თამთა ჩაჩანიძე
30.07.2024

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ას დღეზე ნაკლები რჩება, პაუზა, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის კენჭისყრაზე უარი თქმას მოჰყვა, ერთ კვირაც არ გაგრძელდა და წინასაარჩევნო კამანია ოფიციალურად უკვე განახლებულია. დონალდ ტრამპს მეტოქეობას კამალა ჰარისი გაუწევს, დემოკრატები საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად 7 აგვისტოს წარადგენენ, თუმცა სხვადასხვა კვლევაში ჩანს, რომ როგორც ჯერჯერობით დე ფაქტო კანდიდატი ბაიდენის რეიტინგს აუმჯობესებს, მაღალი რეიტინგი აქვს ტრამპსაც. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ბრძოლა თანაბარია და ცალსახად ახლა იმის პროგნოზირება ძნელია, თუ ვინ გაიმარჯვებს.

მკვლელობის მცდელობისა და ბაიდენთან დებატების შემდეგ, ტრამპის რეიტინგი საკმაოდ გაიზარდა და იმის დიდი მოლოდინიც იყო, რომ ბაიდენს არჩევნებში დაამარხებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მოქმედმა პრეზიდენტმა კანდიდატურა მოხსნა და კამპანიაში ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ჩაება, დემოკრატების რეიტინგები ნელ-ნელა უმჯობესდება. ბოლო გამოკითხვებში რამდენიმე ტენდენცია იკვეთება, „იაჰუ ნიუსის" გამოკითხვამ აჩვენა, რომ რეგისტრირებულ ამომრჩეველთა შორის ისინი ერთ დონეზე არიან 46%-იანი რეიტინგებით.

მას შემდეგ, რაც 27 ივნისის ბაიდენს ტრამპთან წარუმატებელი დებატები ჰქონდა, დემოკრატებმა კანდიდატურის მოხსნა ურჩიეს, რა დროსაც უკვე განიხილებოდა მის შემცვლელად ჰარისი. „იაჰუ ნიუსმა" კვლევა ზუსტად ამ პერიოდში ჩაატარა, ჰარისს 45%-იანი რეიტინგი ჰქონდა, ტრამპს კი 47%.

მაგალითად, „ნიუ იორკ თაიმსისა" და სიენას კოლეჯის ერთობლივმა კვლევამ აჩვენა, რომ დებატების შემდეგ, ტრამპი ბაიდენს 6%-ით უსწრებდა (ბაიდენს ჰქონდა 43%, ტრამპს - 49%), ახლა კი მათივე კვლევებით, ჰარისმა დემოკრატების შედეგები გააუმჯობესა, მას 47%იანი რეიტინგი აქვს, ტრამპს 48%.

გამარჯვებისთვის კანდიდატს კოლეგიის 270 წევრის ხმა სჭირდება. გადამწყვეტია გამარჯვება პირველ რიგში პენსილვანიაში, მიჩიგანში, ვისკონსინის, არიზონას, ნევადის, ჯორჯიის და ჩრდილოეთ კაროლინას შტატებში.

სანამ ბაიდენი დატოვებდა ბრძოლის ველს, „ნიუ იორკ თაიმსის" გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ტრამპი უსწრებდა ბაიდენს ნევადაში 7% -ით, 6%-ით არიზონაში, ჯორჯიასა და ჩრდილოეთ კაროლინაში, 5%-ით მიჩიგანში, ხოლო 4 %-ით პენსილვანიასა და ვისკონსინში. ტრამპი ბაიდენსაც კი უსწრებდა ე.წ. ლურჯ შტატებში, როგორებიცაა მინესოტა და ვირჯინია.

თუმცა „ფოქს ნიუსის" ახალი გამოკითხვები დემოკრატების გაუმჯობესებულ შედეგებზე მიგვითითებს - მიჩიგანში ჰარისსა და ტრამპს ერთნაირი 49%-იანი რეიტინგი აქვთ, იგივე ეხება პენსილვანიასაც. ვისკონსინში ჰარისს აქვს 49%, ტრამპს - 50%, მინესოტაში ჰარისი ლიდერობს 6%-ით (52%/46%).

ემერსონის კოლეჯის ახალი კვლევის თანახმად, ჯორჯიისა და არიზონას შტატში ჰარისი ტრამპს კვლავ ჩამორჩება, თუმცა არა ისეთი დიდი სხვაობით, რაც ბაიდენთან ჰქონდა.

„ეიბისი ნიუსისა" და „იპსოსის" ერთობლივი კვლევებით, რომელიც 19-20 ივლისს ჩატარდა, მანამ, სანამ ბაიდენმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა, 35%-მა განაცხადა, რომ ჰარისს დადებითად უყურებდა, 46%-ისთვის კი მიუღებელი იყო. ერთი კვირის შემდეგ, რიცხვი შეიცვალა და დადებითად უკვე 43%-მა შეაფასა, 42%-მა უარყოფითად. ამავე გამოკითხვაში ტრამპს 36% აფასებდა დადებითად, არახელსაყრელ კანდიდატად კი 52%.

ამერიკული მედია აღნიშნავს, რომ დემოკრატები ჰარისის მონაწილეობით უფრო ენთუზიაზმით არიან განწყობილები, ვიდრე ბაიდენის კანდიდატობით იყვნენ. თებერვალში მონმუთის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დემოკრატები გამოკითხეს, თუ რამდენად ენთუზიაზმით უყურებდნენ ბაიდენის კანდიდატურას და მაშინ პარტიაში 62%-მა დადებითი პასუხი გასცა. ამავე კვლევაში ტრამპს რესპუბლიკელების 80%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა.

გასულ კვირას ეიბისი ნიუს/იპსოს-მა იგივე შეკითხვა დაუსვა დემოკრატებს და 88%-მა თქვა, რომ ჰარისის მონაწილეობას ენთუზიაზმით უყურებენ. რესპუბლიკელებში კი ტრამპს 82%-იანი შედეგი აქვს.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ აშშ-ში დაძაბული წინასაარჩევნო პროცესია, რა დროსაც რეიტინგები კვირიდან კვირამდე იცვლება, 5 ნოემბარმდე კი შესაძლოა ბევრი რამ შეიცვალოს ამერიკის პოლიტიკაში.

„დებატები ჯო ბაიდენისთვის აბსოლუტური ჩავარდნა იყო, ეს წაგება თვითონაც კი აღიარა. მასთან შედარებით, კამალა ჰარისი უფრო ადეკვატურია, თუმცა ტრამპის კამპანია თითქმის მთლიანად კონცენტრირებულია იმაზე, რომ ჰარისი გააშარჟონ მისი ჩვევებიდან გამომდინარე, მაგალითად ის, რომ ძალიან ხშირად ხმამაღლა ხითხითებს. მთელი ეს საპრეზიდენტო კამპანია ერთგვარი შოუა. გასაგებია, რომ სერიოზულ საკითხებს ეხებიან, მაგრამ ძირითადად შოუა.

„თავდასხმის შემდეგ, ტრამპის რეიტინგმა საკმაოდ აიწია, თუმცა სხვადასხვა კვლევებში განსხვავებული მონაცემებია, ზოგიერთ კვლევაში ჰარისი უსწრებს, ზოგში ტრამპი. 5 ნოემბერი მალე დადგება, თუმცა შესაძლოა ძალიან ბევრი რამ შეიცვალოს ამერიკულ პოლიტიკაში. ვხედავთ როგორი ტოქსიკური კამპანიაა და როგორ ესხმიან ერთმანეთს თავს და მწარედ აკრიტიკებენ. ამ დროს ამერიკელი ცალკეული პოლიტიკოსები რომ საქართველოზე ლაპარაკობენ, უკვე სასაცილოც აღარაა. აშშ-ში წესით ყველაფერი დემოკრატიულად და მშვიდობიანად უნდა იყოს და ამ დროს ასეთი დაძაბულობაა.

„ვინ გაიმარჯვებს ახლა ვერავინ იტყვის, თუმცა ტრამპის გუნდში მოლოდინია, რომ შეიძლება ოთხი წლის წინანდელის მსგავსად, ეს არჩევნებიც გაყალბებული იყოს, ბრალდებები რა თქმა უნდა იქნება, ბუნებრივია, მტკიცებულებები უნდა დაიდოს გაყალბდა თუ არა. ფაქტია, რომ ამ არჩევნებს მსოფლიო ძალიან გაფაციცებით აკვირდება, შედეგზე გლობალური პროცესების განვითარება იქნება დამოკიდებული - უკრაინაში ომია დასასრულებელი და ა.შ.

„ასეთ დაძაბულ არჩევნებში რეიტინგები კვირიდან კვირამდე იცვლება-ხოლმე, რეიტინგები საკმაოდ მერყეობს. ბრძოლა თანაბარია, ჰარისი ბაიდენთან შედარებით ნორმალურად გამოიყურება, ბაიდენს თავიდანვე არ უნდა მიეღო ასეთი გადაწყვეტილება, თუმცა დემოკრატების დაჟინებული მოთხოვნით გადადგა ეს ნაბიჯი და ძალიან ბევრ უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა, როგორც აშშ-ში სხვადასხვა შეხვედრებზე, ისე მსოფლიო ლიდერებთან სამიტებზე. გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა შედეგებს უნდა დაველოდოთ",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×