
ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ბრძოლის მსურველი მოხალისეებისთვის წინასწარი გადასახადი გააორმაგა, - რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება იურიდიულ საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნდა. ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, რუსეთის ყველა მოქალაქე, რომელიც აგვისტოდან 2024 წლის ბოლომდე შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტს გააფორმებს, წინასწარი გადასახადის სახით 400 000 რუბლს მიიღებს.
ამავდროულად, განკარგულება რეკომენდაციას გასცემს, რომ რუსეთის რეგიონულმა ხელმძღვანელობებმა საკუთარი ბიუჯეტიდან იმავე რაოდენობის, 400 ათასი რუბლის ოდენობის, გადასახადი გამოყონ.
„რუსეთში ფულზე წამსვლელი ბევრია და ვის რამდენიც სჭირდება ალბათ მოგროვდება, მაგრამ, ვერ ვიტყვი, რომ ამას რაღაც მნიშვნელოვანი გავლენა ექნება. რუსეთში ცოცხალი ძალის ნაკლებობაა, ისევე როგორც უკრაინაში", - აცხადებს სამხედრო ანალიტიკოსი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან".
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორისა და ანალიტიკოსის, ნიკა ჩიტაძის აზრით, რუსეთის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი სამხედრო კონტიგენტზე გადის, მათ ცოცხალი ძალის რაოდენობა ომის დაწყებიდან დღემდე საგრძნობლად გაზარდეს, თუმცა მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწიეს. ამიტომ ის მიიჩნევს, რომ არც ახლა ექნება დიდი ეფექტი.
„პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე ოკუპანტთა რაოდენობა უკვე გაზარდა. როდესაც რუსეთი თავდაპირველად უკრაინაში შეიჭრა, ანუ 2022 წლის, 24 თებერვალს, მაშინ რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა დაახლოებით 190 ათას სამხედრო მოსამსახურეს შეადგენდა, თუმცა სხვადასხვა მონაცემებით, დღეს მათ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორებზე გადავსებული ჰყავთ დაახლოებით 570 ათასი ოკუპანტით, ანუ მათ კონტიგენტის რაოდენობრივი თვალსაზრისით გაზარდეს,
„მაგრამ, როგორც ვხედავთ, მათ ვერ შეძლეს ამ კონტიგენტის ხარისხობრივად გაძლიერება, რადგან შეჭრიდან უკრაინის ტერიტორიის 28%-ზე კონტროლი დაამყარეს, ეს 2014 წლის ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით. დღეს კი, ისინი დაახლოებით 20%-ს აკონტროლებენ იმიტომ რომ, 2000-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე რუსებმა კონტროლი დაკარგეს, მათ შორის ყველაზე დიდ ქალაქ, ხერსონზე. ამიტომაც პუტინი ყველანაირი გზით ცდილობს, რომ ბრძოლისუნარიანობა გაზარდოს და მებრძოლებს მოტივაცია აუმაღლოს, რათა ისინიც შეუერთდნენ ოკუპანტის რიგებს.
„რუსეთის ეს ქმედება ძალიან გავს იმ ფაქტს, როდესაც საბჭოთა კავშირმა 1938 წელს ფინეთთან ომში გარკვეულ წარმატებას რაოდენობრივი თვალსაზრისით მიაღწია, თუმცა ეს ყველაფერი რუსეთს, მაშინ საბჭოთა იპერიას დაუჯდა 250 ათასი მოკლული ჯარისკაცის სახით.
„მე მაინც მგონია, რომ რაღაც დიდი ეფექტი რუსებს არ ექნებათ, რადგან დაახლოებით 4-ჯერ უფრო მეტად გაიზარდა სამხედრო კონტიგენტის რაოდენობა უკრაინაში, მაგრამ, რეალურად დღევანდელი მონაცემებით, მნიშვნელოვანი წინსვლა მაინც არ აქვთ.
რუსეთმა ჩათვალა, რომ ცოცხალი ძალის გაზრდა საჭირო იყო. მათი ბიუჯეტის მესამედი სამხედრო ხარჯებზე მოდის, რომელიც 100 მილიარდ დოლარს აჭარბებს, როცა ომამდე იყო 70 მილიარდი. ის ეფექტი მაინც არ აქვს, რასაც პუტინი ელოდება, იმედია არც მომავალში ექნება და ომი სიმართლის და სამართლიანობის სასარგებლოდ დასრულდება", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".