
ბრიტანეთში სამი პატარა გოგონას მკვლელობით გამოწვეული არეულობები არ წყდება. მიუხედავად მთავრობის ძალისხმევისა, თითქმის ყველა დასახლებულ პუნქტში შეტაკებები გრძელდება და ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ კონფლიქტი აშკარად რასობრივ ხასიათს იღებს.
ადგილობრივი და საერთაშორისო მედია, ისევე როგორც მთავრობა, ყველაფერს ულტრამემარჯვენე ექსტრემისტებს აბრალებს. „ბოლო ესკალაცია მოხდა მას შემდეგ, რაც ორ ქალაქში ულტრამემარჯვენეთა ბრბომ ცეცხლი წაუკიდა სასტუმროებს, სადაც თავშესაფრის მაძიებლები ცხოვრობდნენ, სხვადასხვა ქალაქებში ბრბომ დააზიანა საზოგადოებრივი შენობები, მოხდა შეტაკება პოლიციასთან. ისინი თავს ესხმოდენ ოფიცრებს და ამსხვრევდნენ მათ მანქანებს,“ - წერს სიენენი.
არეულობები იმდენად მასშტაბურია, რომ ბრიტანეთის საზღვრებს გასცდა და ჩრდილოეთ ირლანდიასაც მოედო, რომელიც გაერთიანებული სამეფოს „არაბრიტანულ“ ნაწილს წარმოადგენს.
ბევრმა ქვეყანამ გააფრთხილა საკუთარი მოქალაქეები, თავი შეეკავებინათ გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურობისგან.
პოლიციამ და სპეცრაზმმა 400-ზე მეტი ადამიანი დააკავა, მათგან 100-ზე მეტს პროკურატურამ ბრალი უკვე წაუყენა.
ახლადარჩეულმა პრემიერმა კირ სტრამერმა, რომლისთვისაც ეს პირველი დიდი კრიზისია, ორშაბათსა და სამშაბათს ორჯერ მოიწვია საგანგებო თათბირი. „ეს არ არის პროტესტი, ესაა ორგანიზებული ძალადობა, რომლის ადგილიც ჩვენს ქუჩებსა და ინტერნეტში არ არის,“ - განაცხადა მან.
პოლიცია მიიჩნევს, რომ გამოსვლების ორგანიზება იქსის, ვოთსაფისა და ტელეგრამის პლატფორმების გამოყენებით მოხდა. პროტესტის მონაწილეები იმიგრაციის აკრძალვას და მიგრანტების მხრიდან გახშირებული ძალადობის აღკვეთას ითხოვენ. განსაკუთრებული აღშფოთება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა დამნაშავის ვინაობის დამალვას.

„სამოქალაქო ომი გარდაუვალია“ - ასე უპასუხა იქსის მფლობელმა, მილიარდელმა ელონ მასკმა ბრალდებებს, თითქოს მისი პლატფორმა არეილობების თანამონაწილეა.
ძალადობის სამიზნე გახდა ბრიტანეთის შავ- და ფერადკანიანი მოსახლეობა, ასევე ზოგადად მუსლიმები. თუმცა შეინიშნება ასევე უმცირესობების მობილიზაცია და საპასუხო თავდასხმები „თეთრ“ ბრიტანელებზე. დაფიქსირდა თავდასხმები მეჩეთებზე, რის გამოც პოლიციას მათი გაძლიერებული დაცვა დაევალა.
„ამ ქვეყანაში ადამიანებს აქვთ უფლება იყვნენ უსაფრთხოდ. მიუხედავად ამისა, ვნახეთ თავდასხმები მუსლიმების კვარტლებზე, მეჩეთებზე, სხვა უმცირესობებზე, ნაცისტური მისალმებები ქუჩაში, თავდასხმები პოლიციაზე, უაზრო ძალადობა რასისტულ რიტორიკასთან ერთად,“ - თქვა პრემიერმა.
მთავრობა ამტკიცებს, რომ დანაშაული ბრიტანეთის მოქალაქემ ჩაიდინა, რომელიც ინგლისშია დაბადებული და გაზრდილი და არა იმიგრანტმა, რის გამოც პროტესტის ორგანიზატორებს სიცრუეში და ანტი-იმიგრანტული სენტიმენტების ხელოვნურად გაღვივებაში სდებს ბრალს.

თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დამნაშავე შავკანიანია და რომ ბოლო წლებში გაცხოველებულმა იმიგრაციამ ძირძველი ბრიტანელების გაღიზიანება გამოიწვია, ასევე თუ მხედველობაში მივიღებთ პოლიციის მიერ პოზიტიურად დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას უმცირესობების მიერ ჩადენილი დანაშაულის მიმართ, მიმდინარე არეულობები გასაკვირი არც არის.
ანტი-იმიგრაციული განწყობის გამოვლინება იყო სწორედ ის ფაქტიც, რომ გასული თვის საპარლამენტო არჩევნებზე ნაიჯელ ფარაჟის მემარჯვენე, ანტი-იმიგრანტულმა პარტია „რეფორმისტებმა“ მესამე ადგილი დაიკავა, რაც ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
„ნაიჯელ ფარაჯი ბედნიერი უნდა იყოს ამ დილით. ანტი-ემიგრანტები დათარეშობენ წაღმა-უკუღმა ქვეყანაში, შავი და ყავისფერი ხალხი კი შიშით თრთის,“ - განაცხადა ბრიტანეთის პირველმა შავკანიანმა დეპუტატმა, დაიან ებოტმა.
თავდასხმა ქალაქ საუთპორტის ბავშვთა საცეკვაო წრეზე წინა კვირას მოხდა. დანით შეიარაღებული 17 წლის შავკანიანი აქსელ მუგანვა რუდაკუბანა პატარა გოგონებისთვის განკუთვნილ გაკვეთილზე შეიჭრა და ბავშვებს დაერია. მოკლულია 6, 7 და 9 წლის სამი გოგონა. კიდევ 10-მა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.