„სიტუაცია საკმაოდ რთულია, თუ ლიბანის სრული ოკუპაცია არ მოხდა, ისე „ჰეზბოლას“ დამარცხებას აზრი არ აქვს“
თამთა ჩაჩანიძე
28.07.2024

დიდი მსხვერპლი მოჰყვა გოლანის მაღლობზე მდებარე ისრაელის მიერ კონტრილირებად ქალაქ მაჯდალ შამსზე საჰაერო თავდასხმას. რაკეტა საფეხბურთო მოედანზე დაეცა და გარდაცვლილები ძირითადად არასრულწლოვნები არიან. ისრაელის ხელისუფლება მომხდარში „ჰეზბოლას" ადანაშაულებს და საპასუხო ზომებით იმუქრება, რასაც ლიბანის შიიტური დაჯგუფება უარყოფს.

კვირას ისრაელის ავიაციამ უკვე დაბომბა სამიზნეები „ლიბანის სიღრმეში", თუმცა ორივე მხრიდან რიტორიკა იმდენად მძიმეა, რომ არ არის გამორიცხული დიდი სახმელეთო ოპერაცია, რაც უკვე ომს ნიშნავს. თუ ეს მოხდა, შეიძლება კონფლიქტის ესკალაცია რეგიონის სხვა ქვეყნებზეც მოხდეს.

ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ „ჰეზბოლა" „მძიმე ფასს გადაიხდის", დასავლეთი კი მომხდარზე საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს და ყველა მხარეს „უკიდურესი თავშეკავებისკენ" მოუწოდებს, რათა შემდგომი ესკალაცია თავიდან იქნას აცილებული. აშშ ისრაელს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

ანალიტიკოსთა შეფასებით, ესაა ბოლო პერიოდის პირველი სერიოზული დარტყმა „ჰეზბოლას" მხრიდან, რომელიც ცდილობს ისრაელი ლიბანთან დაპირისპირებაში ჩაითრიოს. დიდი ალბათობით, ამას ისრაელი საჰაერო დარტყმებით უპასუხებს, თუმცა ჯერჯერობით სამხედრო ინტერვენციისგან თავს შეიკავებს, რადგან ამას შესაძლოა შეუქცევადი შედეგები მოჰყვეს.

გოლანის მაღლობი საერთაშორისო სამართლით სირიას ეკუთვნის, თუმცა ათწლეულებია ისრაელის მიერ არის ოკუპირებული.

თავდასხმა გოლანის სიმაღლეებზე

ისრაელის სამხედრო პირების ცნობით, თავდასხმის შედეგად მსხვერპლი დიდია, ყველა დაღუპული 10-დან 20- წლამდე ასაკისაა, ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 14-მდეა გაზრდილი, 30-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა. დიდი ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურას. ისრაელის თვადაცვის ძალები მომხდარში პასუხისმგებლობას „ჰეზბოლას" აკისრებს.

„ჩვენი დაზვერვა ნათლად აჩვენებს, რომ ჰეზბოლა არის პასუხისმგებელი უდანაშაულო ბავშვების სიკვდილზე",- აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი.

მანამდე „ჰეზბოლამ" განცხადება გაავრცელა, სადაც თავდასხმასთან კავშირი უარყო.

„არანაირი კავშირი არ გვაქვს მომხდართან და კატეგორიულად უარვყოფთ მცდარ ბრალდებებს", - ნათქვამია „ჰეზბოლას" განცხადებაში.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ „ჰეზბოლამ" გადაკვეთა ყველა წითელი ხაზი" და „სრულმასშტაბიან ომს" უახლოვდება.

„შაბათის თავდასხმა „ჰეზბოლას" მიერ ყველა წითელი ხაზის გადაკვეთაა. ის არ არის არმია, რომელიც სხვა არმიას ებრძვის, არამედ ის არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც განზრახ ესვრის მშვიდობიან მოსახლეობას", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი ამ თავდასხმას „უყურადღებოდ არ დატოვებს" და შედეგები სერიოზული იქნება.

„ისრაელის მოქალაქეებო, მეც თქვენსავით შოკირებული ვარ „ჰეზბოლას" მიერ ბავშვებისა და უდანაშაულო ხალხის მკვლელობის გამო. მოკლულთა შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებიც ფეხბურთს თამაშობდნენ. ყველანი შეძრწუნებული ვართ მომხდარით. მე ვაწარმოებ უწყვეტ კონსულტაციებს უსაფრთხოების საკითხებზე. შემიძლია ვთქვა, რომ ისრაელის სახელმწიფო ამას ჩუმად არ გაატარებს. „ჰეზბოლა" მძიმე ფასს გადაიხდის, რომელიც აქამდე არ გადაუხდია", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მომხდარს საერთაშორისო გამოხმაურება ჰქონდა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კატეგორიულად დაგმო სარაკეტო თავდასხმა ქალაქ მაჯდალ შამსზე და ისრაელს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ჩვენი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისადმი არის ძლიერი და ურყევი ირანის მიერ მხარდაჭერილი ყველა ტერორისტული ჯგუფის, მათ შორის, ლიბანური „ჰეზბოლას" წინააღმდეგ", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი გოლანის მაღლობზე განხორციელებულ თავდასხმას შოკისმომგვრელს უწოდებს.

„მე მკაცრად ვგმობ ამ სისხლისღვრას. ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება ამ მიუღებელი ინციდენტის შესახებ. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ უკიდურესი თავშეკავება და თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია," - წერს ბორელი პლატფორმა იქს-ზე.

რა შედეგები მოჰყვება სარაკეტო თავდასხმას

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ჰეზბოლა" ცდილობს ისრაელი ლიბანთან ომში ჩაითრიოს, რასაც გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვება.

„ეს პირველი სერიოზული დარტყმაა, რაც „ჰეზბოლამ" განახორციელა. გოლანის სიმაღლეები სირიას ეკუთვნის და ფაქტიურად ნიშნავს, რომ ეს დაჯგუფება სირიაშიც აქტიურადაა. დარტყმის შედეგად არასრულწლოვნები დაიღუპნენ და ყველაზე საშინელი ესაა. „რკინის გუმბათმა" რამდენიმე რაკეტის გადაჭერა მოახერხა, მაგრამ ფაქტია, რომ ტრაგედიას ვერ ასცდა. როგორც ჩანს, „ჰესბოლამ" სირიის ტერიტორია გამოიყენა და იქიდან დაარტყა.

„ჰეზბოლა" ცდილობს, რომ ისრაელი ლიბანის ავანტურაში ჩაითრიოს და სამხედრო კამპანია დაიწყოს. დღევანდელ პირობებში ისრაელისთვის იოლი ოპერაცია არ იქნება, ის ყოველთვის თავს იკავებს, რომ ლიბანში შეიჭრას და თუ კიდევ ასეთი ტრაგიკული პროვოკაცია იქნება, ისრაელი იძულებული გახდება 1982 წლის სცენარი გაიმეოროს და შეიჭრას. მაშინ ისრაელი პალესტინის განმანთავისუფლებელი ორგანიზაციის გასანადგურებლად შეიჭრა, ახლა კი მისი მთავარი იდეა „ჰეზბოლას" ძირითადი ბაზების განადგურება იქნება.

„მაშინ ისარელმა მიზანს მიაღწია და ახლა სიტუაცია ცოტა განსხვავებულია, რადგან „ჰეზბოლა" მმართველი პოლიტიკური ძალაა, მას პარალელური სტრუქტურები აქვს, მათ უფრო ძლიერი შეიარაღება და ფინანსები აქვთ, ვიდრე ლიბანის ეროვნულ არმიას. „ჰეზბოლას" წინააღმდეგ ომი, ლიბანთან ომში ჩართვას ნიშნავს, „ჰეზბოლა" კი არცისე იოლად დასამარცხებელი ძალაა. ახლა ცახალი (ისრაელის შეიარაღებული ძალები) იმ დონის არაა, როგორიც 1982 წელს იყო, მაშინ გაცილებით ძლიერი, ბრძოლისუნარიანი და მოტივირებუყლი იყო, ვიდრე დღეს.

„ამერიკის დახმარებაც ცოტა საეჭვოა, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ტრამპმა ნეთანიაჰუს ხელი არ ჩამოართვა და ამით დამოკიდებულება გამოხატა. თუ ტრამპი პრეზიდენტად მოვიდა, მაშინ შესაძლოა ისრაელთან სხვანაირი ურთიერთობა დაამყაროს. ტრამპი პოპულისტია, პირველი პრეზიდენტობისას ისრეალთან ურთიერთობა აწყობდა და ყველანაირად ეხმარებოდა, ახლა კი როცა შეატყო, რომ საერთაშორისო სასამართლოშიც კი აღძრეს სისხლის სამართლის საქმე და ამერიკელების საზოგადოებრივი დამოკიდებულება ისრაელის საწინააღმდეგოდ იცვლება, ტრამპმა ეს პოზიცია დაიჭირა.

„სიტუაცია საკმაოდ რთულია, თუ ლიბანის სრული ოკუპაცია არ მოხდა, ისე „ჰეზბოლას" დამარცხებას აზრი არ აქვს, დღეს კი ისრაელს სამწუხაროდ ამის ძალა არ გააჩნია. „ჰეზბოლა" ლიბანში ძალიან ძლიერადაა გამაგრებული, ის სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანებაა, ირანიდან პირდაპირ დახმარებას იღებს, ირანის ისლამური რევოლუციის დაცვის კორპუსის წარმომადგენლებს თავიანთი ბაზები აქვთ და თავიანთი შენაერთებიც ჰყავთ. „ჰეზბოლა" თვითონაც კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილია, საკმაოდ მოტივირებული საბრძოლო შენაერთები ჰყავს - სავარაუდოდ ათი ბრიგადაა, 50 ათასი აქტიური წევრია და რამდენი აქვს რესურსი, კაცმა არ იცის. ისინი თანამდეროვე შეიარაღებით არიან, მათ შორისო რუსულით. სხვათა შორის, ისრაელი ერთხელ „ჰეზბოლასთან" უკვე დამარცხდა - 2007-2009 წლების ომი ფაქტობრივად ისრაელის დამარცხებით დასრულდა",- განაცხადა მაისაიამ.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ თუ ისრაელსა და ლიბანს შორის სიტუაცია დაიძაბა, ეს საქართველოს ნაკლებად შეეხება.

„ისრაელი და ლიბანი საქართველოსგან შორსაა და თუ მათ შორის ომი დაიწყო, დიდი შედეგები ჩვენთან არ ექნება, თუმცა შეიძლება ირანისა და რუსეთის გავლენები გაძლიერდეს. ეს უფრო მსოფლიო პოლიტიკური პროცესია. როგორი იქნება ვითარება, ძნელი სათქმელია, გააჩნია ეს ომი რა მასშტაბებს მიიღებს - თუ მოკლევადიანი იქნება, ისრაელს ამის პოტენციალი აქვს, მაგრამ გრძელვადიანში თუ გადაიზარდა, ამერიკელების დახმარება დასჭირდება და მაგ პერიოდში ვინ იქნება პრეზიდენტი, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ლიბანისა და ისრაელის დაპირისპირების შედეგად, რეგიონში სიტუაცია საკმაოდ დაიძაბება, მერე სხვა დაჯგუფებებსაც გაეხსნებათ ხელ-ფეხი და გააქტიურდებიან და შესაძლოა მთელს აღმოსავლეთ რეგიონს გადაედოს და ტერორისტული აქტები მომრავლდეს. შესაძლოა ეს ომი ამ კუთხით შეეხოს კავკასიის რეგიონს და მათ შორის საქართველოს.

„შესაძლოა ისრაელმა საპასუხოდ ახლა რამდენიმე წერტილოვანი დარტყმა განახორიცეილოს ლიბანში და მის სიღრმეში, რომ „ჰეზბოლას" სამხდერო სტრუქტურები გაანადგუროს, თუმცა ამ ეტაპზე არაა მზად, რომ სამხედრო ოპერაცია დაიწყოს და ლიბანში შეიჭრას. ის, რომ „ჰესბოლა" ამ თავდასხმას უარყოფს, როგორც ჩანს არ უნდა, რომ სირიაში თავისი პოტენციალი გამოააშკარაოს, არ უნდა დააფიქსიროს, რომ სირიაში თავისუფლად მოქმედებს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×