თამთა ჩაჩანიძე
17.08.2024

ვლადიმერ პუტინი უახლოეს საათებში საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანს ეწვევა, კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბაქოსთან მთავარი განსახილველი საკითხები „სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარება" და მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებია. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ამბობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიზანია შექმნილ სიტუაციაში მოკავშირე იპოვოს, ეს კი საქართველოსთვის სიგნალია, რომ „ფრთხილად უნდა ვიყოთ".

„მოლაპარაკებების მსვლელობისას განხილული იქნება რუსეთ-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის, ურთიერთობებისა და მოკავშირეობის შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე აქტუალური საერთაშორისო და რეგიონალური პრობლემები", - ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში.

ასევე აღნიშნულია, რომ ვიზიტის შედეგად იგეგმება სახელმწიფო მეთაურების ერთობლივი განცხადების მიღება, ასევე მთავრობათაშორისი და სხვა დოკუმენტების ხელმოწერა.

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პუტინის მიზანია იზოლაციის ის რკალი როგორმე გაარღვიოს, რაც დღეს აქვს.

„მისი ეს ყველა ნაბიჯი - ვიზიტები და ა.შ. ამას ემსახურება და ესაა მცდელობა, როგორმე მოკავშირეები მოძებნოს. აზერბაიჯანი რუსეთის მოკავშირე ვერ გახდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, როგორც ზემოთ ვახსენე, შეძლოს როგორმე იმ იზოლაციის წრის გარღვევა, რომელშიც რუსეთი აღმოჩნდა.

„რაც შეეხება ფორმულირებას, რომელიც ვიზიტის შინაარსზე გამოცხადდა, ეს სტანდარტული ფორმულირებაა, რომელიც კეთდება ხოლმე ისეთი ვიზიტის დროს, რომელსაც განსაკუთრებული რაღაც კურსი არ აქვს",- განაცხადა მენაღარიშვილმა.

კითხვაზე, რას ნიშნავს ის, რომ პუტინი საქართველოს მეზობელ ქვეყანაში ჩადის და მოკავშირეებს ეძებს, ეს ჩვენთვის რა სიგნალი შეიძლება იყოს. საგარეო უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა გვითხრა:

„ფრთხილად უნდა ვიყოთ და ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად სცენარების განვითარებისათვის. მდგომარეობა რთულია. ის, რაც კურსკის ოლქში ხდება, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის გამწვავებული რეაქციების პერსპექტივაზე საუბრობს. ამიტომ ამ ყველაფერს ყურადღება სჭირდება", - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა „რეზონანსთან".

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პუტინის ვიზიტი არის იმის დემონსტრირება, თითქოს რუსეთს მოკავშირე ქვეყნები ჰყავს.

„პუტინს თითქმის არსად არ ჩაესვლება, მასზე ჰააგის სასამართლოს მიერ დაპატიმრების ორდერია გამოწერილი და დააპატიმრებენ ყველა იმ სახელმწიფოში, რომელიც ამ სასამართლოზეა მიერთებული. ამიტომაც ისეთ ქვეყანას ეძებს, სადაც შეიძლება ჩავიდეს და შექმნას ის ილუზია თავის ხალხშიც და მსოფლიოშიც რომ მას ხვდებიან.

„აზერბაიჯანს რუსეთთან პირდაპირი პრობლემები და პრეტენზიები არა აქვს, მათ შორის ტერიტორიების თვალსაზრისით. ერთი ჯარისკაციც კი არ ჰყავს რუსეთს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ბაქოს მოსკოვთან ურთიერთობების გაფუჭება არაფერში სჭირდება. ცოტა ხნის წინ, რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი სერგეი შოიგუ იყო ჩასული და ეტყობა ეს ვიზიტი შეათანხმეს, რათა პუტინმა მორიგი ქულა ჩაიწეროს. სომხეთში აღარ ჩაესვლება, ჰააგის სასამართლოს შეუერთდა და უკვე პრობლემებია, რაზედაც მოსკოვიდან ფაშინიანმა და სომხეთმა საყვედური მიიღო.

„ესაა ქულების ჩასაწერი ვიზიტი, რათა მსოფლიოში შეიქმნას გარკვეული განცდა. უამრავი ფაქტორებია, რის გამოც რუსეთსა და ზერბაიჯანს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობები სჭირდებათ. ესაა პოლიტიკური პროპაგანდისტული ჩასვლა, რომლითაც ბაქოსა და მოსკოვისათვის არაფერი არ გაკეთდება. ვიზიტი ფასადურია - თქვან, რომ იზოლაციის ფონზე ჩვენ მაინც ჩაგვესვლებაო.

„რადგან აზერბაიჯანს არც ნატოსთან და არც ევროკავშირთან არ გააჩნია ვალდებულებები და ნეიტრალური პოლიტიკა აქვს გაცხადებული, ამ ფონზე ბაქო იტყვის, რომ ეს ჩვენი საქმეა და მე არავისთან ვალდებული არ ვარო. მაგალითად საქართველო ნატოსა და ევროკავშირის წინაშე ვალდებულია და კონსტიტუციაში გვიწერია.

„ამ ვიზიტში საქართველოს წინააღმდეგ ვერფერ საფრთხეს ვერ ვხედავ, გამორიცხულია, რომ პუტინთან აზერბაიჯანმა საქართველოს საწინააღმდეგო რამე მოიფიქროს, ჩვენთან ურთიერთობებს არ გაიფუჭებს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პუტინის ბაქოში ვიზიტს რამდენიმე სერიოზული მიზანი აქვს, მათ შორის, მსხვილი გეოეკონომიკური პროექტის რეალიზაცია აზერბაიჯანთან ევროკავშირის ინიციატივის ფონზე.

„აზერბაიჯანი და რუსეთი ისედაც მოკავშირეები არიან, მათ უკვე მოაწერეს ხელი სამოკავშირეო ხელშეკრულებას. პუტინის ვიზიტს რამდენიმე მიზანი აქვს - პირველი, განახორციელოს გეოეკონომიკური პროექტის რეალიზაცია, რაც რუსეთისთვის ჰაერივით მნიშვნელოვანია, ამ პროექტის განვითარებაში აზერბაიჯანი მთავარი სატრანზიტო კვანძია. პუტინი ამ პროექტში დიდი ფინანსური რესურსის ჩადებას აპირებს. ეს ჩინეთის „ერთი გზა - ერთი სარტყელის" მსგავსია. თუ ეს განხორციელდა, მაშინ გავლენებს კიდევ უფრო გააძლიერებს.

„მეორე, პუტინს სურს, რომ არაპირდაპირი სანქცია დაუწესოს ევროკავშირს, როგორც ჩანს, ბაქო რუსულ გაზს შეისყიდის და არაა გამორიცხული, რომ რუსული გაზი წავიდეს ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით. ეს აზერბაიჯანს რაში აწყობს, არ ვიცი, მაგრამ, როგორც ჩანს, ალბათ ეკონომიკური და სხვა სარგებელი ექნება.

„მესამე მომენტი ისაა, რომ რუსეთი ცდილობს, აზერბაიჯანმა მხარი დაუჭიროს დასავლეთთან კონფრონტაციაში. ბაქოს საფრანგეთთან კონფლიქტშია და იმედი აქვს, რომ აზერბაიჯანი პირდაპირ დახმარებას აღმოუჩენს. მეოთხე - როგორც ჩანს, რუსეთს სამხრეთ კავკასიის რეგიონში პოზიციების გამყარება და 3+3 ფორმატის კიდევ უფრო გაძლიერება სურს. არაა გამორიცხული, რომ აზერბაიჯანიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით ინიციატივა წამოვიდეს, რომ ამ ფორმატს შეუერთდეს.

„ბოლო ვარიანტი ალბათ ისაა, პუტინმა ბაქო დაარწმუნის, რომ უკრაინასთან ყოველგვარი ურთიერთობები გაწყვიტოს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×