
პოსტსაბჭოთა ისტორიაში ტყვეების ყველაზე დიდი გაცვლა რუსეთსა და დასავლეთს შორის 1 აგვისტოს შედგა - ჯამში 24 ადამიანი გაათავისუფლდა. აქედან 16 პირი მოსკოვმა გამოუშვა, დანარჩენი კი დასავლეთმა, მათ შორის მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული რამდენიმე მოქალაქე, რომელთა გამოშვებასაც რთული გადაწყვეტილება უწოდეს. გათავისუფლებულ პატიმრებს რამდენიმე დღის განმავლობაში კლინიკაში მოათავსებენ.
თურქეთის გავლით რუსეთმა აშშ-სა და დასავლეთს გადასცა ამერიკის მოქალაქეები:
ჟურნალისტები ევან გერშკოვიჩი და ალსუ კურმაშევა, აშშ-ის ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვლადიმირ კარა-მურზა, რუსეთისა და გერმანიის მოქალაქე კევინ ლიკი, გერმანიის მოქალაქე პატრიკ შებელი, ასევე რუსი პოლიტპატიმრები ილია იაშინი, ლილია ჩანიშევა, ქსენია ფადეევა და ვადიმ ოსტანინი („ნავალნის შტაბის" წევრები), „ღია რუსეთის" ხელმძღვანელი ანდრეი პივოვაროვი, უფლებადამცველი ოლეგ ორლოვი, მხატვარი ალექსანდრა სკოლიჩენკო, პეტერბურგელი იურისტი გერმან მოიჟესი და პოლიტოლოგი დემური ვორონინი, რომელიც რუსეთისა და გერმანიის მოქალაქეა.
გასაცვლელ პატიმართა სიაში მოხვდა ასევე გერმანიის მოქალაქე რიკო კრიგერი, რომელიც შარშან ოქტომბერში ბელარუსის ხელისუფლებამ დააპატიმრა და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
„დიდი გაცვლის" ფარგლებში რუსეთში დაბრუნდა რვა პატიმარი, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ სლოვენიაში, პოლონეთში, გერმანიაში, ნორვეგიასა და ამერიკაში.
ესენი არიან ჯაშუშობისათვის მსჯავრდადებული არტიომ და ანა დულცევები (სლოვენია); „ეფესბეს" ოფიცერი ვადიმ კრასიკოვი, რომელიც გერმანიაში სამუდამო პატიმრობაში იმყოფებოდა საქართველოს მოქალაქის, ქისტი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის; მიხაილ მიკუშინი, ჯაშუშობისთვის სასჯელს იხდიდა ნორვეგიაში; ჟურნალისტი პაველ რუბცოვი პოლონეთიდან.
ყველაზე მეტი, სამი პატიმარი, გათავისუფლდა აშშ-დან: ვადიმ კონოშჩენკოვი, ბრალი წაუყენეს „ეფესბეს" დავალებით ცნობების შეგროვებასა და ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების კონტრაბანდაში; ვლადისლავ კლიშინი და რომან სელეზნიოვი, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ კიბერთაღლითობისთვის.
გარიგება 18 თვეზე მეტი ხანი იყო დადებული და, როგორც ჩანს, მოსკოვის მხრიდან ვადიმ კრასიკოვის დაბრუნების მოთხოვნაზე იყო დამოკიდებული. ის გერმანიაში სამუდამო პატიმრობას იხდიდა, რომელიც ბერლინის პარკში მკვლელობისთვის დააკავებს, ახლა ის ისევ რუსეთშია.
ამერიკის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა მას „ცუდი ბიჭი" უწოდეს და განაცხადეს, რომ ის „რა თქმა უნდა ყველაზე დიდი თევზია, რომლის დაბრუნებაც რუსებს სურდათ".
მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაბრუნებულ ტყვეებს პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები საპატიო დაცვასთან ერთად დახვდნენ.
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის უვადო პატიმრობაში მყოფი ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლების საკითხს გამოეხმაურა და მას რთული გადაწყვეტილება უწოდა.
„არავისთვის არ იყო მარტივი გადაწყვეტილების მიღება რამდენიმე წლის განმავლობაში პატიმრობაში მყოფი მკვლელის დეპორტაციის შესახებ, რომელსაც უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი",- განაცხადა შოლცმა.
გაცვლის პროცესი გერმანიის იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმაც შეაფასა.
„ესენი იყვნენ პუტინის პოლიტპატიმრები. ზოგიერთი მათგანი მხოლოდ იმის გამო იყო დაპატიმრებული, რომ თავის აზრს გამოთქვამდნენ. მათი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. გერმანიის ერთ-ერთ მოქალაქეს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
ამასთან, მან პუტინისთვის ვადიმ კრასიკოვის გადაცემა ერთ-ერთ ყველაზე ცუდ დათმობად შეაფასა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯის გარეშე, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და სხვა პატიმრები გათავისუფლებულები ვერ იქნებოდნენ.
არსებული ინფორმაციით, გათავისუფლებულ პატიმრებს რამდენიმე დღის განმავლობაში კლინიკაში მოათავსებენ.
ბაიდენმა „დიპლომატიური გმირობა" უწოდა პატიმართა გაცვლის შესახებ გარიგებას და თეთრ სახლში შეხვდა პატიმართა ოჯახის წევრებს
„საბოლოო ჯამში, ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას რუსეთიდან 16 ადამიანის, მათ შორის ხუთი გერმანელი და რუსეთის შვიდი მოქალაქის შესახებ, რომლებიც საკუთარ სამშობლოში პოლიტპატიმრები იყვნენ. ზოგიერთი ეს მამაკაცი და ქალი მრავალი წლის განმავლობაში უსამართლოდ იმყოფებოდა საპყრობილეებში. ყველა მათგანმა გადაიტანა წარმოუდგენელი ტანჯვა და გაურკვევლობა. დღეს მათი აგონია დასრულდა", - განაცხადა ბაიდენმა.
პატიმრების გაცვლის დისკუსიები მოიცავდა დაპატიმრებულ რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის შესახებაც, მაგრამ როდესაც ის თებერვალში გარდაიცვალა, გარიგება ჩაიშალა.
მისი მეუღლე იულია მიესალმა გაცვლას და მას „სიხარული" უწოდა.
„ყოველი გათავისუფლებული პოლიტპატიმარი არის უზარმაზარი გამარჯვება. არავინ არ უნდა იყოს პუტინის მძევალი", - დაწერა იულია ნავალნაიამ „ტვიტერზე".
კრემლის განცხადებაში ნათქვამია, რომ პუტინმა გათავისუფლებული პატიმრებიდან 13 პირი შეიწყალა, თუმცა უცნობია რატომ არ მოხვდა გერმანელი პატრიკ შობელი და ჰერმან მოიჟე შეწყალების სიაში.
რუსეთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა ტელეგრამზე ტყვეთა გაცვლის ფარგლებში გათავისუფლებულ რუსეთის მოქალაქეებს „მოღალატეები" უწოდა და გვარების შეცვლა ურჩია.
„რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ რუსეთის მოქალაქეები ჯურღმულებში დალპნენ და ციხეებში ჩაძაღლდნენ, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა. მაგრამ უფრო სასარგებლოა თავისიანების გამოყვანა, რომლებიც ქვეყნის, მამულის და ყველა ჩვენგანისათვის მუშაობდნენ", - წერს მედვედევი.
ასევე გაათავისუფლეს გერმანიის მოქალაქე რიკო კრიგერი, რომელსაც ამ კვირაში, შეწყალებამდე ბელორუსიაში ქვეყნის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.