ნატალია ჯვარიძე
01.08.2024

უკრაინამ ამერიკული წარმოების ეფ-16-ები ნიდერლანდებიდან უკვე მიიღო და ამ გამანადგურებლების კიდევ ერთ პარტიას დანიიდან ელოდება. ბრიტანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უკრაინულ მხარეს ჯერჯერობით არ დაუდასტურებია. სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას შეფასებით, ეს იარაღი კიევს რუსების საჰაერო უპირატესობის დაბალანსების საშუალებას მისცემს.

„აქ ძალიან ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კუთხით დაბალანსებული საჰაერო ბრძოლები იქნება", - აღნიშნავს მაისაია.

ამ საკითხთან დაკავშირებით წყარომ ბრიტანულ „თაიმსს"განუცხადა, რომ პირველი პარტია ეხება ექვს თვითმფრინავს ნიდერლანდებიდან, უფრო მეტი კი მალე დანიიდან იქნება.

ამავე ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოსვლის დრო შეესაბამებოდა თავდაცვის მინისტრ კაისა ოლლონგრენის 1 ივლისის წერილს, რომელმაც აცნობა ნიდერლანდების პარლამენტს, რომ „პირველი თვითმფრინავის მიწოდება მალე განხორციელდება"

უკრაინას ამ საკითხზე ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი, თუმცა ინფორმაცია ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა დაადასტურა.

„ეფ-16-ები უკრაინაშია. კიდევ ერთი შეუძლებელი აღმოჩნდა სრულიად შესაძლებელი", - განაცხადა მან.

სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას აზრით, თვითმფრინავების ამ რაოდენობას ძალიან დიდი შედეგი ვერ ექნება, თუმცა გარკვეულ ფუნქციას მაინც შეასრულებს. ამბობს, რომ ეს ძირითადად პირველი და მეორე თაობის თვითმფრინავებია, რომელიც შედარებით მოძველებულია, თუმცა საბოლოოდ საკმაოდ დაბალანსებული საჰაერო ბრძოლები იქნება.

„6 გამანადგურებელი თვითმფრინავი მაინცდამაინც დიდ ეფექტს ვერ შექმნის, მაგრამ გარკვეული შედეგი მაინც ექნება. რუს ოკუპანტებს ფსიქოლოგიურ ეფექტს შეუქმნის იმისათვის, რომ ასე თავხედურად არ განახორციელონ ყოველდღიური დაბომბვები და უკრაინის სტრატეგიული ობიექტები მწყობრიდან არ გამოიყვანონ.

„პრინციპში ეს არის პირველი მეორე თაობის თვითმფრინავები, რომლებიც მესამე-მეოთხე თაობებს ვერ შეედრება, თუმცა თავისი ფუნქციის შესრულება გარკვეულწილად შეუძლია, მაგალითად უკრაინის ცაში რუსული სტრატეგიული ბომბდამშენების ბლოკირება. ასევე, მათ შეუძლიათ რადიოლოკაციური ფუნქციების შესრულება მაშინ, როდესაც უკრაინელების წინააღმდეგ რუსები აამოქმედებენ ბალისტიკურ რაკეტებსა და დრონებს. დრონების წინააღმდეგადაც შეუძლიათ საკმაოდ ეფექტიანი მოქმედება", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×