რატომ აირჩია პუტინმა „წაყრუების პოლიტიკა" და როგორ ეცდება იგი რუსეთში შეჭრილი უკრაინული ნაწილების შეკავებას
ნატალია ჯვარიძე
14.08.2024

უკრაინელები კურსკის ოლქში წინსვლას განაგრძობენ და პარალელურად, უკვე დაკავებული ტერიტორიების გამაგრებაზე არიან გადასული. აქტიურად დაიწყო შეტევა ბელგოროდის მიმართულებაზეც. ამის გამო ბელგოროდში 14 აგვისტოს ოფიციალურად გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. რუსები კი უკვე იძულებული არიან უშუალოდ უკრაინის ფრონტიდან გადაისროლოს სამხედრო ნაწილები თავისი ტერიტორიების დასაცავად.

14 აგვისტოს უკრაინის სარდლობამ ოფიციალურად განაცხადა კურსკის ოლქის ქალაქ სუჯას აღების შესახებ. ინტერნეტში კი გავრცელდა საინტერესო ფოტო, რომელიც, ავტორთა ცნობით, სუჯას ცენტრშია გადაღებული. მასზე ჩანს კედელზე გაკეთებული წარწერა" „ეს თქვენ საქართველოსთვის".

შეგახსნებეთ, რომ ოთხშაბათს, 14 აგვისტოს აფხაზეთის ომის დაწყებიდან 32 წლი შესრულდა.

ანალიტიკოსთა შეფასებით, კურსკის მოვლენები სერიოზული რეპუტაციული დარტყმაა კრემლისთვის და ამის ფონზე კრემლის რეაქცია საკმაოდ უცნაურად გამოიყურება. სხვა მსგავსი ან ნაკლებად მასშტაბური მოვლენების დროს, მაგალითად, როგორიც იყო აფეთქება ყირიმის ხიდზე. ოფიციალური მოსკოვის რეაქცია უფრო მკვეთრი იყო - კეთდებოდა განცხადებები „წითელ ხაზებზე", ხორციელდებოდა საპასუხო მასშტაბური საჰაერო დარტყმები უკრაინის ქალაქებზე, პროპაგანდისტულ მედიაში იწყებოდა საუბარი ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყნებაზე და ა.შ.. ახლა კი მსგავსი არაფერი ხდება.

„პუტინი ცდილობს მსოფლიოს დაანახოს, რომ ამას სერიოზულად არ აღიქვამს და არ ეშინია... ვითომ ეს უკრაინელების უკანასკნელი გაბრძოლებაა და მან კატა-თაგვობანას თამაში ამჯობინა", - განაცხადა ამ თემაზე „რეზონანსთან" საუბრისას სამხედრო ანალიტიკოსმა ვახტანგ მაისაიამ.

სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ კაპანაძის აზრით კი, შესაძლოა რუსეთმა, კურსკის მოვლენების საპასუხოდ, კიევის ცენტრზე მასშტაბური სარაკეტო დარტყმა განახორციელოს.

„რა თქმა უნდა, ისინი ახლა შეეცდებიან გააწონასწორონ მდგომარეობა, ამ მიმართულებაზე ძალები გადაჰყავთ და მე რატომღაც მგონია, რომ რუსები უახლოეს მომავალში მნიშვნელოვან დარტყმას განახორციელებენ".

რა ხდება რუსეთის ფრონტზე

უკრაინელები რუსეთის ტერიტორიაზე თავის პლაცდარმს აფართოვებენ. გერმანული „ბილდის" ცნობით, ბოლო 24 საათში მათ კიდევ 4 დასახლებული პუნქტი დაიკავეს

ვორონეჟის ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრ გუსევი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, წუხელ უკრაინული დრონებით თავდასხმა მოხდა.

მისი განცხადებით, ოლქში „დიდი რაოდენობით თვითმფრინავის ტიპის დრონის" ლიკვიდაცია განხორციელდა.

გუბერნატორის ინფორმაციით, დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაფიქსირდა ცალკეული საცხოვრებელი კორპუსების, საყოფაცხოვრებო შენობებისა და ავტომობილების დაზიანება, მშრალი მცენარეული საფარის ხანძარი.

ამასთან, „ტელეგრამზე" ქვეყნდება ვიდეო, სადაც ნაჩვენებია აფეთქებები ქალაქ ბორისოგლებსკში ვორონეჟის ოლქში. აღსანიშნავია, რომ ამ რუსულ ქალაქში სამხედრო აეროდრომი მდებარეობს, რომელსაც რუსულია ავიაცი უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმებისათვის აქტიურად იყენებს.

დრონებით თავდასხმები განხორციელდა ორიოლის ოლქში. თავდასხმის ამსახველ ვიდეო მასალას ადგილობრივი მცხოვრებლები ავრცელებენ. ადგილობრივ ხელისუფლებას ამაზე, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია.

ბელგოროდის ოლქში კი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ოლქს ყოველდღე ბომბავენ, რის შედეგადაც, რამდენიმე სახლი დაინგრა, ხოლო ადგილობრივებს შორის დაშავებულები და დაღუპულები არიან.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, დღეიდან, ბელგოროდის ოლქში რეგიონულ დონეზე საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადოთ", - განაცხადა 14 აგვისტოს გლადკოვმა.

მისივე თქმით, ოლქში სიტუაცია რთულია და გეგმავს საგანგებო მდგომარეობის ფედერალურ დონეზე გამოცხადების მიზნით რუსეთის სამთავრობო კომისიას მიმართოს.

როგორც ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე წერს, რუსეთს უჭირს ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის სწრაფი მობილიზება, წვევამდელებსა და ადგილობრივ რეზერვებში კი ყოველდღიურად ეზრდება დანაკარგები. ასევე მატულობს რუსი ტყვეების რიცხვიც.

კურსკის ოლქის სასაზღვრო პერიმეტრი ინტენსიური საბრძოლო მოქმედების ნაწილი გახდა. საუბარი არის დაახლოებით 100 კილომეტრის სიგანის მონაკვეთზე, რომლის გასწვრივაც რუსეთის საზღვრის კონტროლი მორღვეულია. თუმცა კრემლის ბრძანების შემდეგ რუსები მათ დაბრუნებას აქტიურად ცდილობენ.

საბრძოლო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს ბელგოროდის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილშიც. გარდა იმისა, რომ მოიერიშე უკრაინელები შესაძლოა მთელი ამ პერიმეტრის აქტიურ კონტროლს ცდილობდნენ, მათი მიზანი ისიცაა, რომ რუსებს რამდენიმე წერტილის ერთდროული დაცვა-დაბრუნება აიძულონ, რათა მათ ძალების კონცენტრაცია ადვილად ვერ მოახდინონ.

13 აგვისტოს, მთელი ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმა ისმოდა ასევე კურსკის ოლქის ქალაქ კურჩატოვში, სადაც ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. რუსები ამბობდნენ, რომ საჰაერო იერიში მოიგერიეს, თუმცა რეალურად რა მოხდა, უცნობია.

რუსებმა ევაკუაცია დაიწყეს კურსკის ოლქის კიდევ ერთი, ბალშოე სოლდატსკოეს რაიონიდან. სულ რუს იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა ამ მომენტისათვის 180 ათასია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა, რომ სუჯა მთლიანად გაწმენდილია რუსებისგან. ინტენეტში კი გავრცელდა ამ ქალაქში გადაღებული ფოტო, სადაც ჩანს კედელზე გაკეთებული წარწერა „ეს თქვენ საქართველოსთვის".

„მიმდინარე დღის დასაწყისიდან ჯარები გარკვეული მიმართულებით ერთიდან ორ კილომეტრამდე დაწინაურდნენ. სუჯას დასახლებაში მტრის ძებნა და განადგურება დასრულდა", - განაცხადა მან.

ვახტანგ მაისაიას შეფასებით, რუსები თავდაცვით რეჟიმზე არიან გადასული.

„რუსები ცდილობენ უკრაინელებს არ მისცენ თავისი წარმატების გაღრმავების საშუალება და ფაქტობრივად, ფრონტის ხაზი სუჯას მიდამოებში ივლება. როგორც ჩანს, პუტინმა შექმნა ახალი ოპერატიულ-სტრატეგიული შენაერთი, ეს არის ჩრდილოეთით, რომელიც სათავეშია რუსეთის ეროვნული გმირი, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსეი დიუმინი, რომელიც გამოცდილი მხედარმთავარია. სწორედ ის არის ყირიმის ანექსიის სამხედრო ოპერაციის სულის ჩამდგმელი. ის ამჟამად კურსკშია ჩასული, აყალიბებს შტაბს და რეზერვების მობილიზაციას ახორციელებს. მანამდე კი რუსების ის შენაერთები, რომლებიც წინა ხაზზე არიან, თავდაცვით სისტემაზე გადასვლას ცდილობენ", -აღნიშნავს მაისაია.

ვახტანგ კაპანაძის აზრით კი, უკრაინელებს რუსეთის ტერიტორიაზე უფრო ღრმად შესვლა, სავარაუდოდ, არც უნდათ, რადგან ის დიდ ძალისმევას მოითხოვს და ამ ეტაპზე ამის შესაძლებლობა არც აქვთ.

„უკრაინელები ძირითადად გადასული არიან დაკავებული პოზიციების გამაგრებაზე. თუმცა გარკვეულ მიმართულებით ბრძოლით დაზვერვასა და რეიდებს ახორციელებენ. რუსეთის ტერიტორიაზე ძალიან დიდ სიღრმეში შესვლა მათ ალბათ არც უნდათ, რადგან ეს დიდ რესურსებს და დამატებით ძალებს მოითხოვს, რაც მათ ამჟამად უჭირთ. შესაბამისად, ახლა უკრაინელების ყურადღება გადატანილი იქნება გარკვეული ტერიტორიების გამაგრებაზე, თავდაცვისთვის მომზადებაზე.

„საბოლოო ჯამში, ამ შეტევას ორი მიზანი აქვს: ერთი არის მოლაპარაკებამდე ძლიერი პოზციით მისვლა და მეორე - ბუფერული ზონის შექმნა რუსების საზღვარზე", - თქვა კაპანაძემ.

უკრაინის ომბუდსმენი, დმიტრო ლუბინეცი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული სხდომის შემდეგ „ტელეგრამზე" წერს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა თავდაცვის მიზნით კურსკის რეგიონში სწორედ ბუფერული ზონა შექმნეს.

„შევუერთდი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სხდომას, რომელზეც კურსკის ოლქში სასტაბილიზაციო ღონისძიებების საკითხები განიხილებოდა. თავდაცვის უფლების რეალიზაციაში, გაეროს ქარტიის 51-ე მუხლთან შესაბამისად, უკრაინას უფლება აქვს არა მხოლოდ თავს იცავდეს, არამედ უნდა იცავდეს ყველა საერთაშორისო კონვენციასა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოთხოვნებს...

„ამიტომ ჩვენმა სამხედროებმა თავდაცვის მიზნით კურსკის რეგიონის ტერიტორიაზე „ბუფერული (სანიტარული) ზონა" შექმნეს...

„ბუფერულ ზონაში" სურსათის, მედიკამენტებისა და მოსახლეობისთვის ყველა სხვა საჭირო საგნების მიწოდება უნდა იყოს უზრუნველყოფილი", - წერს ლუბინეცი.

უკრაინის ომბუდსმენმა ასევე აღნიშნა, რომ სხდომაზე ასევე განიხილებოდა „საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის", გაეროს და სხვა მიუკერძოებელი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის წვდომის საკითხები ჰუმანიტარული ღონისძიებების განხორციელებისთვის.

იძულებითი გადაჯგუფება

14 აგვისტოს სხვადასხვა წყაროებით გავრცელებული ცნობების თანახმად, რუსებმა თავისი ტეიტორიების დაცვის გასაძლიერებლად და უკრაინელთა შესაკავებლად მახედრო შენაერთების იძლებითი გადაჯგუფება დაიწყეს და სამხედროების ნაწილი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდანაც გაჰყავთ.

ამის შესახებ „უოლ სტრიტ ჯორნალი" ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის მიხედვით, ეს ქმედებები მიუთითებს იმაზე, რომ კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევამ რუსული ძალების იძულებითი გადაჯგუფების პროვოცირება გამოიწვია.

გამოცემის წყაროების თქმით, ამერიკა ჯერ კიდევ ცდილობს დაადგინოს რუსეთის ამ ნაბიჯის მნიშვნელობა, თუმცა ისინი არ აკონკრეტებენ, თუ რამდენი სამხედრო გადაჰყავს რუსეთს უკრაინის ფრონტიდან კურსკში.

„პოლიტიკო" ასევე წერს, რომ რუსეთმა სამხრეთ უკრაინიდან ჯარის ნაწილი გამოიყვანა და საკუთარ ტერიტორიაზე დააბრუნა.

„რუსეთმა გადააადგილა რამდენიმე ქვედანაყოფი უკრაინის სამხრეთის ზაპორიჟიესა და ხერსონის რეგიონებიდან", - განუცხადა უკრაინის არმიის პრესსპიკერმა, დმიტრო ლიხოვიიმ.

გარდა ამისა, კალინინგრადში მდებარე რუსული სამხედრო ბაზის პრაქტიკულად მთელი პირადი შემადგენლობა კურსკის დასაცავად გადაისროლეს. ლიეტუვის თვადაცვის მინისტრმა ლაურინას კასჩიუნასმა ამასთან დაკავშრებით ხუმრობით თქვა, რომ რუსებმა „კალინინგრადის ოლქის დემილიტარიზაცია" მოახდინეს.

ამის პარალელურად რუსეთში ახალ მოხალისეებს ეძებენ. გამოცემა „ვიორსტკას" ინფორმაციით, მოსკოვის მერიამ უკრაინაში წამსვლელი მოხალისეებისათვის ერთჯერადი გადასახადი 1.9 მილიონ რუბლამდე გაზრადა და იმედი აქვს, რომ ახლო მომავალში 23 ათას მოხალისეს მაინც შეკრებს უკრაინაში საომრად.

ვახტანგ მაისაიას თქმით, რუსები ამ გადაჯგუფების პარალელურად ცდილობენ დონბასში უკრაინელების რეზერვების გამოფიტვა მოახდინონ და თავდაცვითი ზონიდან შეტევაზე გადავიდნენ,

„ყველა ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფებიდან ხდება განსაკუთრებული შენაერთის შექმნა და შესაძლოა, კალინგრადში მდებარე რუსული სამხედრო ბაზის პრაქტიკულად მთელი პირადი შემადგენლობა კურსკში გადაისროლეს. ჯერჯერობით ბრძოლები პოზიციურია. რუსები ცდილობენ დონბასისა და ლუგანსკის მიმართულებით განახორციელონ შეტევები, რათა მოახდინონ უკრაინელების რეზერვების გამოფიტვა და თავდაცვითი ზონებიდან შეტევაზე გადავიდნენ", - აღნიშნავს მაისაია.

პუტინის „წაყრუების პოლიტიკა"

ვახტანგ მაისაიას თქმით, რადგანაც რუსეთის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის არმიის შეჭრა მოხდა, პუტინს, კონსტიტუციის თანახმად, კურსკის ოლქში არა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი, არამედ სამხედრო მდგომარეობა უნდა გამოეცხადებინა.

„თუ პუტინი დაიმუქრება და იტყვის, რომ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, ეს უკვე ნიშნავს რუსების დამარცხებას - მოსკოვში ასე ფიქრობენ. მან სამხედრო მდგომარეობის ნაცვლად კონტრტერორისტული-ოპერაციის რეჟიმი გამოაცხადა, რაც გაურკვეველია, რადგან აშაკარაა, რომ რუსეთის ტერიტორია უკრაინელების მიერაა ოკუპირებული და მათზე განხორციელდა სამხედრო თავდასხმა.

„კონსტიტუციის მიხედვით, პუტინს უნდა გამოეცხადებინა სამხედრო მდგომარეობა და მობილაზაცია უნდა მოეხდინა, მაგრამ „წაყრუვების პოლიტიკა" არჩია. ის ცდილობს მსოფლიოს დაანახოს, რომ ამას სერიოზულად არ აღიქვამს და არ ეშინია. ვითომ ეს უკრაინელების უკანასკნელი გაბრძოლებაა.

„როგორც ჩანს, მას სხვა გამოსავალი არ აქვს. სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, მისი ნდობის რეიტინგი 79%-ია და არ აწყობს, რომ რაღაც ისეთი რამე გააკეთოს. თან თვითონ კრემლის შიგნით კლანების დაპირისპირებაა. გარდა ამისა, მან ახლა სამხედრო ელიტაში რეპრესიებში დაიწყო - გადააყენა სერგეი შოიგუ, დაიწყო დაპატიმრებები, 15 გენერალი და 30-მდე მაღალი სამხედრო პირი და ეს კიდევ გრძელდება. უკრაინელებმა კი ძალიან სწორად გათვალეს ეს მდგომარეობა", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვახტანგ კაპანაძის აზრით, პუტინის ბოლო გამოსვლაში გაჟღერდა, რომ ისინი რევანშისტული დარტყმის განხორციელებას აპირებენ და გამორიცხული არაა ახლო მომავალში მათ მნიშვნელოვანად დაატრყან თუნდაც კიევის ცენტრს.

„პუტინის გამოსვლაში გაიჟღერა, რომ ეცდებიან რაღაც გარკვეული რევანშისტული დარტყმა განახორციელონ უკრაინაზე. ეს ალბათ უფრო საჰერო-სარაკეტო დარტყმა იქნება, არ გამოვრიცხავ უშუალოდ კიევის და მისი ცენტრის მიმართულებაზე მოხდეს. ეს რუსების საუბარში იკვეთება.

„რა თქმა უნდა, კრემლი ეცდება რუსეთის მოსახლეობა დაარწმუნოს, თითქოს ისეთი არაფერი ხდება, მაგრამ ეს უკვე ძალიან რთულია, რადგან ხალხი პანიკაშია, ერთ შეშინებულს ათის შეშინება შეუძლია. უკრაინელები საინფორმაციო დუმილს ინარჩუნებენ, ეს ყველაფერი კი რუსეთის მოსახლეობაში იწვევს პანიკას, ხოლო ხელისუფლებაში დაბნეულობას და მართვაში ქაოსს", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×