ნატალია ჯვარიძე
11.08.2024

უკვე მეოთხე დღეა, უკრაინელების შეტევა რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში, აქტიურად მიმდინარეობს. 11 აგვისტოს გამთენიისას მათ ბელგოროდის ოლქზეც სცადეს შეტევა. რეიდში ქართველი მოხალისეებიც მონაწილეობენ. ადგილობრივ მოსახლეობაში ისევ პანიკაა. ისინი ამბობენ, რომ რუსული მედია არ აშუქებს რეალურად რა მძიმე მდგომარეობაა. მათი ევაკუაცია არაორგანიზებულად მიდის. ანალიტიკოსები იმასაც ვარაუდობენ, რომ პუტინის ზეწოლით, შესაძლოა, ომში ბელარუსიც ჩაებას.

უკრაინული არმიის წარმატებით განხორციელებული შეტევის შესამცირებლად ანალიტკოსები არ გამორიცხავენ, რომ ბელორუსიის ჩარევით უკრაინას ყურადღება გადაატანინონ, რათა კურსკზე სიტუაცია განიმუხტოს.

„შესაძლებელია ლუკაშენკომ პუტინის ზეწოლით დათანხმდეს, რომ ერთგვარი მანევრირება გაკეთდეს, რათა ყურადღების ცენტრი ბელორუსიაზე გადავიდეს და კურსკის მიმართულება შენელდეს.", - განაცხადა ანალიტიკოსმა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

რა სიტუაციაა კურსკის ოლქში

ამ ოპერაციების შესახებ ძირითადად ინფორმაციები რუსული მედიის საშუალებით ვრცელდება, უკრაინელები თავს იკავებენ. მათივე ცნობით, 11 აგვისტოს გამთენიისას უკრაინულმა არმიამ კურსკის, ვორონეჟის, ბელგოროდის, ბრიანსკისა და ორიოლოს ოლქებზე მიიტანეს იერიში, რომლის შემდეგაც, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ 32 დრონი და „ტოჩკა-უ" ტიპის 4 რაკეტა ჩამოაგდო.

შაბათს ღამით უკრაინულმა დანაყოფებმა სახელმწიფო საზღვარი კურსკის ოლქში კიდევ ერთი მიმართულებით გადალახეს. თუკი აქამდე შეტაკებები სუჯას, კორენოვოსა და ლგოვის რაიონებში მიმდინარეობდა ახლა საბრძოლო მოქმედებები ბელოვსკის რაიონშიც დაიწყო.

ანალიტიკოს გიორგი კობერიძის შეფასებით, რუსების მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ უკრაინელები სუჯადანაც უტევენ ბელოვსკის მიმართულებას და უშუალოდ უკრაინის საზღვრიდანაც. რუსები კი ჩივიან, რომ რეალური სურათი უფრო მძიმეა ვიდრე რუსული არხები აღწერენო, თუმცა თავდაპირველად არსებობდა ვერსია თითქოს უკრაინელებმა ლამის მთელი რაიონი დაიკავეს და უშუალოდ ბელაიაში შევიდნენო. ეს ფაქტი მოცემული დროისთვის უარყოფილია. თუმცა შეტევა როგორც ჩანს, ამ მონაკვეთიდან არც თუ შორია.

რუსებმა „ვაგნერის" დანაყოფის ნაწილები რუს რეგულარულ ჯართან ერთად გადაისროლეს მის დასაცავად. უკრაინული არტილერია არ ჩერდება და მათ პოზიციებს აქტიურად ურტყამს. რუსული წყაროების ინფორაციით, კორენოვო-რილსკის გზაზე განადგურებული რუსული ტექნიკა ბევრია მიმოფანტულიო.

ასევე, შაბათს მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა ქალაქი კურსკის შემოგარენი და სამხედრო-ინდუსტრიული ცენტრები. თუკი რუსი იძულებით გადაადგილებული პირები აქამდე კურსკს აფარებდნენ თავს, ახლა უშუალოდ კურსკიდანაც დაიწყო მოსახლეობის ნაწილის გასვლა.

გიორგი კობერიძის თქმით, ბელგოროდში უკრაინული სახმელეთო იერიში ლიმიტირებულად გრძელდება, თუმცა ამაზე რუსები მხოლოდ გაკვრით საუბრობენ, მაგრამ სამაგიეროდ აქტიურად წერენ, რომ მთელი ღამის განმავლობაში უკრაინელები ბომბავდნენ მოსახლეობისაგან თითქმის დაცლილ და სამხედრო ობიექტად ქცეულ ქალაქ შებეკინოს ბელგოროდის ოლქში. ეს ქალაქი კი უკრაინის ხარკოვის ოლქზე რუსული სამხედრო იერიშების უმთავრესი გზაგამტარია და მომარაგების ერთ-ერთი პუნქტია.

რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ქვეყნის ოლქებში უკრაინის შეიარაღებული ძალების 32 დრონი და „ტოჩკა-უ" ტიპის 4 რაკეტა ჩამოაგდო.

„კურსკის ოლქის ტერიტორიაზე 14 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და ოთხი ტაქტიკური რაკეტა „ტოჩკა-უ" განადგურდა, ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე 16 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვაგდეთ, 3 - ბელგოროდში, ბრიანსკისა და ორიოლოს ოლქების მიმართულებაზე კი - თითი-თითო", - აღნიშულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით კი, კურსკის ოლქიდან 76 000-ზე მეტი ადმიანია ევაკუირებული, რომელთა ნაწილი ნაწილი დროებითი განსახლების ცენტრებში გაგზავნეს, ნაწილი კი - ნათესავებთან.

ასევე სამინისტროში განმარტავენ, რომ დროებითი განსახლების 60 ცენტრში 4,3 ათასზე მეტი ადამიანია განთავსებული. ევაკუაცია სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით ხორციელდება და მათ ანაწილებენ ვორონეჟის, კალუგის, ლიპეცკის, მოსკოვის, ორიოლის, ტვერისა და ტულის ოქლებში.

ვახტან მაისაიას თქმით, რუსეთი თავდაცვით ბრძოლებს აწარმოებენ და რატომღაც ტერიტორიების გასანთავისუფლებლად შეტევებს ვერ ახორციელებენ.

„უკრაინელებმა ახალი მიმართულება გახსნეს ბელგოროდისკენ. შაბათს ხარკოვის რეგიონიდან განახორციელეს შეტევა იმისათვის, რომ მეორე პლაცდარმი შექმნან. პირველი უკვე შექმნილია 15-20 კილომეტრის მასშტაბით, ანუ 15-20 კილომეტრი ფრონტის ხაზი და 20 კმ სიღრმეში შესული. ეს ფაქტობრივად დივიზიაა და საარმიო კორპუსის დონის ოპერაცია.

„საკმაოდ დიდი სტრატეგიული ძალებით არიან უკრაინელები შესული რუსეთის ტერიტორიაზე. არ ვიცი როგორ დასრულდა ეს ოპერაცია, რადგან საკმაოდ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მოდის როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან.

„რუსეთის შეიარაღებული ძალები თავდაცვით ბრძოლებზე გადავიდნენ. რატომღაც ისინი შეტევით ბრძოლებს ვერ აწარმოებენ, რომ საკუთარი ტერიტორიები გაანთავისუფლონ. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სერიოზულ პრობლემებს წარმოაჩენს.

„ამ ეტაპზე ბრძოლები მიდის კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაში და არის იმის ტენდენცია, რომ სუჯაც დაიკავონ უკრაინელებმა. ბრძოლები საკმაოდ სასტიკი და მძიმეა, მაგრამ რაც მთავარია, უკრაინელები ამ პლაცდარმს, რაც კურსკის ოლქში შექმნეს, საკმაოდ მყარად ინარჩუნებენ და მის გაფართოებას ცდილობენ. ყოველ შემთხვევაში ამის მცდელობა შაბათს იყო. ფაქტია, რომ კურსკში სიტუაცია უკრაინელების სასარგებლოდაა", - აღნიშნავს მაისაია.

გენერალ მაიორი ვახტანგ კაპანაძე ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით ამბობს, რომ უკრაინელებმა ბელგოროდში დაკავებული პლაცდარმი გააფართოვეს, ხოლო კურსკის ოლქში შეტევის სამი ძირითადი მიმართულება მიმართულება გამოიკვეთა.

„ბოლო მონაცემებით, როგორც ჩემთვისაა ცნობილი, უკრაინელები დაკავებულ პოზიციებს ამაგრებენ. ნაწილობრივ გააფართოვეს ბელგოროდის მიმართულება. თვითონ კურკსში სამი მიმართულება გამოიკვეთა და ჯერჯერობით ამ სამზე უფრო სიდიდით შესვლა აღარ აქვთ", - აღნიშნავს კაპანაძე.

მისივე ინფორმაციით, რუსეთის ოლქებში ევაკუაციაა საკმაოდ არაორგანიზებულად მიმდინარეობს და ხალხი უკმაყოფილოა.

„რუსეთში ევაკუაცია დაწყებული, კერძოდ, ლიპეცკში ვინაიდან ის მნიშვნელოვნად დაიბომბა. ასევე რა თქმა უნდა, კურკიდანაც აქტიურად გამოდის ხალხი, როგორც ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ თქვა, პირველი შეტევებიდან 200 კაცი გამოიყვანეს და ახლა ათასობით კაცია წამოსული, რომლებსაც საცხოვრებელი სახლები მიატოვეს. მათი ევაკუაცია საკმაოდ არაორგანიზებულად მიმდინარეობს და თვითონ მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს", - განაცხადა კაპანაძემ.

ჩაერთვება თუ არა ომში ბელარუსი

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ცხრა აგვისტოს რესპუბლიკის ტერიტორიის თავზე უკრაინის „საჰაერო სამიზნე" ჩამოაგდეს. ლუგაშენკომ ისიც თქვა, რომ ნებისმიერი პროვოკაცია უპასუხოდ არ დარჩება.

„პირველად არ მომხდარა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქცევის ყველა წესი და ბელარუსის რესპუბლიკის საჰაერო სივრცე დაარღვიეს", - აღნიშნა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, შემთხვევა რუსეთის მოსაზღვრე კოსტიუკოვიჩის რაიონში მოხდა, რის შედეგადაც ჩამოგდებულია რამდენიმე სამიზნე, რომელთა ფრაგმენტებს ამ დრომდე ეძებენ.

„ჩვენ ვეჭვობთ, რომ ეს იყო უპილოტო საფრენი აპარატები", - განაცხადა ლუკაშენკომ და აღნიშნა, რომ სამხედროებს დაავალა, მიიღონ შესაბამისი ზომები ბელარუსის ტერიტორიის დასაცავად.

„რაში სჭირდება ეს უკრაინას, არ მესმის, უნდა გავარკვიოთ. მაგრამ, როგორც მე ვთქვი, ჩვენ მკაფიოდ განვუსაზღვრეთ მათ და მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ნებისმიერი პროვოკაცია უპასუხოდ არ დარჩება", - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

მედიის ცნობით კი, ამ ინციდენტის შემდეგ ბელარუსმა უკრაინის საზღვართან ახალი სამხედრო ნაწილები გადაისროლა.

ვახტანგ კაპანაძის შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ ბელარუსს ამ ომში ჩაბმა მაინც და მაინც არ უნდა, გამორიცხული არაა პუტინის იძულებით ბელარუსმა ეს ნაბიჯი გადადგას.

„ომია და ბელარუსელები ძალიანაც ნუ გაიპრანჭებიან, რადგან თვითონ აშკარად ეხმარებიან რუსებს. ეს საჰაერო სამიზნე ბელარუსის დასაბობმად ნამდვილად არ იქნებოდა, შეიძლება რუსეთის ტერიტორიაზე შესასვლელად გადაჭრეს ბელარუსის საჰაერო სივრცე. ასე რომ, აქ ბელარუსის წინააღმდეგ მოქმედება არ იყო.

„ომში ჩართვას ბელარუსი სულ თავს არიდებდა. არ ვიცი ახლა რუსებს რამდენად გაუჭირდებათ, თუმცა გამორიცხული არაა პუტინის იძულებით ლუკაშენკომ რაღაც სულელური ნაბიჯი გადადგას და ომში ჩაებას, მაგრამ მათი მხრიდან დიდი სურვილი მაინც არ ჩანს", - აღნიშნა კაპანაძემ.

ვახტანგ მაისაიას თქმითაც, შესაძლებელია პუტინის ზეწოლით, ლუკაშენკო დათანხმდეს უკრაინაზე დარტყმას, რათა ამით უკრაინელების ყურადღება კურსკის ოლქიდან ბელარუსზე გადაიტანონ.

„როდესაც ასეთი სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედება მიმდინარეობს, ბუნებრივია, ამ დროს შესაძლებელია მიმდებარე ტერიტორიებზეც მოხდეს გარკვეული ხარვეზები და თავისუფლად შეიძლებოდა უკრაინული დრონები შემთხვევით ბელარუსის ტერიტორიაზე შესულიყო. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინელები ბელარუსის ტერიტორიაზე შეჭრას აპირებენ.

„ახლა პუტინი ძალიან გამწარებულია და ის ფაქტი, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრაა დაფიქსირებული და სამხედრო მდგომარეობის ნაცვლად კონტრ-ტერორისტული რეჟიმი გამოაცხადა, საკმაოდ უცნაური მოვლენაა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ამ კონტრ-ტერორისტული ოპერაციის რეჟიმის შესრულება დაევალა არა თავდაცვის სამინისტროს, არამედ ფედერალური უშიშროების სამსახურს, ესეც კურიოზული სიტუაციაა.

„თუმცაღა, გამორიცხული არაა პუტინმა ლუკაშენკოზე ზეწოლა მოახდინოს, რათა რუსეთის ის კონტიგენტი, რომელიც ბელარუსის ტერიტორიაზეა, რომ კურსკის ოპერაცია როგორმე გააბათილონ. ამ ვარიანტს არ გამოვრიცხავ", - აცხადე მაისაია.

ქართველები უკრაინული არმიის რეიდში

ვახტან მაისაიას ინფორმაციით, რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული არმიის ამ რეიდში დაახლოებით 120 ქართველი მებრძოლი მონაწილეობს.

„სხვათა შორის, ამ რეიდში დაახლოებით120-მდე ქართველი მოხალისეც იბრძვის. ერთ-ერთი რუსული სოფლის დაკავებისას, მგონი ბელგოროდის ოლქში, ქართული და უკრაინული დროშები გამოფინეს და ამის ვიდეოც გავრცელდა. მათ სავარაუდო რიცხვზე რუსებმა გაავრცელეს ინფორმაცია. ვერ გეტყვით რამდენად დაზუსტებულია, თუმცა ის, რომ ჩვენი დროშა იქ დაფიქსრიდა, ეს ფაქტია.

„ქართული ლეგიონი" მაღალი დონის ბრძოლისუნარიანი შენაერთი და ფრონტის იმ ყველაზე რთულ მონაკვეთებზე იმყოფება, სადაც ყველაზე მეტად უჭირთ უკრაინელებს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვახტანგ კაპანაძე კი ქართველ მოხალისეებს მოუწოდებს, რომ სამხედრო ოპერაციებზე ინფორმაციების გაცემისგან თავი შეიკავონ.

„როდესაც უკრაინა სამხედრო დუმილს ინარჩუნებს სამხედრო მოსამსახურე, რომელიც უკრაინულ არმიაში მსახურობს, იქნება ეს მოხალისე თუ სხვა, გამოვიდნენ და ასეთი განცხადებები გააკეთონ ჩემი აზრით, ეს არ შეიძლება, მართებული არაა. ვგულისხმობ იმ ქართველ სამხედროებს, რომლებიც ტელევიზორში ჰყვებიან, თუ როგორ და ვინ გეგმავდა ოპერაციებს, ასევე ტელეფონით როგორ მართავდნენ (რამდენად მართავენ ტელეფონით ოპერაციებს - ეს ცალკე თემაა).

„მე როგორც ვიცი, 50-ზე მეტი რუსი ტყვე აიყვანეს, თუ იქ ქართველი მებრძოლები არიან, ჩემი რჩევა იქნება, ესენი (რუსები) ქართველ ტყვეებში გაცვალონ, რომლებიც რუსების ხელში არიან. ჯერჯერობით (ტყვეთ გაცვლის დროს) იქიდან ქართველი ჯერ არავინ გამოუყვანიათ. ამიტომ ვისურვებდი ეს მოხდეს", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×