიტიკის ასპექტებზე. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ამომრჩევლის უმეტესობა ქალია და გამორიცხული არაა ჰარისის რეიტინგის მომატებაზე ამანაც იმოქმედოს, ვინაიდან ამერიკის ისტორიაში მეორე შემთხვევაა, როცა საპრეზიდენტო არჩევნებში ქალი იყრის კენჭს. ასევე, ის პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი იყო, თან ახალგაზრდააა, ენერგიით აღსავსე და ესეც გარკვეულ როლს ითამაშებს.
„მას შემდეგ, რაც დონორებმა ჰარისისთვის თანხები გამოყვეს, დემოკრატებს მიეცათ მოტივაცია, რომ მისთვის დაეჭირათ მხარი, თუმცა მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ამერიკაში არჩევნები იმართება არაპირადპირი გზით და იქ დელეგატთა საბჭო საბოლოო არჩევანს აკეთებს. 2016 წელს ჰილარი კლინტონმა უფრო მეტი ხმა მიიღო ვიდრე ტრამპმა, მაგრამ მაინც ის გახდა პრეზიდენტი, იმედია ახლაც ასე არ იქნება და ჰარისის სასარგებლოდ გადაწყდება.
„ჰარისი დებატებზე შეეცდება, რომ საგარეო პოლიტიკის ასპექტებზე გაამახვილოს ყურადღება, რომელიც უკრაინის ომს ეხება და სავარაუდოდ, საერთაშორისო უსაფრთხოებაზე ილაპარაკებს. ასევე, მოსახელობას აუხსნის თუ რატომ უნდა დაეხმარონ უკრაინას. ტრამპი კი, მოსახლეობის იმ სეგმენტზე ითამაშებს, რომლებიც უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგია. ტრამპი კიდევ ერთხელ შეახსენებს მაყურებლებს, რომ ის ამ ომს დაასრულებს, რადგან ამერიკელებმა თანხები არ დაკარგოს, ანუ ის უფრო შიდა პოლიტიკურ პრობლემებზე გაამახვილებს ყურადღებას. ამაზე ჰარისიც ისაუბრებს, მაგრამ უფრო საერთაშორისო საკითხებზე", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძე კი აღნიშნულ გამოკითხვას არ ენდობა და ამბობს, რომ ვისაც როგორ უნდა ისე ლაპარაკობს და ცდილობენ კამალა ჰარისის წინ წამოწევას, თუმცა ეს ვერ გამოვა. მიაჩნია, რომ ტრამპი აუცილებლად გაიმარჯვებს და თუ არჩევნები გააყალბეს, ეს ძალიან დიდ არეულობას გამოიწვევს.
„ეს შემთხვევა იმას ჰგავს, ჩვენთან რომ ამერიკული სოციოლოგიური კვლევებით, ლევან ხაბეიშვილი ბიძინა ივანიშვილს უსწრებდა. „მექოთნეს სადაც უნდა, იქ მოაბამს ქოთანს ყურსო". როგორც უნდათ და რაც უნდა იმას იტყვიან. ჯერ ერთი ვინ არის კამალა ჰარისი და მეორე, დემოკრატიული პარტია 13 ივლისის შემდეგ, ნუ იქამდეც ხომ იყვნენ, მაგრამ ახლა უფრო დისკრედიტირებული ძალაა. ამიტომ ახლა მათ უნდათ, რომ რამენაირად ჰარისი წინ წამოწიონ, მაგრამ ეს ვერანაირ შემთხვევაში ვერ გამოვა, რადგან დემოკრატები, ეს ერთ-ერთი ძველი პარტია, იდეოლოგიურად უკვე კვდომას განიცდის. არავის დაავიწყდეს, რომ ზუსტად ანალოგიურად დაიღუპა იმპერიები. მე ისტორიკოსი ვარ და ძალიან კარგად ვიცი, როგორ განადგურდა რომის იმპერია, ასევე უზარმაზარი ცივილიზაციის მქონე ბიზანტია და სხვები. ზუსტად ასე ემართება იმ ძალას, რომელიც დღეს ამერიკის სათავეშია, ოღონდ 5 ნოემბრამდე.
„დონალდ ტრამპის გამარჯვება გარდაუვალია და ვისაც უნდა ისე შეატრიალ-შემოატრიალონ ეს. დავუშვათ ტრამპს გაუყალბეს და ვერ გავიდა, ეს უდიდეს დაპირისპირებას გამოიწვევს, არა მარტო ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ტრამპის გამარჯვება ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ ამერიკის ევროპელი ვასალები დაიწყებენ პანტა-პუნტით ცვენას, დაწყებული მაკრონიდან, დამთავრებული ოლაფ შოლცამდე", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".