ნატალია ჯვარიძე
19.08.2024

მოსკოვი კონკრეტულ და ადეკვატურ პასუხს გასცემს, თუ პოლონეთი უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდებას შეეცდება, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპასთან ურთიერთობის მესამე დეპარტამენტის დირექტორმა ოლეგ ტიაპკინმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

„თუ ოფიციალური ვარშავა დაემორჩილება ავანტიურულ იმპულსს და გადაწყვეტს, შეეცადოს შორ მანძილზე მოქმედი გამანადგურებელი საშუალების შეჩერებას, რომელსაც ჩვენი შეიარაღებული ძალები კანონიერად იყენებს იმისათვის, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთისთვის მომდინარე საფრთხე გაანეიტრალოს, მაშინ რეაქცია იქნება ადეკვატური და საკმაოდ კონკრეტული. რუსულმა დიპლომატიამ არაერთხელ მიუთითა, თუ რა რისკებს მოიცავს დასავლეთის სახელმწიფოების პოტენციური პირდაპირი მონაწილეობა საომარ მოქმედებებში კიევის რეჟიმის მხარეს", - განაცხადა ოლეგ ტიაპკინმა.

მისი მტკიცებით, ამ თემაზე მოლაპარაკებები არავისთან მიმდინარეობს და რუსეთის პოზიცია კარგად არის ცნობილი, როგორც ვარშავისთვის, ასევე ნატოსთვის.

შეგახსენებთ, მანამდე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ვარშავა უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობას განიხილავს.

გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ რუსეთის მუქარა პოლონეთზე მუქარად დარჩება, რადგან ჯარს ვერ შეიყვანს და ერთადერთი, შეუძლია სარაკეტო დარტყმები გამოიყენონ.

„რუსეთს გააჩნია იგივე შესაძლებლობა, რასაც უკრაინის წინააღმდეგ იყენებს, თუმცა ეს შესაძლებლობები საკმაოდ შეზღუდულია. მე ეჭვი მეპარება, რომ რამე მსგავსი გააკეთონ, რადგან ასეთი განცხადებები მათი მხრიდან პირველი არ არის, ყველას ემუქრებიან, თუმცა ჯერჯერობით არაფერი გაუკეთებიათ.

„ამიტომ შეიძლება ესეც მუქარად დარჩეს. ერთადერთი შეუძლია ბელარუსის ტერიტორია გამოიყენოს, მაგრამ ამით ბელაურსს აყენებს საპასუხო დარტყმების ქვეშ. ამრიგად, მე ეჭვი მაქვს, რომ ამ მიმართულებით რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ნაბიჯები იყოს. ერთი, რაც შეიძლება იყოს, ეს არის სარაკეტო დარტყმები, ჯარი იქ ვერ შევა და ვერაფერი", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ გამორიცხული არაა რუსებმა პოლონეთის მიმართულებით გამოიყენონ ჰაერი-მიწის ტიპის სარაკეტო კომპლექსებიც.

„როგორც ჩანს, რუსეთი აპირებს პოლონეთის ტერიტორიაზე არსებული იმ რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები გაანადგუროს, რომლებიც პოლონეთის ტერიტორიიდან შეეცდებიან ჩამოაგდონ რუსული დრონები ან რაკეტები, ალბათ ამაზეა საუბარი. პოლონეთს დაარტყამენ და იქ გაუნადგურებენ ამ სისტემებს, იქაც მიაყენებენ დარტყმას, სავარაუდოდ ეს იგულისხმა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ.

„შესაძლოა ეს იყოს დივერსიული ჯგუფები, ან კონტრსაჰაერო სისტემები, ასევე დრონების მეშვეობით ამ სისტემების განადგურება, გამორიცხული არაა რუსებმა გამოიყენონ ჰაერიმიწის ტიპის სარაკეტო კომპლექსებიც", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×