
უკრაინის სამხრეთში სიტუაცია კრიტიკულია. უკრაინული ნაწილები, რომელთაც საბრძოლო მასალისა და ცოცხალი ძალის დეფიციტი აქვთ, უკან დახევას აგრძელებენ. ქალაქ ჩასოვ იარში რუსებმა მოწინააღმდეგის დაცვის ხაზი გაარღვიეს და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე არხი რამდენიმე ადგილას გადალახეს. ანალიტიკოსთა ნაწილი ჩასოვ იარიდან უკრაინული ნაწილების გასვლას პრგნოზირებს.
გარდა ამისა, კრიტიკული სიტუაციაა კიდევ ორ მიმართულებაზე - ტორეცკთან და პოკროვსკთან. უახლოეს დღეებში შესაძლოა დონეცკის ოლქის ამ ქალაქებშიც დაიწყოს ქუჩის ბრძოლები. ფრონტის სხვა მონაკვეთებზე კი შედარებით სტაბილური ვითარებაა.
რუსი სამხედრო ექსპერტი იური ფიოდოროვი მიიჩნევს, რომ რუსული ძალები დონეცკის ოლქზე არიან კონცენტრირებული, ყველაზე ბრძოლისუნარიანი ნაწილებიც აქ ჰყავთ და მათი წინსვლის მიზეზიც ესაა. სხვა მიმართულებებზე კი დიდად არ აქტიურობენ.
მისი ინფორმაციით, ხარკოვის ოლქის აღმოსავლეთში რუსები ცდილობენ გაიჭრან მდინარე ასკოლთან, ჩრდილოეთში მდებარე ასკოლის წყალსაცავის მიმართულებით, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.
სამხრეთში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ბრძოლების ინტენსივობა ასევე დაბალია. აქ რუსული ძალები ასევე უშედეგოდ ცდილობენ უკრაინელებს უკან დაახევინონ ორეხოვოს მიმართულებით შარშანდელი კონტრშეტევის შედეგად მოპოვებული პლაცდარმიდან. ასეთივე დაბალი ინტენსივობის ბრძოლა მიდის ველიკი ნავასიოლკი-უგლედარის მონაკვეთზეც.
მთავარი მოვლენები კი, ფიოდოროვის თქმით, დონეცკის ოლქში ხდება, სადაც გამოიკვეთა 3 ძირითადი მიმართულება - ჩასოვ იარი, ტორეცკი და პოკროვსკი.
ჩასოვ იარში ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე რუსულმა ნაწილებმა შეძლეს სევერსკი დონეცის არხის გადაკვეთა და ბრძოლა უკვე არხის დასავლეთ ნაპირზე მიდის. ეს რუსული არმიისთვის სერიოზული წარმატებაა, რადგან არხი წინსვლისათვის ბუნებრივ წინაღობას წარმოადგენს და მისი დაცვაც უკრაინელებისათვის მარტივი იყო. დაიწყო ბრძოლა ქალაქის მიკრორაიონ ოკტიაბრსკისათვის.
ტორეცკის მიდამოებში რუსებმა უფრო მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიეს. მთავარი ბრძოლა მიდის დასახლებულ პუნქტ ნიუ იორკთან, რომელსაც ნაწილობრივ უკვე რუსები აკონტროლებენ. ამ დასახლებული პუნქტიდან ჩრდილოეთით კი რუსულმა ძალებმა ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად წაიწიეს წინ და ტორეცკამდე მათ კილომეტრნახევარი აშორებთ. რუსი ექსპერტის შეფასებით, მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში უკვე უშუალოდ ტორეცკისთვის დაიწყება ბრძოლა.
რაც შეეხება პოკროვსკის მიმართულებას, რუსებმა აქაც შეძლეს უკრაინის დაცვის ხაზის გარღვევა და უკვე უშუალოდ ქალაქს უახლოვდებიან. ბრძოლა მიდის კრინიგზის ხაზის გაყოლებაზე, რომელიც პოკროვსკს ოჩერეტინოსა და ავდეევკასთან აკავშირებს.
დონეცკის ოლქში რუსები წინსვლას ადასტურებენ როგორც უკრაინული, ასევე ამერიკული და ევროპული წყაროები. მათი შეფასებით, მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და რუსული ნაწილები დონბასის საკვანძო ქალაქებს უახლოვდენიან.
ამერიკული „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ მონაცემებით, განსაკუთრებით რთული სიტუაციაა პოკროვსკში, რომელიც უკრაინული არმიის მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ ცენტრს წარმოადგენს. მისი დაცემის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გაჭირდება უკრაინული ძალების მომარაგება მთელი დონბასის მასშტაბით.
ამავე წყაროს ცნობით, რუსებმა ამ ქალაქის მახლობლად დასახლებული პუნქტები პროგრესი და ევგენიევკა აიღეს, რის შედეგადაც უკრაინული დაჯგუფება „შეზღუდულ ალყაში“ მოქეცა.
პროექტ „დიპ სტეიტის“ ანალიტიკოსთა შეფასებით კი, მდგომარეობა კრიტიკულია და დღითიდღე უარესდება. განსაკუთრებით ეს ეხება ჩასოვ იარს, სადაც რუსებმა მთლიანად დაიკავეს კვარტალი სახელწოდებით „არხი“. უკრაინელი სამხედრო მიმომხილველების ცნობით, „არხის“ დაკავება რუსებმა საკმაოდ დიდი დანაკარგების ფასად შეძლეს, თუმცა ამის შედეგად უკვე რეალური გახდა ქალაქის დაცემა, რამაც შესაძლოა „მნიშვნელოვნად შეცვალოს დონბასის საბრძოლო-ოპერატიული რუკა“.
ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას აზრით, დონბასში რუსების წინსვლის მთავარი მიზეზი ისაა, რომ უკრაინა სამხედრო დახმარებას და მობილიზაციის შედეგებს ელოდება.
„რუსები დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებულ რეგიონებში აქტიურ ღონისძიებებს ახორციელებენ და ისინი, ფაქტობრივად, წარმატებით იკავებენ სტრატეგიული ტიპის ქალაქებსა და რაიონებს. აქ მათ საკმაოდ დიდი ოპერატიულ-ტაქტიკური უპირატესობა აქვთ, ხოლო ზაპოროჟიესა და ხერსონის ფრონტებზე მართლაც სიწყნარეა.
„ფრონტის ხაზზე უკრაინის ასეთი პასიურობის მიზეზი შეიძლება იყო ის, რომ ისინი სამხედრო დახმარებასა და მობილიზაციის შედეგებს ჯერ კიდევ ელოდებიან. მობილიზება უკვე დაიწყეს და ფაქტია, მათ ამ საკითხში აშკარად პრობლემა აქვთ. პირველი „ეფ-16“-ები კი ჩავიდა, მაგრამ მის გამოყენებას როდის დაიწყებენ, ესეც უცნობია.
„რუსები კი, როგორც ჩანს, დაქირავებული მებრძოლებით მობილიზებას აპირებენ. პუტინმა სპეციალურ დადგენილებას ხელი უკვე ხელი მოაწერა, რომლის მიხედვიდათაც დაქირავებულ მებრძოლებს სამჯერ მეტ თანხას გადაუხდიან. ეს ნიშნავს, რომ რუსები ფრონტის გარკვეულ მიმართულებაზე წარმატებების მიღწევას ცდილობენ.
„ამის გარდა, რუსეთი ცდილობს, რომ რამენაირად უკრაინაზე პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ზეწოლა მოახდინოს, რათა სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდეს. ბუნებრივია, უკრაინას პრობლემები აქვს, ისინი თავდაცვით ბრძოლაზე არიან გადასული და რამდენად აქვთ შემტევ პოზიციაში გადასვლის შესაძლებლობა, ესეც უცნობია“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან“.