
ახლო აღმოსავლეთში დიდი ომი შესაძლოა უახლოეს საათებში დაიწყოს. სხვადასხვა წყაროების ცნობით, „ჰამასის" ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის საპასუხოდ ირანის ისრაელზე თავდასხმას 5 აგვისტოს გეგმავს. თუმცა, მეორე სცენარის მიხედვით, თეირანი ისრაელზე შეტევას ტიშა ბავის დღესასწაულს - 12-13 აგვისტოს დაამთხვევს, რომ ემოციური და ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინოს ისრაელის მცხოვრებლებზე.
ამასთან ვარაუდობენ, რომ ირანის თავდასხმა ამჯერად უფრო მასშტაბური იქნება, ვიდრე ეს 13 აპრილს განახორციელა და მასში სავარაუდოდ ჩაერთვება ლიბანში მოქმედი „ჰეზბოლას" დაჯგუფება. გარდა ამისა, სხვადასხვა წყაროები ირწმუნებიან, რომ ამჯერად ირანი თავდასხმის შესახებ წინასწარ „არავის აცნობებს", როგორც მიმდინარე წლის აპრილში. მაშინ ირანმა ისრაელის მიმართულებით 300-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი და რაკეტა გაუშვა, თუმცა დახურული არხებით წინასწარ გაავრცელა ინფორმაცია მოახლოებული თავდასხმის შესახებ.
აქვე უნდა ითქვას, რომ 4 აგვისტოს ღამეს ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით მორიგი მასიური სარაკეტო შეტევა განხორციელდა.
თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მხარეებისთვის დიდ ომში ჩაბმა წამგებიანია და ამაზე დიდი ალბათობით არ წავლენ, თუმცა ირანი ისრაელს უპასუხებს. მისი თქმით, თუ სიტუაცია ყველაფრის მიუხედავად დაიძაბა, ამას საქართველოზე გავლენა ექნება როგორ უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.
უნდა აღინიშნოს, რომ აშშ- ისრაელის სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში ვაშინგტონი დამატებით სამხედრო ხომალდებს და ავიაგამანადგურებლებს აგზავნის და რეგიონში ისრაელის პოზიციებს აძლიერებს. პრემიერი ბენიამინ ნეტანიაჰუ ირანს „მძიმე ფასით" ემუქრება თუ თავდასხმას გაბედავს. ამავდროულად, თეთრი სახლი იმედოვნებს, რომ ირანი ისრაელთან ესკალაციაზე არ წავა. შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის გენერალი მაიკლ კურილა კი სიტუაციის ადგილზე გასაცნობად ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა.
ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დაძაბულობა ბეირუთში „ჰეზბოლას" მეთაურის, ფუად შუკრისა და თეირანში „ჰამასის" ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ გაიზარდა. ირანი და „ჰამასი" ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ და „ჰეზბოლასთან" ერთად შურისძიების პირობას დებენ.
გარდაუვალია თუ არა ირანის შეტევა
ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა „აქსიოს" ამერიკის და ისრეალის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანმა შესაძლოა ისრაელს 5 აგვისტოს დაარტყას. წყაროსთან ამერიკელი ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ დარტყმას იგივე სცენარი შეიძლება მოჰყვეს, რაც 13 აპრილის ისრაელზე თავდასხმას მოჰყვა, თუმცა, არც იმას გამორიცხავენ, რომ უფრო მასშტაბური გამოდგეს და მასში ჩაერთონ ლიბანში არსებული „ჰეზბოლას" დაჯგუფება.
აშშ-სა და ისრაელის ოფიციალურ პირებს მედიასთან უჭირთ იმის თქმა ირანი და „ჰეზბოლა" კოორდინირებულად დაარტყამენ ისრაელს, თუ ცალკ-ცალკე იმოქმედებენ. „აქსიოსი" ადასტურებს, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელი გენერალი მაიკლ კურილა ჩავიდა, რომელიც ეწვევა მათ შორის იორდანიასა და ისრაელს. გამოცემის ცნობით, ვიზიტის დროს, სავარაუდოდ, ის შეეცდება მოახდინოს საერთაშორისო და რეგიონალური კოალიციის მობილიზება, როგორიც ეს იყო, 13 აპრილის ირანის თავდასხმისას. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები აძლიერებს სამხედრო ყოფნას ახლო აღმოსავლეთში. მიხედავად დაძაბულობისა, ვაშინგტონი დამატებით სამხედრო ხომალდებს და ავიაგამანადგურებლებს აგზავნის.
„იერუსალიმ პოსტი" კი წერს, რომ „ჰამასის" ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის საპასუხოდ ირანი ისრაელზე თავდასხმას 12-13 აგვისტოს გეგმავს. ამ დღეებში ქვეყანა ტიშა ბავის აღნიშნავს - ეს დღე იხსენიება, როგორც ყველაზე სევდიანი დღე ისრაელის ისტორიაში, როდესაც იერუსალიმის პირველი და მეორე ტაძარი მიწასთან გასწორდა. ამ დღეებში განხორციელებულმა თავდასხმამ კი შესაძლოა, ემოციური და ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინოს ისრაელის მცხოვრებლებზე.
გარდა ამისა, როგორც „იერუსალიმ პოსტის" ინფორმაციაშია აღნიშნული, დასავლეთის დაზვერვის წარმომადგენლებმა „საქაი ნიუს არაბიასთვის" მიცემულ კომენტარში განაცხადეს, რომ ირანის თავდასხმა „ჰეზბოლასთან" იქნება კოორდინირებული.
„ტიშა ბავში ებრაელები პირველი და მეორე ტაძრების დანგრევის დროს გლოვობენ, ყოველწლიური ღონისძიების დროს ხდება მარხვა, გლოვა და თვითუარყოფის პრაქტიკა", - ნათქვამია მასალაში.
შესაძლო თავდასხმაზე კიდევ ერთი წყარო - ამერიკული „უოლ სთრით ჟორნალი" წერს. მასალაში აღნიშნულია, რომ ისრაელზე ირანის შემდგომი თავდასხმა შესაძლოა „იმაზე უფრო ძლიერი და მოულოდნელი იყოს", ვიდრე მიმდინარე წლის აპრილში, რა დროსაც ისრაელის მიმართულებით 300-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი და რაკეტა გაისროლეს და ამავდროულად, ირანმა წინასწარ აცნობა მოახლოებული თავდასხმის შესახებ. გამოცემის მტკიცებით, თეირანი ამჯერად თავის გეგმებს „არავის აცნობებს" წინასწარ.
„თაიმს ოფ ისრაელის" ცნობითაც, ამერიკელი და ისრაელელი მაღალჩინოსნები ვარაუდობენ, რომ ირანი და მისი მარიონეტული ძალები ისრაელზე თავდასხმას 5 აგვისტოს გეგმავენ. წყაროს ცნობით, ახლო აღმოსავლეთში უკვე ჩავიდა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური, გენერალი მაიკლ კურილა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო თვითმფრინავების ესკადრილიას აგზავნის.
როგორც „თაიმს ოფ ისრაელი" წერს, ვაშინგტონსა და თელ ავივში ფიქრობენ, რომ ირანის შეტევა 13-14 აპრილს თეირანის მიერ ისრაელზე განხორციელბული თავდასხმის მსგავსი იქნება.
რა გავლენა ექნება საქართველოზე აღმოსავლეთში კონფლიქტის გამწვავებას
თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მხარეებისთვის დიდ ომში ჩაბმა წამგებიანია და ამაზე დიდი ალბათობით არ წავლენ, თუმცა ირანი ისრაელს უპასუხებს. მისი თქმით, თუ სიტუაცია ყველაფრის მიუხედავად დაიძაბა, ამას საქართველოზე გავლენა ექნება როგორ უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.
„თარიღებზე წინასწარ საუბარი რთულია, თუმცა ფაქტია, რომ ამ ორ სახელწიფოს შორის სიტუაცია დაიძაბა. განსაკუთრებით ბოლო მკვლელობის შემდეგ და ალბათ მოსალოდნელია, რომ ირანი შურს იძიებს, თუმცა როგორ, ეს ნამდვილად არავინ იცის. მოულოდნელობის ეფექტი სწორედ ამაშია. ამას წინად რაკეტები დაუშინა, ახლა როგორ მოიქცევა უცნობია. არაა გამორიცხული „ჰეზბოლაც" ჩაერთოს, თუმცა ამ ომში ჩაბმა ძალიან წამგებიანია როგორც ირანისთვის, ასევე „ჰეზბოლასთვის". არც ისრაელისთვისაა მომგებიანი.
„მაინც მგონია, რომ რაღაც პასუხი იქნება, თუმცა არა ისეთი, რომ ამის გამო დიდი რეგიონალური ომი გაჩაღდეს. ახლა არცერთ მხარეს ამის რესურსი არ აქვს, მით უმეტეს უკრაინის და სხვა კონფლიქტების ფონზე, რომ ურთიერთობა გაამწვავოს. ახლა ირანის ხელისუფლებაში ახალი პრეზიდენტია მოსული, „ჰეზბოლაც" პოზიციებიც არაა ისეთი, რომ ყველაფერზე გარისკოს. თუ ისრაელს რაიმე სფართხე დაემუქრა, ბუნებრივია, აშშ ჩაერევა და სხვა შემთხვევაში იარაღის მოწოდებით შემოიფარგლება.
„ჩვენთვის ნებისმიერი დაძაბულობა კარგი არაა, მით უმეტეს ირანის ჩართულობით, რომელიც ჩვენ პირდაპირ არ გვესაზღვრება, მაგრამ მაინც საყურადღებოა. ამან შესაძლოა ძალიან დიდი გავლენა იქონიოს საქართველოზე და არა მხოლოდ, განსაკუთრებით მაშინ, თუ კონფლიქტი დიდხანს გაგრძელდა, რადგან ნავთობისა და გაზის ფასზე ბუნებრივია იმოქმედებს.
„მე მაინც მგონია, რომ რეგიონული მასშტაბის ომში არ გადაიზრდება, მაგრამ თუ აშშ ჩაერთო, მაშინ საქართველოზე გავლენა ექნება. ჩვენთან უკრაინის ომის ფონზე სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია და კიდევ ერთი ომის შუაგულში აღმოჩენა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის სტაბილურიბისთვის არასასურველია", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".