
კურსკის ოლქში უკრაინული ნაწილების შეჭრა ნამდვილი შოკი აღმოჩნდა რუსული სარდლობისა და ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისათვის. მოსახლეობაში პანიკაა. უკრაინელთა შესაჩერებლად „კადიროველებიც" კი გადაისროლეს, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ საბრძოლო ოპერაციის საბოლოო მიზანი სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება და ამ მოლაპარაკებისათვის უკრაინის მომგებიან პოზიციაში ყოფნის უზრუნველყოფაა. ამაზე კიევში გაკეთებული ოფიციალური განცხადებებიც მიანიშნებს.
უკრაინის მიერ კურსკის ოლქის წარმატებით შეტევის გაგრძელების შემთხვევაში სამხედრო ექსპერტები ფრონტის ხაზზე სიტუაციის შეცვლას ვარაუდობენ. თუმცა „რეზონანსთან" საუბარში ისინი აცხადებენ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკების შემთხვევაში საუბრის მთავარი თემა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა იქნება და არა ტერიტორიების გაცვლა. მათივე აზრით, უკრაინელთა მთავარი მიზანია რუსების ყურადღება რომელიმე სხვა წერტილზე გადაიტანონ დონეცკის ოლქიდან, სადაც რუსულ ნაწილებს სერიოზული წარმატებები აქვთ.
„თუ კი, რუსეთი არ გაიყვანს დონეცკიდან და სხვა ოლქებიდან ძალებს და კურსკში არ გადაისვრის, მაშინ უკრაინა ნელ-ნელა სტრატეგიული ობიექტებისა და ქალაქების დაპყრობას განაგრძობს, ნუ, მერე რა და სად შეიძლება მოხდეს, ამას საქმე გვიჩვენებს", - განაცხადა სამხედრო ექსპერტმა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".
რა სიტუაციაა კურსკის ოლქში
ბოლო 24 საათში უკრაინელმა ჯარისკაცებმა კურსკში რუსების მიერ აგებული თავდაცვის ორი ხაზის გარღვევა შეძლეს. თავად რუსეთის სამხედრო ბლოგერების ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები კურსკის ოლქის სიღრმეში წინსვლას აგრძელებენ. სტატიის მომზადების პერიოდისათვის, ისინი უკვე 20 კმ-ზე იყვნენ შეჭრილი რუსეთის ტერიტორიაზე.
რუსეთის თადაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა უკრაინელების წინსვლა შეაჩერეს. მოსკოვში ასევე განაცხადეს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრილი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ იყენებენ ავიაციას.
უკრაინული მედიის მიხედვით კი, კურსკში ბრძოლებისას, სულ მცირე, 32 რუსი სამხედრო ტყვედ ჩაბარდა.
სამშაბათს უკრაინის შეიარარებულმა ძალებმა დასახლებული პუნქტი მალაია ლოკნია აიღეს და ივანიცას უტევენ. ამასთან შეტევა ხორციელდება ანასტასევკას და რადუტინას მიმართულებითაც. ჩართულია მექანიზებული ნაწილები, სწრაფმავალი მობილური ჯგუფები, რომლითაც რუსების სიღრმეში გადაადგილდებიან. შეტევის ამ მიმართულებას კურჩატოვამდე შეიძლება მივყავდეთ, სადაც ატომური ელექტროსადგური მდებარეობს.
ანალიტიკოს გიორგი კობერიძის ინფორმაციით, რუსები ჩივიან, რომ როსგვარდიის რეზერვი კი არის ადგილზე შეყვანილი, მაგრამ ზღუდეებით გამაგრებული არ არის. უკრაინული სატანკო ნაწილები და სტრაიკერები საგზაო მაგისტრალის გარდა ველებსა და მინდვრებს მიუყვება. რუსების თავდაცვის ყველა ზღუდე გადალახულია.
უკრაინელები კორონევოს მიმართულებითაც უტევენ, რომლის აღებას ან ალყაში მოქცევას ცდილობენ. ქალაქიდან მოსახლეობა გარბის. იბომბება რკინიგზა და სახმელეთო გზები. რუსული სამხედრო რეზერვი რამდენჯერმე მოჰყვა დრონებით დაბომბვის ქვეშ.
ასევე გრძელდება შეტაკებები ქალაქ სუჯის აღმოსავლეთ ნაწილში, რომლის ცენტრიც უკრაინელთა ხელშია. გუშინ ამ მიმართულებაზე რუსებმა შემთხვევით საკუთარი სამხედრო კოლონა დაბომბეს და დიდი ხანი ცდილობდნენ უკრაინულად გასაღებას.
მთელი ღამე იბომბებოდა ქალაქი კურსის შემოგარენი. რკინიგზის ხაზი რამდენიმე ადგილასაა განადგურებული. რკინიგზა რუსული ლოჯისტიკის მთავარი არტერიაა.
უკრაინული ნაწილები გადასროლილი არიან რუსეთის ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქების საზღვართანაც. რუსები შიშობენ, რომ ეს ან ცრუ მანევრია, ან იქაც აპირებენ იერიშის წამოწყებას უკრაინელები. ფაქტია, რომ რუსები რეზერვებს ვერ ხსნიან ამ მონაკვეთიდანაც.
რუსი ბლოგერების ინფორმაციით, ამ რეიდში 10 ათასი უკრაინელი სამხედროა ჩართული. კიდევ 15 ათასი საზღვარზეა მობილიზებული და ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაერთოს ბრძოლაში. მთელს კურსკის ოლქში გამოცხადებულია საგანგებო/სამხედრო მდგომარეობა.
მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისას მძიმედ დაიჭრა ცნობილი რუსი ბლოგერი და რუსული სამთავრობო არხების სამხედრო მიმომხილველი ევგენი პადდუბნი. ოფიციალური ინფორმაციით, მის ავტომობილზე საბრძოლო დრონით მოხდა თავდასხმა.
პადდუბნის თავის სერიოზული ტრამვა და სხეულის დამწვრობა აქვს. იგი სამკურნალოდ მოსკოვშია გადაყვანილი.
აღსანიშნავია, რომ უშუალოდ ბრძოლის ველზე შექმნილ საკიტუაციასთან დაკავშრებით ინფორმაცი მხოლოდ რუსული მხარისგან ვრცელდება. უკრაინული მხარე კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებზე არანაირ ინფორმაციას არ ავრცელებს.
რა მიზანი აქვს უკრაინას
ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული ნაწილების ამ მოულოდნელი რეიდით ოფიციალური კიევი სამშვიდობო მოლაპარაკების წინ მისთვის ხელსაყრელი მდგომარეობის შექმნას ცდილობს. ასეთი მოლაპარაკება კი, შესაძლოა, უკვე წლის ბოლოს გაიმართოს.
ამაზე პირდაპირ მიანიშნა უკრაინის პრეზიდენტის აადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა, სამშაბათს მან განაცხადა, რომ ასეთი ოპერაციები, რომელიც ამჟამად კურსკში მიმდინარეობს, „დადებითად აისახება რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებებზე". მისივე თქმით, ყველაფერი, რასაც უკრაინა აკეთებს, არის სამართლიანი მცდელობა იმისათვის, რომ მშვიდობა მიღწეული იქნას.
ანალიტიკოსთა ნაწილი ასევე ფიქრობს, რომ თუკი უკრაინა რუსეთის ტერიტორიის ნაწილის ოკუპირებას მოახერხებს, მაშინ ამით შეეძლება „ივაჭროს" კრემლთან და უკრაინის ოკუპირებული ოქლებიდან რუსული ნაწილების გასვლა უფრო აქტიურად მოითხოვოს.
სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაიაზ აზრით, კურსკის ოლქში უკრაინელების მოქმედება პირველ რიგში სამხედრო მიზნებითაა ნაკარნახევი. ამას შესაძლოა გარკვეული პოლიტიკური მიზნებიც ჰქონდეს, თუმცა მოსაზრებას, რომ რუსეთის ტერიტორიის ნაწილის ოკუპირება ოფიციალურ კიევს მხოლოდ მომავალში რუსეთთან ტერიტორიების გაცვლისათვის სჭირდება, მაისაია არ ეთანხმება.
„რუსებს ახლა ოპერატიული ინიციატივაც აქვს, ხოლო უკრაინელები ცდილობენ ოპერატიული და სტრატეგიული მდგომარეობა ფრონტის ხაზზე გათანაბრონ. თუ უკრაინელები კურსკის მიმართულებას გააძლიერებენ და კიდევ დამატებით სარეზერვო ძალების მობილიზებას მოახდენენ, მაშინ რუსებს სერიოზული ყურადღების გადატანა მოუწევთ.
„მე როგორც ვიცი, ჯერჯერობით უკრაინელები დანებებას არ აპირებენ და ამ პოტენციალს ინარჩუნებენ. ამას აუცილებლად ექნება ფსიქოლოგიური ეფექტი ექნება. ეს რუსეთისთვის სერიოზული რეპუტაციული ზიანია. ასევე თვითონ რუსეთის მოსახლეობაზეც აქვს გავლენა - იქ სერიოზული პანიკაა და თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობენ.
„შესაძლოა ეს უკრაინას სამშვიდობო მოლაპარკებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნისთვის სჭირდებოდეს, თუმცა უფრო სამხედრო პოტენციალის დაბალანსების მოსახდენადაა. მე გამოვრიცხავ, რომ აქ რუსეთისა და უკრაინას შორის ტერიტორიების გაცვლაზე იყოს რამე", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
პოლკოვნიკ ლაშა ბერიძის შეფასებით, უკრაინელთა რეიდს პირველ რიგში სამხედრო მიზანი აქვს. ხოლო შესაძლო მოლაპარაკებასა და ტერიტორიების გაცვლაზე საუბრაი არასერიუზულია.
„სამხედრო თვალსაზრისით აქ მიზანი აშაკარაა - როგორც მინიმუმ უკრაინამ უკვე მიაღწია იმას, რომ რუსეთი იძულებული გახდება უკრაინის ფრონტიდან ძალები გამოიყვანოს და კურსკის თავდაცვაზე გადაჯგუფდეს. იმ ძალებს იქ ვეღარ გამოიყენებს, რადგან ქვეყნის შიგნით ბრძოლისუნარიანი დანაყოფები არ ჰყავს და პოლიციურ დანაყოფებს უკრაინული საბრძოლო ქვედანაყოფების შეჩერება არ შეუძლია. ამ რეიდს სამხედრო თვალსაზრისით მინიმუმ ეს შედეგი ექნება.
„ამას პოლიტიკურადაც უდიდესი ეფექტი აქვს. აქამდეც რამდენიმე რეიდი განხორციელდა, მაგრამ ახლანდელი იმით არის აღსანიშნავი, რომ ეს ღიად გააკეთა უკრაინის ჯარმა და არა რუსმა ლეგიონერებმა, კავკასიელებმა, ან სხვებმა. პუტინის რეჟიმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თავდასხმაა, მათ საკუთარი მოსახლეობის დაცვა არ შეუძლიათ. ჩვენ სულ ვგრძნობთ პანიკას და მათაც გაიგონ რას ნიშნავს ეს", - აღნიშნავს ბერიძე „რეზონანსთან" საუბრისას.
მისივე შეფასებით, მოლაპარაკების პირობის შექმნა კარგია, თუმცა, თუ მოლაპარაკება შედგა, ის მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე იქნება და არა ტერიტორიების გაცვლაზე.
„ძალიან კარგი არგუმენტია სამშვიდობო მოლაპარაკების პირობების შესაქმნელად, რადგან რუსეთი თუ განაცხადებს, რომ მე აქ ვდგავარ და ეს ტერიტორია დამითმეთ, მაშინ უკრაინაც ზუსტად ამას იტყვის, თუმცა მე მაინც გეტყვით, რომ ეს ოპერაცია მაინც რეიდია და ვფიქრობ, იქ უკრაინელები დიდხანს არ გაჩერდებიან, უბრალოდ მიზანს მიაღწევენ, ვგულისხმობ უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გადაჯგუფებას, დონეცკიდან და სხვა ოლქებიდან, რათა რუსებმა უკან დაიხიონ და იძულებულები გახდნენ კურსკის ოლქზე გადაიტანონ ყურადღება. ხოლო თუ არ დაიცვეს, უკრაინელები წავლენ და წავლენ წინ...
„რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის და ამ რეგიონის გაცვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ვიღაც ექსპერტების უაზრო ლაპარაკია. უკრაინა ვერანაირ გაცვლას ვერ შესთავაზებს. ეს არის თეორიული საუბარი იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც საკითხში ვერ ერკვევიან. მე ასე ვფიქრობ, რადგან აქ ტერიტორიების დათმობაზე თუ გაცლაზე არ იქნება ლაპარაკი. მაქსიმუმ მოლაპარაკების შედეგი რაც შეიძლება იყოს, არის ცეცხლის შეწყვეტა. ვერცერთი უკრაინელი პოლიტიკოსი ამაზე ვერ ილაპარაკებს. ისინი თავიანთ განცხადებებში მინიშნებებს აკეთებენ და რუსებს (კურსკის ოლქში) ეუბნებიან, რომ დამშვიდდით, წადით სახლში და რეფერენდუმისთვის მოემზადეთ, რომ უკრაინას უნდა შემოერთდეთო. ზუსტად იგივე მეთოდებით ებრძვიან რუსებს, როგორც ისინი იქცევიან. ეს გასაგებია და ჩვეულებრივი დაშინების მეთოდია.
„ამრიგად, უკრაინის ამოცანა არის ის, რომ დონეცკსა და სხვა მიმართულებაზე ბზარი გაჩნდეს, რომ მათ შეტევის გაგრძელება შეძლონ, იქ ყველგან თავდაცვაა და აქ კიდევ შეტევის განხორციელების შესაძლებლობა არის.
„მოლაპარაკებებზე სპეკულაციებს მე სერიოზულად არ აღვიქვამ. ამ მოლაპარაკების მაქსიმალური შედეგი, რაზეც შეგვიძლია წლის ბოლოს ვილაპარაკოთ, ალბათ ცეცხლის შეწყვეტას შეეხება. ამის მეტი მე არ მგონია რამე იყოს", - განაცხადა სამხედრო ექსპერტმა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".