„ის პუტინზე უფრო გამოცდილი პოლიტიკოსია, ასეთ რაღაცეებზე არ წამოეგება"
ნატალია ჯვარიძე
18.08.2024

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ 9 აგვისტოს ბელარუსის ცაზე უკრაინის „საჰაერო სამიზნის" დაფიქსირების გამო საზღვრის გასწვრივ 120 ათასი ჯარისკაცი და სამხედრო ნაწილები განათავსა. ამასთან, ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდებს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

ანალიტიკოსები „მთელ კვირსათან" საუბრისას ამბობენ, რომ ბელარუსის ომში ჩაბმა გამორიცხულია. მათი ნაწილი ვარაუდობს, რომ თუ უკრაინელები ბელარუსში შეიჭრნენ, ამ შემთხვევაში შესაძლოა ლუკაშენკომ ბირთვული იარაღი გამოიყენოს. სხვები კი ლუკაშენკოს ამ განცხადებას პუტინის მხრიდან ზეწოლას უკავშირებენ.

„პუტინისგან განსხვავედებით ლუკაშენკო ცოტა უფრო რადიკალია, თუ უკრაინელები ბელარუსში შეიჭრნენ, შესაძლოა ბირთვულ-ტაქტიკური იარაღი გამოიყენოს, ლუკაშენკო პუტინი არაა", - აცხადებს სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან".

ლაშა ბერიძის აზრით კი ლუკაშენკო პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს და ბირთვულ იარაღზე ათას სისულელეს ამბობს, რაც ნაკლებად მოსალოდნელია.

„როგორც ჩანს, ლუკაშენკო რუსეთისგან გარკვეულ წნეხს განიცდის, რომ უკრაინაზე რაღაც ფორმით ზეწოლა განახორციელოს და იძულებული გახადოს საზღვართან ჯარები შეინარჩუნოს. ამიტომ ის აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს ბირთვულ იარაღის შესახებ და ათას სისულელეს ამბობს, თუმცა რეალურად ამას არ ველოდები".

რა სიტუაციაა კურსკის და ბელგოროდის ოლქებში

უკრაინული ძალები კურსკში შეტევას აქტიურად განაგრძობენ. საჰაერო ძალების ინფორმაციით, კვირას უკრაინამ კურსკის ოლქში კიდევ ერთ ხიდზე განახორციელა თავდასხმა.

„კურსკის მიმართულება, მინუს კიდევ ერთი ხიდი. ავიაცია ზუსტი საჰაერო დარტყმებით განაგრძობს მტრისთვის ლოგისტიკური შესაძლებლობების წართმევას, რაც არსებითად აისახება საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობაზე", - წერს საჰაერო ძალების მეთაური ნიკოლაი ოლეშუკი.

მანამდე, რუსულ და უკრაინულ ტელეგრამარხებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაერტყეს მდინარე სეიმზე მდებარე მეორე ხიდს, სოფელ ზვანოეში, რომლითაც ხდებოდა კურსკის მიმართულებით რუსეთის სამხედრო ნაწილების მომარაგება. მანამდე უკრაინის ავიაციამ კურსკის ოლქში გაანადგურა ხიდი სოფელ გლუშკოვოში.

უკრაინელები კურსკის ოლქში, რაიონულ ცენტრ კორენოვოს ძალიან აქტიურად უტევენ. როგორც ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე წერს, რუსები მაქსიმალურ ფსონს დებენ მის შენარჩუნებაზე. როგორც ჩანს, უკრაინელებმა დასახლების ცენტრამდეც კი მიაღწიეს, რადგან თავად ზოგიერთი რუსული და უკრაინული წყარო ერთდროულად იტყობინებოდა ქალაქის უკრაინელთა ხელში გადასვლაზე, მაგრამ სავარაუდოა, რომ მთელი დასახლების სრული კონტროლი უკრაინელთა ხელში ჯერ კიდევ არ არის. კორენოვოს აღების შემდეგ გზა კიდევ ერთ, ამჯერად საკმაოდ მოზრდილ რაიონულ ცენტრამდე, რილსკამდე, იხსნება. თუმცა რილსკის შტურმი კრუპეცის სასაზღვრო წერტილიდანაც იქნება შესაძლებელი, თუკი უკრაინელებმა ამ მიმართულებითაც გადაკვეთეს საზღვარი, რაც ჯერჯერობით არ მომხდარა. კრუპეცის სასაზღვრო პუნქტი მიმდინარე ოპერაციული ზონის ჩრდილოეთით მდებარეობს. რუსები ფიქრობენ, რომ უკრაინელთა მხრიდან საზღვრის ამ მონაკვეთზე გადაკვეთა შეტევის დაწყება შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს.

კობერიძის ინფორმაციით, რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე მასობრივად იხურება მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები ოლქის რაიონულ ცენტრებში. ხალხის ნაწილი უშუალოდ ქალაქ კურსკისკენ გადაადგილდება, მეორე ნაწილი კი უფრო აღმოსავლეთით, მომიჯნავე ოლქებში გადადის. ადგილზე დარჩენილი რუსი მოსახლეობის ნაწილმა ერთმანეთის მიტოვებული ბინებისა და საკუთრების ძარცვაც კი დაიწყო. რაც შეეხება უკრაინელთა კონტროლირებად ტერიტორიას, ასეთი შემთხვევების პრევენციისათვის უკრაინელებს პოლიციური ფუნქციის შესრულებაც უწევთ.

კურსკის ოლქში უკრაინელებმა დაასრულეს კიდევ ერთი დასახლების, ვნეზაპნოეს და მისი შემოგარენის დაკავება და კიდევ ერთ სოფელ ბიახოვოში დაიწყეს შესვლა. აღნიშნული დასახლებების აღება ნიშნავს, რომ უკრაინის საზღვრიდან კორენოვომდე არსებული მცირე გამტარუნარიანობის გზა სრულად მათ ხელში აღმოჩნდება. გამაგრდება კიდეც ფლანგები. აქამდე უკრაინელები კორენოვოზე იერიშს სუჯა-რილსკის ცენტრალური მაგისტრალური გზით ახორციელებენ.

16 აგვისტოს რუსების 155-ე ბრიგადის წარმომადგენელმა ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჩანს კურსკის ოლქში დატყვევებულ უკრაინელის მოჭრილი თავი რომელიც სარზე ჩამოაცვეს. უკრაინელებმა ამ სამხედრო დანაშაულზე მარტივი პასუხი შეუთვალეს: რუსული 155-ე ბრიგადის არც ერთი წარმომადგენელი არ იქნება ტყვედ აყვანილი და რომ დამნაშავეები დაისჯებიან. ამასთან, უკრაინის 225-ე ცალკეული მოიერიშე ბატალიონის ინფორმაციით, გუშინ ტყვედ აიყვანეს რუსული არმიის ასეულის მეთაური.

„ჯერჯერობით თანაბარი, პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს, 50/50-ზეა. ცოტა უფრო წინ უკრაინელები არიან, მაგრამ დიდით ვერა. კურსკის მიდამოებში მათ აქვთ უპირატესობა, ხოლო დონბასსა და ლუგანსკში რუსებს, ისინი კვლავ ახორციელებენ ამ ტერიტორიების ოკუპაციას", - აღნიშნავს ვახტანგ მაისაია.

ლაშა ბერიძის თქმით, უკრაინელების ცოცხალი ძალა უფრო მეტად მომზადებული და მოტივირებულია, ამიტომაც ხდება, რომ რუსები უფრო მარტივად ნებდენიან. მისივე შეფასებით, უკრაინამ პირველი მისია წარმატებით შეასრულა და ახლა შემდეგ ეტაპზე გადადიან.

„მოვლენებს ორი განვითარება შეიძლება ჰქონდეს. ფაქტია, რომ რუსები უკრაინელების შეტევას ვერ აჩერებენ ცოცხალი ძალით. მათ არტილეტრია და მძიმე ტექნიკა სჭირდებათ, ეს ყველაფერი კი მთლიანად უკრაინაშია გადატანილი. უკრაინელთა ცოცხალი ძალა კი უფრო მომზადებული და მოტივირებულია, ამიტომაცაა, რომ რუსები ასე მარტივად ნებდებიან. ახლა პუტინი იძულებულია სამხედრო ტექნიკა უკრაინიდან გამოიყვანოს, რათა უკრაინული შეტევა შეაჩეროს. ამ შემთხვევაში უკვე რუსეთი რისკის ქვეშ დგება, რომ უკრაინამ სადღაც სუროვიკინის თავდაცვის ხაზის ჩამოშლა შეძლოს და მათი ტერიტორიების გათავისუფლება. თუკი არ გამოიყვანს, მაშინ კიდევ უფრო საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, რადგან შესაძლოა უკრაინამ სხვა ტერიტორიებიც დაიპყროს, თუმცა ამ ყველაფერს დრო სჭირდება. პირველადი ამოცანა უკრაინამ უკვე შეასრულა, რაც სჭირდებოდა დაიპყრო. შემდგომი შეიძლება კურსკის მთლიანი დაპყრობა იყოს, გათავისუფლება, ან თუ რუსეთი ოკუპიებული ტერიტორიებიდან ძალებს გამოიყვანს უკვე უკრაინის შიგნით ოპერაციების ჩატარება, რათა ის ტერიტორიები გამოათავისუფლოს. ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები", - განაცხადა ლაშა ბერიძემ.

განათავსა თუ არა ლუკაშენკომ ჯარი

რუსული „რია ნოვოსტი" იტყობინება, რომ ალექსანდრ ლუკაშენკოს გადაწყვეტილებით, მინსკი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ბელორუსის ტერიტორიაზე განლაგებული ტაქტიკური ბირთვული იარაღით უკრაინის მიმართულებით დარტყმები განახორციელოს. ამასთან, ირწმუნება, რომ უკრაინული თვითმფრინავები ბელორუსის სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრებს მუდმივად არღვევენ. საუბარია კურსკისა და ბელგოროდის ოლქებზე, სადაც უკრაინა 6 აგვისტოდან შეტევას ახორციელებს. მეტიც, კურსკის ოლქში უკრაინელები უკვე ასეულობით დასახლებას აკონტროლებენ.

ლუკაშენკომ „როსიასთან" ინტერვიუში ისიც თქვა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებას განიხილავს. როგორც მან აღნიშნა, უკრაინის საზღვარი დანაღმულია, რომლის გადაკვეთასაც უკრაინელი მებრძოლები მხოლოდ დიდი დანაკარგის შემთხვევაში შეძლებენ. ამასთან, მან ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდა და დაიმუქრა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინა განადგურდება.

„უკრაინის საზღვარი დანაღმულია და უკრაინის შეიარაღებული ძალები მის გადაკვეთას მხოლოდ დიდი დანაკარგებით შეძლებენ. უკრაინის მხრიდან ესკალაცია უბიძგებს რუსეთს, მიიღოს ასიმეტრიული ზომები. საუბარია, მათ შორის, ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ. მინსკი და მოსკოვი ხედავენ, სად შეიძლება განხორციელდეს აგრესია საკავშირო სახელმწიფოების წინააღმდეგ. დასავლეთისგან ბელორუსის დასავლეთ საზღვრის დაცვა შემუშავებულია მინსკისა და მოსკოვის მიერ. საჭიროების შემთხვევაში, ეს გეგმა შეიძლება შეიცვალოს შეტევით. უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს იმით, რაც მიღწეული იქნა სტამბოლში. პუტინი და რუსული ჯარები დაანგრევენ უკრაინელ სამხედროებს კურსკის რეგიონში. დასავლეთს შეუძლია, უშუალოდ შეიყვანოს თავისი სამხედრო ნაწილები უკრაინაში. უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე 120 სამხედროა განთავსებული", - ამბობს ლუკაშენკო.

ლაშა ბერიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბელარუსს არაფერი მსგავსი არ გაუკეთებია და საზღვარზე ყველაფერი უცვლელია.

„ბელორუსს გარკვეული ძალები ჰყავდა განლაგებული და პირიქით მოხდა, რაღაც ნაწილი უკან გაიყვანა. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ბელორუსს ძალები არ გაუზარდია, ეს უბრალოდ ლუკაშენკოს საუბარია. ისეთ განცხადებებს აკეთებს, ვითომ უკრაინის ძალების გადმოსაყვანად ბელარუსის საზღვარზე ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ეს ნაბიჯები ჯერ ჩვენ არ გვინახავს. ამიტომ აქ ვითარება უცვლელია. პირიქით რაღაც პერიოდში ბელაურსმა საზღვრიდან ჯარები გაიყვანა კიდეც, რამაც უკრაინას საშუალება მისცა, რომ საზღვრიდან ქვედანაყოფები მოეხსნა და კურსკის შეტევა განეხორციელებინა," - განაცხადა ლაშა ბერიძემ „მთელ კვირასთან".

ვახტანგ მაისაიას თქმით, ლუკაშენკო ომში არავითარ შემთხვევაში არ ჩაერთვება იმის მიუხედავად, რომ პუტინი მასზე ზეწოლას ახდენს.

„ეს გამორიცხულია. ის პირველი პროვოცირებას არ დაიწყებს. მართალია პუტინი მასზე ზეწოლას ახდენს, მაგრამ ის საბრძოლო მოქმედებას არ დაიწყებს. ის პუტინზე უფრო გამოცდილი და ვეტერანი პოლიტიკოსია, ასეთ რაღაცეებზე არ წამოეგება. ის კიევსა და მოსკოვს შორის თამაშობს", - განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×