
კურსკის ოლქში ცნობილი მოვლენების ფონზე, რუსულ საინფორმაციო სივრცეში გამოჩნდა ახალი კერძო სამხედრო კომპანია, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების მოწოდებით გამოდის. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს პირველ რიგში იმას ნიშნავს, რომ კრემლის მოქმედებებით უკმაყოფილება უკვე გავლენიან სამხედრო ვეტერანებშიც იზრდება და თუ ფრონტზე ვითარება სექტემბრისთვის რადიკალურად არ შეიცვალა, ეს შესაძლოა პრეზიდენტ პუტინისათვის მეტად უსიამოვნოდ დასრულდეს.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ დგომარეობა საკმაოდ სერიოზულია, რადგან ამ ორგანიზაციაში გაერთიანებული არიან ასევე კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ყოფილი მებრძოლები, რომლებმაც ერთხელ უკვე მოუწყვეს კრემლს წარუმატებელი ამბოხი 2023 წელს.
მაისაიას ვარაუდით, ვლადიმირ პუტინს დაახლოებით 2-3 კვირა აქვს, რომ სიტუაცია გამოასწოროს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რუსეთის სამხედრო=პოლიტიკური და ბიზნეს ელიტა შეეცდება ის გადააყენონ და მის ადგილზე დროებით მმართველი დანიშნონ.
„ამ ეტაპზე დიდად არ იკვეთება მოსახლეობის უკმაყოფილება ხელისუფლებისადმი. თუმცა, თუ ისე წავიდა საქმე, რომ 2-3 კვირაში კურსკის პლაცდარმის დაბრუნება ვერ მოხეხრდა, ამას პოლიტიკური შედეგი აუცილებლად მოჰყვება. სერიოზული უკმაყოფილება დაიწყება ზემოდან, ანუ კრემლიდან ქვემოთ და არა პირიქით. სრულიად შესაძლებელია ამან პუტინის გადაყენება გამოიწვიოს და მის ადგილზე დროებითი მმართველი დასვან. პუტინს მაქსიმუმ 3 კვირა აქვს".
საუბარია კერძო სამხედრო კომპანია „პალადინსა" და მის ხელმძღვანელზე, ვინმე გეორგი ზაკრევსკიზე.
ინტერნეტში არსებული ინფორმაციის თანახმად, ზაკრევსკი 53 წლის სამხედრო კონსულტანტია, რომელსაც აქვს საბრძოლო გამოცდილება სირიასა და ლიბანში. ასევე 2014 წლიდან ის მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში უკრაინის ტერიტორიაზე, დონბასში.
ზაკრევსკისმ შექმნა კერძო სამხედრო კომპანია „პალადინი", რომელსაც თავადვე ხელმძღვანელობს.
ამ კომპანიას ინტერნეტში ოფიციალური ვებ-გვერდი აქვს და ნებისმიერ მსურველს სთავაზობს დაცვით და სხვა ტიპის სამხედრო მომსახურებას. საიტზე მითითებულია, რომ „პალადინში" გაერთიანებულია 257 სამხედრო პროფესიონალი, რომლებიც ამჟამად კონკრაქტით იცავენ 3 სტრატეგიულ ობიექტს.
აქვე მითითებულია, რომ კომპანია ასრულებს სხვადასხვა კონტრაქტებს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, ეკვადორის დედაქალაქ კიტოსა და კონგოს ჟუნგლებში მდებარე ალმასის საბადოებში.
14 აგვისტოს ინტერნეტში გავრცელდა ზაკრევსკის ვიდეომიმართვა, სადაც ის რუს სამხედროებს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებს.
„ჩვენი ქვეყანა უბედურების ზღვარზე კი არ არის, უკვე დიდ განსაცდელშია. დრონები დაფრინავენ მთელს ცენტრალურ რუსეთში, თავად მოსკოვამდე და პეტერბურგამდეც კი. მათ კრემლსაც კი დაარტყეს. ჩვენი შავი ზღვის ფლოტი თავს იცავს, თითქოს ჩვენ დიდი ძესახელმწიფო კი არ ვართ დიდი ფლოტით, არამედ რაღაც მესამეხარისხოვანი ქვეყანა...
„ჩვენი ავიაციაც არ მუშაობს. ჩვენ ნაწილობრივ ვდგავართ იმავე პოზიციებზე, სადაც 2 წლის წინ ვიყავით და ნაწილობრივ იმ პოზიციებზე, რომელზეც უკან დავიხიეთ.
„ჩვენი მოსახლეობა გადაშენების ზღვარზეა, ღარიბდება და ლოთდება. ხელისუფლება კი ამ დროს მხოლოდ იმას აკეთებს, რომ შემოჰყავს და შემოჰყავს მიგრანტები.
„და ეს ყველაფერი გააკეთა ე.წ. „რეზიდენტმა", „დიადმა პუტინმა", - აცხადებს ზაკრევსკი 14 აგვისტოს გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში.
სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას აზრით, „პალადინი" ყოფილი „ვაგნერები" არიან და ზაკრევსკიც თავის დროზე „ვაგნერის" წევრი იყო. თუმცა ის არც იმას გამორიცხავს, რომ ინტერნეტში გავრცელებული მისი სკანდალური ვიდეო ყალბი იყოს.
„პალადინი" ყოფილი „ვაგნერები" არიან, პრიგოჟინის დაჯგუფებაა. თუ სწორად მახსოვს, ზაკრევსკი „ვაგნერის" შტაბის უფროსის მოადგილე იყო. ვერ გეტყვით ეს რა თამაშია, შეიძლება ფეიკ ნიუსია. არ გამოვრიცხავ, რომ ხელოვნური ინტერელექტის ვარიანტი გამოიყენეს უკრაინელებმა, ისინი ფსიქოლოგიური ომის ასეთ სახეობას აქტიურად იყენებენ. თუმცა, შესაძლოა, რუსებს მართლაც ყელში ამოუვიდათ პუტინის მმართველობა და მის გადაყენებას აპირებენ" , - აღიშნავს მაისაია.
პრიგოჟინის ამბოხი
ევგენი პრიგოჟინი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან, დაახლოებული პირი იყო. 2014 წელს მან დააარსა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი", რუსული კერძო სამხედრო კომპანია. 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, მკვეთრად გაიზარდა პრიგოჟინისა და „ვაგნერის" გავლენა. დასავლური დაზვერვის შეფასებით, „ვაგნერელთა" სავარაუდო რაოდენობა 2017-2018 წლებში „რამდენიმე ათასი" მებრძოლიდან 2023 წლის იანვრისთვის 50 000 მებრძოლამდე გაიზარდა. პრიგოჟინი ხშირად აკრიტიკებდა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას.
მისი გავლენა და პოპულარობა რუსეთში განსაკუთრებით გაიზარდა ცნობილი ბახმუტის ოპერაციის შემდეგ, როდესაც „ვაგნერმა" მრავალთვიანი სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ ამ ქალაქის აღება შეძლო.
2023 წლის გაზაფხულის ბოლოს იგი მკვეთრად დაუპირისპირდა მაშინდელ თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის უფროს ვალერი გერასიმოვს. იგი სწორედ მათ ადანაშაულებდა ბრძოლის ველზე წარუმატებლობაში და რუსი სამხედროების მასობრივად დაღუპვაში. განსაკუთრებით კი იმაში, რომ ისინი „ვაგნერს", რომელიც ფრონტის ყველაზე რთულ უბნებზე მოქმედებდა, მიზანმიმართულად არ აწვდიდნენ ჭურვებს.
ყველაფერი იმით დასრულდა, რომ 23 ივნისს პრიგოჟინი „ვაგნერის" 25-ათასიანი კონტიგენტით მოსკოვისკენ დაიძრა. კრემლისთვის ეს ნამდვილი კატასტროფა იყო. პროგოჟინს არავინ უწევდა წინააღმდეგობას და მისი სამხედრო კოლონები მოსკოვს 100 კმ-მდე მიუახლოვდნენ. თუმცა, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შუამავლობით გამართული მოლაპარაკების შემდეგ, ეს ამბოხი შედარებით მშიდობიანად დასრულდა.
პრიგოჟინი და „ვაგნერელების" მნიშვნელოვანი ნაწილი ამის შემდგე რაღაც პერიოდის განმავლობაშ ბელარუსის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. რამდენიმე თვეში კი პრიგოჟინი მისი კერძ სამხედრო კომპანიის ხელმძღვანელთა უმრავლესობა გაურკვეველ ვითარებაში - ოფიციალური ვერსიით ავიაკატასტროფაშ დაიღუპნენ.