
ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი რუსეთის მურმანსკის ოლქში მდებარე აეროდრომ „ოლენიაზე" განხორცხიელებული დარტყმის ფონზე, რომელიც ფინეთის საზღვართან დაახლოებით 200 კილომეტრში მდებარეობს, ამბობს, რომ ომი ევროპას უახლოვდება, თუმცა, ჯერჯერობით ვითარება კონტროლირებადია.
სტუბის თქმით, ფინეთის საზღვართან ახლოს მდებარე აეროდრომის დაბომბვასთან დაკავშირებიღ მან მოლაპარაკებები ჩაატარა ფინეთის პერმიერ-მინისტრ, პეტერი ორპოსთან და შვედეთის პრემიერ, ულფ კრისტერსონთან.
„ძირითადი მესიჯი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ფინეთში აღელვების მიზეზები არ გვაქვს. ვითარებას ვაკონტროლებთ და რეაგირება შეგვიძლია", - განაცხადა სტუბმა.
ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ ფინელები უნდა მიეჩვიონ, რომ ომი ფინეთის საზღვრებს მოუახლოვდება, ვინაიდან „ჰესლინკიდან კიევამდე საფრენი საკმაოდ ახლოა".
„უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ უკრაინა ყველა საშუალობას გამოიყენებს, რათა ეს ომი მოიგოს, და ეს სხვადასხვა დარტმებსაც გულისხმობს. რუსეთი ჰიბრიდული დარტმების განხორციელებას გააგრძელებს", - განაცხადა სტუბმა.
თსუ-ს პროფესორისა და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის კორნელი კაკაჩიას აზრით, ფინეთი რუსეთისგან რაღაც პროვოკაციებს ელის და ისინი ცდილობენ ამისგან თავი დაიცვან. როგორც იგი აღნიშნავს, ეს განცხადება შიდა პოლიტიკური მესიჯია, რადგან მოსახლეობა შეამზადონ. მისივე თქმით, საჭიროა ევროპა უფრო გააქტიურდეს.
„სავარაუდოდ, აქ იგულისხმება ის, რომ ფინეთი რუსეთს ესაზღვრება, რუსეთ-უკრაინის ომი კი ძალიან გაიწელა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების მიუხედავად, მაინც მიაჩნიათ, რომ მათი უსაფრთხოება დაცული არაა და ნებისმიერ დროს რუსეთიდან მოსალოდნელია რაღაც პროვიკაციები.
„შესაბამისად, აქ უფრო შიდა პოლიტიკურ აუდიტორიაზე გათვლილი მესიჯია, რომლის მიზანია საზოგადოების შემზადება იმისათვის, რომ ნებისმიერი სცენარისთვის მზად იყვნენ მათ შორის, ფინეთის მოსახლეობას მეტი გადასახადების გადახდა მოუწევთ თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის, რადგან საკუთარი თავის დაცვა შეძლონ. ბუნებრივია, ეს რუსეთის მეზობელებსაც ეხებათ, რომელთაც არავითარი გარანტია არ აქვთ, რომ რუსეთის პროვოკაციებისგან დაცულები იქნებიან.
„ახლა სწორედ იმაზეა ლაპარაკი, რომ ევროპა რამდენად მზად იქნება ამ საფრთხეების გამკლავებისთვის. ამ თვალსაზრისით საჭიროა, რომ ევროპამ უფრო მეტი იაქტიუროს, რადგან, მათგან მეტს მოელიან, მათ შორის ნატოელი პარტნიორები.
„აქამდე იმაზე იყო საუბარი, რომ 2%-მდე გაიზარდოს ნატოს ქვეყნების მხრიდან ალიანსის დაფინანსება, ახლა კი იძახიან, რომ 3%-მდე ავიდესო. ტრამპის ადმინისტრიაციაც ხშირად ამაზე აპელირებს, თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი სახელმწიფოა, რომელიც 2%-იან მოთხოვნასაც ვერ ასრულებს სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე. ასე რომ, ევროპის და ნატოს ქვეყნებისთვის ბევრი გამოწვევებია", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".
სამხედრო ანალიტიკოსისა და საგარეო ექსპერტის, ვახტანგ მაისაიას აზრით, კრემლი თავის გავლენას ჩრდილოეთის მიმართულებით აძლიერებს. როგორც მან თქვა, ევროპა და ნატო ამისთვის მზადებაში არიან.
„ომის საფრთხე არა მარტო ფინელებს, არამედ პოლონეთსაც აქვთ, ვიყავი იქ და დავინახე, რომ იქაც იგივე დამოკიდებულება არსებობს. საფრთხე ის არის, რომ კრემლი თავის სამხედრო გავლენას ჩრდოლოეთის მიმართულებით აძლიერებს. პუტინმა ლენინგრადის სამხედრო ოლქი აღადგინა და მას სტრატეგიული მიმართულება მიანიჭა. ამავდროულად, იქვე არის კალინინგრადის ოლქი, რუსეთის შეარაღებული ძალების საკმაოდ სერიოზული კონტიგენტი.
„რუსეთის უკრაინის ომში კიდევ უფრო მეტ მობილიზებას ახდენს. ერთ-ერთი საექსპერტო მონაცემებით, რუსეთი შეიარაღებული ძალები შესაძლოა 700 ათასი ადამიანით კიდევ გაიზარდოს, ძირითადად დაქირავებული მებრძოლებით.
„რუსეთის ეს აგრესიული ქმედებები, განსაკუთრებით ბალტიის საზღვაო აკვატორიის მიმართულებით საფრთხეს უქმნის ლიეტუვას, პოლონეთს და გარკველწილად ფინეთსაც.
„ამ ეტაპზე რთულია იმაზე საუბარი, თუ რამდენად მზად არის ევროპა ამ საფრთხეების გასამკლავებლად. ნატომ დაიწყო მობილიზება და ამ მიმართულებით გარკვეულ ზომებს იღებს. კიდევ მიდის იმაზე საუბარი, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია იწყება.
„ნატოს სახით ევროპაც ემზადება, მგონი ახლა ევროკავშირში ახალი თანამდებობა შემოდის, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში კომისრის თანამდებობა. ევროკავშირიც რაღაც ზომების მიღებას აპირებენ და პლუს ამერიკა ევროპაში მათი სამხედრო კონტიგენტის გაძლიერებას ფიქრობს",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".