სანამ უკრაინის არმია რუსეთის სიღრმეში მიიწევს, რუსები დონბასში ახალ ტერიტორიებს იკავებენ
ელზა პაპოშვილი
13.08.2024

უკრაინული ნაწილები წარმატებით მიიწევენ წინ რუსეთის კურსკის ოლქში, თუმცა რუსები იგივეს აკეთებენ უკრაინის დონეცკის ოლქში. სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, კურსკის ოლქში მოულოდნელი ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყებით ოფიციალური კიევი სერიოზულ რისკზე წავიდა, რომლის შედეგებიც ჯერჯერობით ბუნდოვანია.

„დიპ სტეიტის“ მონაცემებით, რუსებმა დონბასში კიდევ სამი დასახლებული პუნქტი დაიკავეს და კიდევ რამდენიმე მიმართულებაზე დაახევინეს მოწინააღმდეგეს.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, კურსკის მოვლენები აჩვენებს, რომ ომში ინიციატივა უკრაინის მხარეს გადავიდა. 

„ნიუ იორკ თაიმსი“ კი წერს, რომ სამხედრო ანალიტიკოსების უმრავლესობა ჯერ კიდევ სკეპტიკურად უყურებს უკრაინელების სამხედრო ოპერაციას კურსკის ოლქში, რადგანაც რუსებს ჯერ კიდევ აქვთ საკმარისი რეზერვები ამ კრიზისზე რაგირებისათვის უშუალოდ უკრაინის ფრონტიდან ძალების გადმოსროლის გარეშე. 

მათი აზრით, თუკი უკრაინელებს იქ ცოცხალი ძალისა და შეიარაღების სახით მნიშნელოვანი რესურსის დახარჯვა მოუწიათ, შესაძლოა ამის გამო სერიოზული პრობლემები შეექმნათ დონბასში, რაც შეიძლება მათთვის სამხედრო კატასტროფით დასრულდეს. 

თუმცა, მეორეს მხრივ, კურსკის ოპერაციას აქვს პოტენციური პლესები უკრაინისათვის:

- თუკი რუსები მაინც გახდებიან იძლებული უკრაინის ფრონტიდან  კურსკშ გადაისროლონ ძალები, ეს საგრძნობლად  გაუადვილებს უკრაინელებს თავისი ტერიტორიების დაცვასა და გათავისუფლებას;

- უკრაინელების მორალური განწყობა მნიშნელოვნადაა დაცემული, რადგამაც ომში ბოლოს ხელშესახები წარმატება მათ 2022 წლის შემოდგომაზე ჰქონდათ. რუსეთის ტერიტორიაზე წარმატებულ დარტყმას შეუძლია გააძლიეროს უკრაინელების რწმენა გამარჯვებაში;

- უკრაინელთა დამაჯერებელი გამარჯვება დაარწმინებს დასავლეთს, რომ ისინი ტყუიად არ ხარჯავენ ფულს უკრაინის სამხედრო დახმარებისათვის;

- რუსების დამარცხებით უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინელები აჩვენებენ, რომ „წითელი ხაზები“ და „ესკალაციის რისკი“ მხოლოდ კრემლის ბლეფია, რომელზეც ყურადღების მიქცევა არ ღირს. ამა შეიძლება მოკავშირეებს იმისკენ უბიძგოს, რომ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის გამოყენების ყველანაირი შეზღუდვა მოუხსნან.

ქართველი ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ მოვლენების განვითარების სხვდასახვა ვერსიებს განიხილავენ. მათი აზრით, დიდი ალბათობით უკრაინელები კურსკს უკრაინულ ტერიტორიებში გასაცვლელად იკავებენ. მათი ნაწილის აზრით, ეს ტერიტორია ოფიციალურმა კიევმა, შესაძლოა, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების იმ ნაწილებში გაცვალოს, რომელიც ამჟამად რუსული არმიის კონტროლის ქვეშაა.

ანალიტიკოსები ასევე მიიჩნევენ, რომ რუსებს კურსკის ოლქში კონტრშეტევისათვის ასე სწრაფად დანაყოფების გადმოსროლა გაუჭირდებათ, ამიტომ მანამდე უკრაინელები კურსკის ტერიტრიის მნიშვნელოვანი ნაწილების გამაგრებას შეეცდებიან.

რაც შეეხება ოფიციალურ მონაცემებს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალერქსანდრ სირსკის მიერ პრეზიდენტ ზელენსკისათვის სამშაბათს წარდგენილი ანგარიშის თანახმად, უკრაინული ნაწილებმა რუსეთის ტერიტორიაზე 74 დასახლებული პუნქტი დაიკავეს და საერთო ჯამში 1000 კვარდატული კილომეტრის ტერიტორიას აკონტროლებენ.

რუსული მხარის მონაცემებით კი, უკრაინულ არმიას 28 რუსული დასახლებული პუნქტი აქვს დაკავებული. ურსეთის ტერიტორიაზე გამავალი ფრონტის ხაზი კი 40 კმ სიგრძისაა და უკრაინელები რუსეთის ტერიტორიაზე 12 კმ-ის სიღრმეში არია შესული. ანუ, მათი კონტროლის ქვეში რუსეთის ტერიტორიის 480 კვადრატული კილომეტრია.

ეს მონაცემები ორშაბათს მოსკოვში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე დასახელდა.

ეს შეხვედრა კი საკმაოდ დაძაბული იყო და კრემლში არსებულ განწყობას კარგად ასახავდა თუნდაც ის ფაქტი, რომ პუტინმა კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს, ალექსეი სმირნოვს სიტყვა შეაწყვეტინა, როდესაც მან კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლის მასშტაბებზე დაიწყო საუბარი. 

სმირნოვი: „სიტუაცია ისევ რთულადაა. უკრაინელები რეგიონში 12 კილომეტრის სიღრმეზე არიან, ფრონტის ხაზი 40 კილომეტრის სიგანისაა...“

პუტინი: „მისმინეთ, ალექსეი ბორისოვიჩ, სიღრმისა და სიგანის შესახებ თავდაცვის სამინისტრო შეგვატყობინებს. თქვენ სოციოეკონომიკურ სიტუაციაზე გვესაუბრეთ და იმაზე, თუ როგორ ეხმარებით ხალხს“. 

მოვლენების განვითარების რამდენიმე სცენარი  

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ის, რაც პუტინს კიევში უნდოდა ბლიცკრიკის სახით და არ გამოუვიდა, კურსკში უკრაინელებს გამოვიდათ და ამ შოკის ეფექტიდან კრემლი და მისი სარდლობა ჯერ კიდევ ვერ გამოდის. იგი სავსებით დასაშვებად მიიჩნევს, რომ მომავალშ სამშვიდობო მოლაპარაკებისას უკრაინამ და რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიები გაცვალონ.

„უკრაინელებმა კურსკში ფაქტობრივად 28 სოფელი დაიკავეს. აპირებენ პლაცდარმი კიდევ უფორ გააფართოვონ და ბელგოროდამდე მივიდნენ. უკრაინელები ამით ცდილობენ რუსეთის ტერიტორიაზე საკუთარი ოკუპაციის სივრცე შექმნან და შემდეგ კრემლი აიძულონ, რომ ტერიტორიები გაცვლონ - შეთანხმდნენ, რომ რუსები გამოდიან უკრაინის ტერიტორიიდან, უკრაინელები კი რუსების ტერიტორიიდან. ასეთი შეთანხმების მიღწევაც შეიძლება. 

„რაც შეეხება დაკავებული ტერიტორიის ფართობზე ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს. პუტინმა იმიტომ ახსენა 480 ჯვადრატული კილომეტრის დაკავება უკრაინელების მხრიდან, რომ იქ არის კიდევ რუხი, ბუფერული ზონები, ანუ ტერიტორიები, რომელსაც ორივე მხარე მხოლოდ ნაწილობრივ აკონტორლებს. ამიტომ ის ამ ბუფერულ ზონებს არ ითვლის. 

„სამაგიეროდ სირსკი ითვლის და 1000 კვადრატულ კილომეტრს ამბობს. ესეც გარკვეული სამხედრო ტაქტიკური თამაშის ნაწილია, რომელსაც ორივე მხარე მიმართავს. 

„რაც შეეხება ქალაქ სუჯას, ისიც არ არის სრულად აღებული და აქაც ეს ბუფერული ზონებია. იქ აღმოსავლეთ ნაწილს ისევ რუსები აკონტროლებენ, ხოლო დასავლეთი და ჩრდილოეთი უკრაინელებს აქვთ აღებული. აი, ამიტომ არ მიაჩნია პუტინს სირსკის დათვლილი კვადრატული კილომეტრები სწორად. თუმცა, ორივე მხარეს ამით მანიპულირება შეუძლია“, - ამბობს მაისაია. 

მისივე თქმით, კურსკის ოქლში უკრაინელები უკვე სტრატეგიულ - ოპერატიული დანაყოფების დონეზე შედიან. 

„შესაძლოა  უკრაინელები ვორონეჟის მიმართულებითაც გავიდნენ, სადაც არის ატომური ელექტროსადგური და ის ორი სახის დანიშნულების მატარებელია. იქ რუსები პლუტონიუმს ამუშავებენ, რომელიც ბირთვული იარაღის წარმოებისთვის სჭირდებათ. თუ უკრაინელებმა ეს გააკეთეს, მაშინ რუსების რეალური დაშანტაჟების ძალიან კარგი ბერკეტი ექნებათ ხელთ, რათა ტერიტორიების გაცვლა მოხდეს. 

„თუმცა არ არის გამორიცხული, რომ უკრაინელებს სხვა მიზნებიც ჰქონდეთ და პუტინის წინააღმდეგ გარკვეული სეპარატისტული ძალებიც კი შექმნან, რომელიც კურსკის მართვაში უკრაინელებს დაეხმარება. ბევრი სცენარით შეიძლება მოვლენები განვითარდეს“, -ამბობს მაისაია.

კურსკი ხერსონისა და ზაპოროჟიეს სანაცვლოდ?

საქართველოს  შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ უკრაინელებმა რუსების მოტყუება და მათი მახეში გაბმა მოახერხეს. მიუხედავად იმისა,  რუსეთ-უკრაინის საზღვართან უკრაინული ნაწილების გადაადგილება შეიმჩნეოდა, რუსებს ეგონათ, რომ ისინი თავდაცვისთვის ემზადებოდნენ. რეალურად კი უკრაინამ კურსკზე შეტევა დაიწყო, რაც კრემლისთვის სრული მოულოდნელობა და უდიდესი კრახია. 

„მე ვფიქრობ და ერთ-ერთ სცენარად ამას განვიხილავ, რომ ზელენსკი მოლაპარაკების მაგიდასთან შეიძლება კონკრეტული პირობით მივიდეს და დაკავებული კურსკის რუსეთისთვის დაბრუნების სანაცვლოდ ხერსონის და ზაპოროჟიეს გათავისუფლება მოითხოვოს.

„ვხედავთ, როგორი დაბნეულობაა თავად კრემლში და გენერალიტეტში. რუსები ცდილობენ გარკვეული დანაყოფები, რომლებიც დასასვენებლად  ზურგში გაყვანილი ჰყავდათ, როტაციის წესით კურსკისკენ წაიყვანონ. არ ვიცი რამდენად სწრაფად მოახერხებენ ამას, რადგან ასეთი მარტივი არაა დანაყოფის ერთი ფრონტიდან მეორეზე გადაყვანა თუნდაც როცა ზურგში დასასვენებლად არიან გადასროლილი. მითუმეტეს სექტემბერი მოდის თავისი წვიმებით და შესაბამისად, უკრაინელებს კურსკში დაკავებული ტერიტორიების დაცვა გაუადვილდებათ. 

„გააჩნია, რის დაცვას გადაწყვეტენ უკრაინელები. არ მგონია რაც დაიკავეს, მთლიანად იმ ტერიტორიის დაცვა დაიწყონ, რადგან ეს ძალიან რთული იქნება და სამხედრო თვალსაზრისითაც არ არის მომგებიანი“, - მიიჩნევს გენერალი კაპანაძე.

მისი შეფასებით, უკრაინელების მხრიდან კურსკის ოლქში ტერიტორიების დაკავების სამი მთავარი მიზეზი იკვეთება - პოლიტიკური, ოპერატიული და ტაქტიკური.

„ფაქტია და ცალსახად ჩანს ჩანაფიქრი, რომ უკრაინელები კურსკის დაკავებით ცდილობენ ოპერატიულ დონეზე რუსების ზეწოლა  დონბასის მიმართულებაზე შეეჩერებინათ.

„რაც შეეხება ტაქტიკურ მიზანს, უკრაინელები ცდილობენ რუსეთის გარკვეული ტერიტორიები დაიკავონ. თუ ამის შესაძლებლობა ექნებათ, უკრაინის მცდელობაში შეიძლება ყოფილიყო ჩადებული კურსკის ატომური ელექტროსადგურის აღება, თუმცა ეჭვი მეპარება ეს შეძლონ. ასევე მიზანი აქვთ, რომ ვოლჩანსკის და სხვა რაიონებიდან რუსული ძალების გამოწვევა მოხდეს, თუმცა ეს მისცემს უკრაინელებს საშუალებას, რომ ვოლჩანსკი ისევ მათ ხელში აღმოჩნდეს“, - ამბობს კაპანაძე. 

ხოლო რაც შეეხება უკრაინელების პოლიტიკურ მიზანს, გენერალი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ეს სიტუაცია მოლაპარაკების შემთხვევაში ოფიციალური კიევის პოზიციებს აძლიერებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×