ელზა პაპოშვილი
07.08.2024

კურსკში რუსებსა და უკრაინელებს შორის შეტაკებები გრძელდება - უკვე მეორე დღეა რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინელები შეიჭრნენ და რამდენიმე მნიშვნელოვანი სტრატეგიული და სამხედრო ობიექტები დაიკავეს. როგორც შიდა წყაროებიდან ხდება ცნობილი, რუსული თავდაცვის ზღუდეები გარღვეულია. თავდაცვის მეორე ხაზი გადალახულია. სუჯას გარშემო ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან უკრაინელებს ყველა სიმაღლე უკვე დაკავებული აქვს. ასევე  უკრაინული არტილერია აქტიურად ბომბავს კურსკის ოლქს. დრონები ბომბავენ ბელგოროდსა და ვორონეჟის ოლქებსაც. 

ცნობილი ხდეება, რომ უკრაინელები უტევენ მალაია ლოკნიას და ახდენენ სუჯას გარემოცვას. მალაია ლოკნიაში რკინიგზის მნიშვნელოვანი სადგურია. მისი გადაჭრით კი რუსული ლოჯისტიკის ერთ-ერთი არტერია გადაიჭრება.  

დილით, გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა კვლავ გააფრთხილა მოქალაქეები კურსკის ოლქში სარაკეტო საფრთხის შესახებ და მოუწოდა მცხოვრებლებს სისხლის დონაციისკენ "სასაზღვრო რაიონებში არსებული ვითარების გამო".

რუსული მხარის ინფორმაციით კი კურსკის ოლქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულთა შორის 6 ბავშვია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, „კურსკის ოლქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული მორიგი ტერაქტია“.

კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა განაცხადა, რომ ოლქში შექმნილი ვითარების შესახებ ვლადიმერ პუტინს შეატყობინა. 

როგორ დაიწყეს უკრაინელებმა კურსკზე შეტევა - მოვლენების განვითარების ქრონიკა 

6 აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ცნობები ვრცელდებოდა უკრაინული შენაერთების მიერ რუსეთის საზღვრის გარღვევისა და კურსკის ოლქში ღრმად წინსვლის შესახებ. როგორც BBC წერს, თავდაპირველად სასაზღვრო ზონაში ვითარების ესკალაცია და საზღვრის გარღვევა ისეთ მცდელობას ჰგავდა, რომელიც გასულ წელსაც მოხდა, მაგრამ თუ ბრძოლის ინტენსივობით ვიმსჯელებს, ამჯერად ყველაფერი უფრო სერიოზულია. 

სამშაბათს ღამით კურსკის რეგიონს დრონებით დაესხნენ თავს - რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა განაცხადა, რომ 26 დრონი ჩამოაგდეს. იმავე ღამით, სუჯას რეგიონულ ცენტრს, რომელიც რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 10 კილომეტრში მდებარეობს, ცეცხლი გაუხსნეს. დილით გავრცელდა ცნობები შეიარაღებული ჯგუფების მიერ რამდენიმე მიმართულებით გარღვევისა და სასაზღვრო ზონაში ბრძოლების შესახებ.

მსგავსი რამ მოხდა 2023 წელს, როდესაც უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა და რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა (ორივე გამოცხადდა ტერორისტულ ორგანიზაციებად რუსეთში და აიკრძალა) რეიდები განახორციელეს ბრიანკის, კურსკის და ბელგოროდის რეგიონებში. თუმცა, თვითმხილველების თქმით, მიმდინარე გარღვევისას იყო დიდი რაოდენობით ჯგუფები, ჯავშანტექნიკა, მკაფიო კოორდინაცია სხვადასხვა მიმართულებით მიმავალი რაზმების მოქმედებების შესახებ.

პირველი ოფიციალური წყარო, რომელმაც კომენტარი გააკეთა საზღვრის გარღვევის შესახებ, იყო კურსკის ოლქის ხელმძღვანელი, რომელიც ამტკიცებდა, რომ რუსეთის FSB-ის და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცებმა საზღვრის გარღვევის მცდელობა აღკვეთეს სუჯანსკის და კორენევსკის რაიონებში.

ამავე დროს, რუსი სამხედრო ბლოგერები ავრცელებდნენ ინფორმაციას კურსკის რეგიონში სასტიკი ბრძოლების შესახებ. ოთხშაბათს დილით ბლოგერებმა განაცხადეს, რომ ბრძოლა გრძელდება. "გასული ღამის განმავლობაში [მტერმა] ბრძოლაში ორი ბატალიონი გამოიყვანა. აქტიურად იყენებს არტილერიას. სუჯის მიმართულებით არის პროგრესი, ისევე როგორც გუშინ", - ნათქვამია "ტელეგრამ" არხზე "Архангел спецназа Z".

სამშაბათს, ომის მხარდამჭერმა "ტელეგრამა არხებმა" გაავრცელეს ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების წინსვლის შესახებ სუჯას ჩრდილო-დასავლეთით. სოციალურ ქსელში კი რეგიონული ცენტრის დაბომბვის ამსახველი ვიდეომასალა გამოჩნდა.

ოთხშაბათს ღამით ქალაქი სუჯა კვლავ ცეცხლის ქვეშ მოექცა, განუცხადა სამთავრობო, პროპაგანდისტულ "რიას" ქალაქის ხელმძღვანელმა, ვიტალი სლაშჩოვმა. აფეთქებები იყო ქალაქ კურჩატოვშიც, სადაც კურსკის ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. სავარაუდოდ, იქ საჰაერო თავდაცვის სისტემები მოქმედებდა.   

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“ მიიჩნევსს რომ უკრაინას კუსრკზე შეტევის რამდენიმე მიზანი შეიძლება ჰქონდეს. პირველ რიგში ის ცდილობს მათ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს.

„ამ სამხედრო-ოპერატულ რეიდს რამდენიმე სახის მიზანი აქვს. რუსეთზე ამ ფორმით ზეწოლას ახდენს, რათა ოპერატიულ-ტაქტიკური ინიციატივა დააკარგვინოს. იმ ძირითადი მიმართულებიდან, სადაც რუსები უფრო აქტიურები არიან, მათი შეიარაღებული ძალები გამოფიტონ. 

„რუსები იძულებული იქნებიან კონკრეტული ფრონტის ხაზიდან დანაყოფები მოხსნან  და კურსკის მიმართულებაზე გადაისროლოს. ამით კი ფრონტის ხაზზე უკრაინელები ძალთა ბალანსის შექმნას შეძლებენ. ეს კი მნიშვნელოვანია უკრაინის პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მიზნებისთვის. შეიძლება უკრაინა რუსეთზე სტრატეგიულ შეტევას აპირებს ფრონტის კონკრეტულ მიმართულებებზე და ამით ცდილობს რუსების ძალების დასუსტებას. ამას მანევრის სახით გამოიყენებს, რათა ყურადღების ცენტრის  სხვა მიმართულებაზე გადატანა მოხდეს“, - ამბობს მაისაია. 

მისივე თქმით, უკრაინელები ცდილობენ ფრონტის ხაზის რუსეთის ტერიტორიაზე გადატანას, რითაც რუსებს დამატებით სამხედრო რესურსი დასჭირდება. ეს კი ნიშნავს იმას რომ კონკრეტული ფრონტის ხაზი დაუცველი დარჩება და უკრაინას იქაც შეტევის მიტანა გაუადვილდება. 

„ბოლო პერიოდში ზელნსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული სარდლობის უკმაყოფილო იყო. იგივე სირსკის მიმართ ჰქონდა სერიოზული პრეტენზიები. ბოლოს უკრაინელები მხოლოდ სტრატეგიულ თავდაცვაზე იყვნენ გადასულები. ვერ ახორციელებენ ხელშესახებ ქმედებებს და შეტევას. ეს კი საკმაოდ ბევრ კითხვებს აჩენდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე დასავლეთში, რომელიც უკრაინას არც თუ ცოტა დახმარებას უწევს. 

„უკრაინელები ვეღარ ახორციელებენ ისეთი ტიპის შეტევებს, როგორც ეს 2022 წლის სექტემბერში მოხდა. ამიტომ ეს ყველაფერი ერთ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. სწორედ ამას მოიცავს, რომ უკრაინელები ფრონტის ხაზზე ძალთა ბალანსის შექმნას ცდილობენ. გარკვეული ინიციატივა შეინარჩუნონ და ფრონტის რომელიმე ხაზზე შეტევა დაიწყონ. სავარაუდოდ, ვფიქრობ ეს იქნება ზაპროჟიეს მიმართულება, რომელზეც უკრაინელების შეტევას უნდა ველოდოთ“, - ამბობს მაისაია.     

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×