ნატალია ჯვარიძე
19.08.2024

რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და ილჰამ ალიევის შეხვედრის ერთ-ერთი თემა აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობის მოგვარების საკითხია. როგორც რუსული მედია ავრცელებს, პრეზიდენტებმა რეგიონული და საერთაშორისო საკითხებზე მოსაზრებები გაცვალეს, კერძოდ, აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების დარეგულირების თემაზე.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანს სახელმწიფო ვიზიტით 18-19 აგვისტოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, პუტინი აზერბაიჯანელ კოლეგას ბაქოშ შეხვდა.

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პუტინის მიზანია იზოლაციის ის რკალი როგორმე გაარღვიოს, რაც დღეს აქვს.

„მისი ეს ყველა ნაბიჯი - ვიზიტები და ა.შ. ამას ემსახურება და ესაა მცდელობა, როგორმე მოკავშირეები მოძებნოს. აზერბაიჯანი რუსეთის მოკავშირე ვერ გახდება, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ეს მცდელობაა შეძლოს როგორმე იმ იზოლაციის წრის გარღვევა, რომელშიც რუსეთი აღმოჩნდა.

„რაც შეეხება ფორმულირებას, რომელიც ვიზიტის შინაარსზე გამოცხადდა, ეს სტანდარტული ფორმულირებაა, რომელიც კეთდება ხოლმე ისეთი ვიზიტის დროს, რომელსაც განსაკუთრებული რაღაც კურსი არ აქვს",- განაცხადა მენაღარიშვილმა.

მისივე აზრით, რუსეთი სომხეთს აიძულებს, რომ ზოგიერთ საკითხზე დათანხმდეს. როგორც მან აღნიშნა, აზერბაიჯანის მიზანია, რომ ყარაბაღის საკითხი მის სასარგებლოდ გადაწყდეს. რუსეთს კი უნდა, რომ მსოფლიოში პოზიტიურ მოთამაშედ გამოჩნდეს.

„პრინციპში შესაძლებელია მოლაპარაკების შედეგად ზოგიერთ საკითხებზე შეთანხმდნენ, ანუ, რუსეთი სომხეთს აიძულებს, რომ დათანხმდეს. დაახლოებით ამ ფორმატის დიალოგი შეიძლება გაიმართოს.

„აზერბაიჯანის მთავარი ინტერესია, რომ ყარაბაღის მოუგვარებელი საკითხი მის სასარგებლოდ გადაწყდეს. რაც შეეხება რუსეთს, ამ ეტაპზე საერთაშორისო იზოლაციის გარღვევის მცდელობა აქვს, რომ მსოფლიოს თავი საერთაშორისო ურთიერთობებში პოზიტიურ მოთამაშედ დაანახოს", - აღნიშნა მენაღარიშვილმა

ყოფილ სახელმწიფო მინისტრსა და კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშილს მიაჩნია, რომ პუტინს შეეძლო ეს თემები ტელეფონითაც მოეგვარებინა, მაგრამ, მის ჩასვლას პროპაგანდისტული მნიშვნელობა ჰქონდა. ზაქარეიშილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ალიევმა რამდენიმე სომეხი მაღალჩინოსანი პოლიტიკოსი პატიმარი შეიწყალოს, რომელიც ყარაბახის ლიდერი იყო.

„მგონი ორი პოლიტიკური თემა იქნება, სადაც პუტინი მთხოვნელის როლში გამოვა. მისი ჩასვლა აუცილებელი იყო, რადგან ამას პროპაგანდისტული მნიშვნელობა ჰქონოდა. დანარჩენი ყველა საკითხის მოგვარება ტელეფონითაც შესაძლებელი იყო, მაგრამ რა კი ჩავიდა, ახლა მოაგვარებენ ამ თემებს.

„ერთ-ერთი სწორედ აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების მოგვარებაა. საქმე ისაა, რომ სომხეთი რუსეთზე ნაწყენია და ვიცით, რომ სომხეთმა დასავლეთის მიმართულებით დაიწყო მოძრაობა. ამ ფონზე რუსეთს უნდა, რომ მათთან ურთიერთობა გააუმჯობესოს.

„ჩემი აზრით, პუტინი ჩავიდა ბაქოში იმისათვის, რომ ილჰამ ალიევს სთხოვოს რიტორიკა შეცვალოს, შეამსუბუქოს მდგომარეობა და რუსეთს საშუალება მისცეს ურთიერთობა აღადგინოს, ანუ, რუსეთის გავლენები სომხეთში გაიზარდოს, დაახლოებით ეს მომენტი იქნება.

„ამიტომ რაღაც დასჭირდება, რომ პუტინმა ალიევისგან მიიღოს. შესაძლოა ეს იყოს იმ ტყვეების განთავისუფლება, რომლებიც ბაქოს ციხეშია, მაგალითად რუბენ ვარდანიანი, რომელიც რუსეთის მოქალაქე იყო, ჩავიდა სომხეთში, მოქალაქეობა უარყო და ყარაბახის ლიდერი გახდა. შემდეგ ომი იყო და დააპატიმრეს.

„მე არ გამოვრიცხავ, რომ ალიევის და პუტინის შეხვედრის შემდეგ გარკვეული მოზომვები დაიწყოს სომხეთის მიმართულებით რუსეთის ეგიდით, ერევნისა და ბაქოს შერიგების მიმართულებით. შესაძლოა ერთ-ერთი ნაბიჯი იყოს, რომ ალიევმა რამდენიმე სომეხი მაღალჩინოსანი პოლიტიკოსი პატიმარი შეიწყალოს, რომელიც ყარაბახის ლიდერი იყო, მგონი ეს შეიძლება განხორციელდეს", - აღნიშნავს ზაქარეიშილი.

ასევე როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ ამ საკითხის გარდა პუტინს სხვა თემები უფრო აინტერესებს, მაგალითად აზერბაიჯანის პოზიცია იმ შემთხვევაში, თუ ის ირანის მიმართულებით პოზიციას უფრო გამოკვეთს. მისივე თქმით, ამ შეხვედრის შემდეგ გარკვეული ნაბიჯები სომხეთის სასარგებლოდ გადაიდგმევა.

„ჩემი აზრით, მეორე პოლიტიკური თემა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე უფრო მნიშვნელოვანია. ეს არის თუ რა პოზიციას დაიკავებს აზერბაიჯანი ირან-ისრაელის დაპირისპირებაში, რადგან რუსეთი ირანს უჭერს მხარს და ცდილობს ისრაელის წინააღმდეგ თუ არა მის მხარეს მაინც არ იყოს.

„ამ დროს კი, აზერბაიჯანი უფრო ისრაელის მხარესაა, ვიდრე ირანის. ამიტომ მგონი ასევე პუტინს სურს, რომ ალიევს სთხოვოს მან იცოდეს ზუსტად, როგორ მოიქცევა აზერბაიჯანი მაგალითად იმ შემთხვევაში თუ რუსეთი უფრო მკაფიო პოზიციას დაიკავებს ირანის სასარგებლოდ, ვფიქრობ პუტინისთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები.

„დღეს პუტინს პრობლემა აქვს სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებიდან გამომდინარე, ანუ მას უნდა, რომ სომხეთი შეაჩეროს დასავლეთის მიმართულებით სვლისკენ, როგორც საქართველოს აჩერებს. ამიტომ აზერბაიჯანმა სომხეთს რაღაც უნდა გადაუგდოს და პუტინმა სომხეთს უთხრას, ხომ ხედავ მე ბაქოში ჩავედი და რაღაცები გავაკეთე, ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ და პრობლემა არ იქნება, რომ ამ საკითხს ხელახლა დავუბრუნდეთ.

„თუ ჩვენ 2-3 კვირაში ვერ ვიხილეთ ალიევის მხრიდან გარკვეულს ნაბიჯებს სომხეთის სასარგებლოდ, მაშინ მე ვიტყვი, რომ აზერბაიჯანმა პუტინის თხოვნები არ შეასრულა, ან ამაზე ლაპარაკი საერთოდ არ ყოფილა. თუმცა მე მაინც მგონია, რომ ამ შეხვედრის შემდეგ ნაბიჯები გადაიდგემვა სომხეთის ინტერესებიდან გამომდინარე.

„პუტინის ჩასვლის მთავარი ამოცანა მაინც თვითონ ჩასვლაა, ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ამით მსოფლიოს აჩვენებს, რომ არის სახელმწიფოები, რომლებიც მას ღებულობენ, ალიევი მოსკოვში ისედაც ხშირად ჩადის. ჩვენ რა საკითხებზეც გავამახვილეთ ყურადღება, ამის ტელეფონით მოგვარება შეიძლებოდა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×