
„ჰამასის" ლიდერი, ისმაილ ჰანიე თეირანში ირანის პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო, რის შემდეგაც ის ომის ვეტერანთა რეზიდენციაში იმყოფებოდა, რა დროსაც განახორციელეს საჰაერო თავდასხმა, რასაც ჰანიე ემსხვერპლა. მისი სიკვდილი „ჰამასმაც" დაადასტურა და იგი მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებს. „ჰამასის" განცხადებით, ჰანიე თეირანში, მის რეზიდენციაზე განხორციელებული „სიონისტური თავდასხმის" შედეგად დაიღუპა.
„ჰანიე, რომელიც ირანში პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად იყო ჩასული, თეირანის ჩრდილოეთით, ომის ვეტერანთა ერთ-ერთ სპეციალურ რეზიდენციაში რჩებოდა, როცა გაშვებულ რაკეტას მოწამეობრივად ემსხვერპლა", - აცხადებს ირანული საინფორმაციო სააგენტო Fars.
გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ აღნიშნულ ინციდენტს „ჰამასის" მხრიდან რეაგირება ექნება და ტერორისტული აქტების საფრთხე გაიზრდება, როგორც ისრაელში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. როგორც მან აღნიშნა, ისრაელი „ჰამასის" ლიდერზე დიდი ხანია ნადირობდა და საბოლოოდ მიზანს მიაღწია.
„ზოგადად, ახლო აღმოსავლეთში ვითარება უაღრესად გართულებულია. სავარაუდოდ, ისრაელი დარტყმებს გააგრძერელებს ორივე მიმართულებით, როგორც ღაზის, ასევე ლიბანის. ამ ფაქტს რა შედეგი მოჰყვება და რამდენად ჩაერთვება თურქეთი და ირანი, ცალკე თემაა.
„არა მგონია თურქეთი პოლიტიკური განცხადებების გარდა სხვა რამეში ჩაერიოს, ვნახოთ რა მოხდება, ძალიან არაპროგნოზირებადია სიტუაცია... გართულების ტენდენციაა. „ჰამასიდან" პასუხი იქნება, რომელიც ისევ და ისევ ტერორისტული აქტების გააქტიურებით გამოიხატება. სარაკეტო დარტყმების ინტენსივობა ისრაელის მიმართულებით და ტერორისტული აქტების საფრთხე მსოფლიო მასშტაბით გაიზრდება.
„ისრაელს არ უჭირს ასეთი რაღაცების გაკეთება და ქართველებისგან განსხვავებით ყოველთვის აკეთებს. ისინი ყოველთვის ახერხებენ ამის განხორციელებას სხვადასხვა მეთოდებით. „ჰამასის" ლიდერზე დიდი ხანია ნადირობდა და სპეცსამსახურების დახმარებით მოახერხა წერტილოვანი საჰაერო დარტმა", - აცხადებს ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან".
სამხედრო ანალიტიკოსისა და საგარეო ექსპერტის, ვახტანგ მაისაიას აზრით, ეს „ჰამასის" მისამართით ომის გამოცხადებას ნიშნავს და სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება. როგორც მან აღნიშნა, ამას ირანის მხრიდანაც ექნება შესაბამისი პასუხი.
„რაც ისრაელმა განახორციელა არის აგენტურული და ტექნიკური სადაზვერვო საშუალების ერთობლივი ტიპის გამოყენება. სხვათაშორის მანამდე, ერთი თვით ადრე განადგურებულ იქნა „ჰეზბოლას" ერთ-ერთი მეთაური, ბეირუთზე თავდასხმისას.
„ფაქტობრივად, ეს „ჰეზბოლას" მისამართით ომის გამოცხადებაა. ვინაიდან ინციდენტი ირანის ტერიტორიაზე მოხდა, ეს გარკვეულწილად ირანის მიმართაც განხორციელებული პოლიტიკური დემარშია. შესაბამისად, ისინი ადეკვატურ საპასუხო დარტმას განახორციელებს და ეს რაში გამოიხატება უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. სიტუაცია იმდენად გართულდა, რომ ვერც კი წარმოგვიდგენია", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".