თამთა ჩაჩანიძე
01.08.2024

ირანის ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ, თეირანში „ჰამასის" ლიდერის მკვლელობის საპასუხოდ, ისრაელზე პირდაპირი თავდასხმის ბრძანება გასცა. თავად ისრაელი აცხადებს, რომ ომი არ სურთ, თუმცა ყველა სცენარისთვის მზად არიან. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, ახლო აღმოსავლეთი ფაქტიურად დიდი ომის ზღვარზეა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ჯარისკაცებს მზადყოფნისკენ მოუწოდა. „ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ ვემზადებით ყველა შესაძლებლობისთვის",- ამბობს ისრაელის თავდაცვის მინისტრი.

„ნიუ იორკ თაიმსი" ირანის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს საგანგებო სხდომაზე სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ისრელზე პირდაპირი თავდასხმის ბრძანება გასცა, მიზეზად კი „ჰამასის" პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობა დაასახელა.

„ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში, ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ მართვადი რაკეტით მოკლეს. მისი საცხოვრებელი რეზიდენცია ირანის დროით შუაღამის 02:00 საათზე დაიბომბა. „ჰამასის" წარმომადგენლებმა ჰანიეს მკვლელობას „ლაჩრული" უწოდეს. რომელიც მათი თქმით, „უპასუხოდ არ დარჩება".

ირანის ახალი პრეზიდენტი, მასუდ ფეზეშქიანი თეირანში ჰანიეს დაღუპვას ეხმიანება.

„ირანი თავის ტერიტორიულ მთლიანობას, ღირსებასა და თავმოყვარეობას დაიცავს და ტერორისტ ოკუპანტებს აიძულებს, რომ თავიანთი მხდალი საქციელი ინანონ", - აცხადებს მასუდ ფეზეშქიანი.

თეირანში, „ჰამასის" ლიდერის, ისმაილ ჰანიეს სამგლოვიარო ცერემონია მიმდინარეობს, გაიმართა მსვლელობა, რომელსაც თავად აიათოლა ხამენეი გაუძღვა. ირანული მედია წერს, რომ ცერემონიის შემდეგ ჰანიეს ცხედარს კატარში გადაასვენებენ და 2 აგვისტოს დოჰაში დაკრძალავენ.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ბეირუთში, ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, „ჰეზბოლას" მეთაური, ფუად შუქრი დაიღუპა. ისრაელის მედიის ცნობით, რეგიონში არსებული დაძაბულობის ესკალაციის ფონზე ამერიკულმა და ბრიტანულმა ავიაკომპანიებმა ისრაელის მიმართულებით ფრენები დროებით შეაჩერეს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთი სერიოზული აფეთქების ზღვარზეა და თუ კონფლიქტი დაიწყო, სიტუაცია უპროგნოზო გახდება.

„ირანს ისრაელზე თავდასხმა შეუძლია და ეს ირანმა ცოტა ხნის წინ დაამტკიცა, როცა ისრაელს შეუტია. ირანს შეტევა სამი ლოკაციიდან შეუძლია - ლიბანიდან, ანუ „ჰეზბოლას" დაჯგუფებიდან, მეორე „ჰამასის", ანუ ღაზის სექტორი ამოქმედდეს და ის ტრაგიკული სცენები განმეორდეს, რაც გასული წლის 7 ოქტომბერს მოხდა. მესამე ვარიანტი ისაა, რომ ირანს ბალისტიკურ-ოპერატიული ტიპის სარაკეტო კომპლექსები გააჩნია, ასევე აქვს დრონები, რომელიც ირანმა უკრაინის ომის პირობებში დატესტა და კიდევ უფრო გააუმჯობესა.

„არაა გამორიცხული ჰუსიტების გამოყენება და სამხედრო-საზღვაო ძალების დაჯგუფება, რომელიც ისლამური რევულუციის გუშაგთა კორპუსის ეგიდით მოქმედებს, მათაც შეუძლიათ სრული ბლოკირება.

„საპასუხოდ ისრაელს ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვა შეუძლია ამერიკელებთან ერთად. როცა თეირანში ისმაილ ჰანიას ლიკვიდაცია მოხდა, სავარაუდოდ ისრაელის მიერ მომზადებული სტრატეგიული დრონების მეშვეობით, ამან აჩვენა, რომ ისრელს შეუძლია ირანის ბირთვულ ობიექტებს მისწვდეს და საკმაოდ სერიოზული დარტყმა მიაყენოს.

„მოკლულია „ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი და „ჰეზბოლას" გაერთიანებული ძალების სარდალი. ეს ვარიანტი უკვე აჩვენებს, რომ ისრეალის პეცსამსახურებმა სერიოზული დარტყმა მიაყენეს და ალბათ სერიოზულ პასუხსაც ამზადებენ.

„თუ კონფლიქტი დაიწყო, უკვე უპროგნოზო სიტუაცია შეიქმნება, ისრაელი აცხადებს, რომ ომი არ უნდა და აშაკარაა, რომ გრძელვადიანი კონფლიქტისთვის მზად არაა, მაგრამ ისრაელი მაინც ისრეალია და შესაძლოა ამერიკის დახმარებით პოტენციალი აღიდგინოს. თუმცაღა, ერთდროლულად სამი ომის წარმოება ლიბანში, ირანსა და ჰუსიტების წინააღმდეგ ურთულესი მისიაა. ღაზაშიც ცეცხლის შეწყვეტის ძალიან მყიფე შეთანხმებაა. ყველა ვარიანტში ახლო აღმოსავლეთში გარკვეული ტიპის „აფეთქება" მოსალოდნელია", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კი აცხადებს, რომ ჰანიეს მკვლელობასთან შეერთებულ შტატებს კავშირი არ აქვს. „ეს არის ის, რის შესახებაც ჩვენ არ ვიცოდით ან მონაწილეობა არ მიგვიღია. სპეკულირება ძალიან რთულია", - თქვა ბლინკენმა და დაამატა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა აუცილებელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×