რა ხდება კურსკში და რა დავალება მისცა პუტინმა რუს სამხედროებს
ნატალია ჯვარიძე
20.08.2024

უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე სამივე ხიდი გაანადგურეს, რაც რუსულ ნაწილებს სერიოზულ ლოჯისტიკურ პრობლემებს უქმნის. სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, რუსები შესაძლოა იძლებული გახდნენ მდინარის მეორე ნაპირზე გადაიყვანონ თავისი სამხედროები, რათ ალყაში მოქცევა აიცილონ თავიდან. ამის პარალელურად, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრძანება გასცა, რომ რუსულმა არმიამ ოქტომბრამდე სრულად აღადგინოს კონტროლი კურსკის ოლქზე.

უკრაინული გამოცემების ინფორმაციით, პუტინმა სარდლობას დაავალა, რომ უკრაინული არმიის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები 1 ოქტომბრამდე გაათავისუფლონ, ოღონდ ისე, რომ ფრონტის სხვა მონაკვეთებიდან არ მოხდეს რუსული ნაწილების მოხსნა და კურსკში გადასროლა. ანალიტკოსებს უჭრთ იმაზე საუბარი, თუ რამდენად რეალურია ეს. თუმცა, როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, ეს ყველაფრეი შეიძლება კავშირში იყოს რუესბის მიერ ახალი 50-ათატისანი სამხედრო დაჯგუფების შექმნასთან, რომელსაც გენერალი ალექსეი დიუმინი ხელმძღვანელობს.

რაც შეეხება თავად უკრაინელების გეგმებს, ანალიტიკოსთა აზრით ამ ეტაპზე კურსკის ოლქშ მათი მთავარი მისაზი შესაძლოა სწორედ მდინარე სეიმამის დასავლეთ სანაპიროს გაწმენდა და მდინარის გასწვრივ გამაგრება იყოს.

რა სიტუაციაა კურსკის და ბელგოროდის ოლქებში

უკრაინელებმა ბოლო 24 საათში კურსკის ოლქში ჩრდილო-დასავლეთი მიმართულებით განახორციელეს წინსვლა: გლუშკოვოს რაიონში (სუჯას ჩრდილო-დასავლეთით) მდინარე სეიმზე ჩაარღვიეს მესამე ხიდი. შესაბამისად, სეიმის აღმოსავლეთ ნაპირზე ჩარჩენილი რუსი სამხედროები იძულებულნი არიან მომარაგება სამხედრო ხიდების - პონტონების მეშვეობით განახორციელონ. პონტონებს კი უკრაინული არტილერია თავისუფლად სწვდება.

სწორედ გლუშკოვოს რაიონში უკრაინელებმა დაიკავეს დასახლება ვიშნიოვკა. ამასთან ბრძოლით მიაღწიეს მდინარე სეიმამდე.

სუჯას სამხრეთით უკრაინელებმა დაიკავეს დასახლება ბონდერევკა. არადა რუსების გათვლა ბონდერევკას შენარჩუნება იყო შემდგომი კონტრშეტევისათვის. რუსები თავიანთ მარცხს უკრაინული არმიის ელიტის გამოჩენით ხსნიან.

უკრაინაში, დონეცკის ოლქში, უკრაინელები ქალაქ პორკოვსკისა და მირნოჰრადის გასწვრივ აგებენ თავდაცვის ზღუდეებს. რუსული წინსვლის შეჩერება სავარაუდოდ აქ უნდა მოხდეს. მოსახლეობის ევაკუაცია აქტიურად მიმდინარეობს.

სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას შეფასებით, რუსებმა უკრაინელების შეტევების ტემპის დაგდება ოდნავ მოახერხეს, თუმცა ისინი ცდილობენ სუსტი ადგილების ნახვას, რათა მანევრირებადი ტიპის საბრძოლო მოქმედებები განახორციელონ.

„კურსკში ბრძოლები მიმდინარეობს თუ არ ვცდები მარინკის და სუჯას მიდამოებში, ასევე ბელგოროდის ოლქში. რუსებმა გარკვეულწილად შეძლეს უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევების ტემპის ოდნავ დაგდება, თუმცა ახლა უკრაინელები ცდილობენ მონახონ სუსტი ადგილები და იქიდან განახორციელონ მანევრირებადი ტიპის საბრძოლო მოქმედებები. ამ ეტაპზე უკრაინელები ახერხებენ 30 კილომეტრიანი სიღრმის და 65-იანი სიგანის პლადცარმის კარგად შენარჩუნებას, რომელთა საერთო კვადრატული რაოდენობა არის 1 200 კვადრატული კილომეტრი.

„ახლა მთავარია უკრაინელები რამდენად მოამზადებენ ახალი ტიპის ქვედანაყოფებს. კარგი იქნება „ეფ-16"-ების ორი რაზმი მაინც გაჩნდეს, ყოველ შემთხვევაში ფსიქოლოგიურ ეფექტს მაინც შექმნის", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვახტანგ კაპანაძის ინფორმაციით, უკრაინელები ხიდების აფეთქების შემდეგ კურსკის ოლქში ალყის დასრულებას ცდილობენ.

„როგორც ჩემთვისაა ცნობილი, უკრაინელები ალყის დასრულებას ცდილობენ, სადაც შეიძლება 300-ზე მეტი რუსი სამხედრო მოხვდეს. ჯერჯერობით რუსეთის მხრიდან კურსკის მიმართულებით რაღაც ქმედითი ნაბიჯები არ ჩანს. ამ ეტაპზე ადვილი საქმე არ აქვთ რუსებს", - აღნიშნავს კაპანაძე.

რამდენად რეალისტურია პუტინის ბრძანება

გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ რუსებმა კურსკის ოლქის გათავისუფლება ორ თვეში კი არა, წლის ბოლომდეც საეჭვოა შეძლონ.

„მე ეს არარელუარდ მიმაჩნია. რუსები ორ თვეში ისეთ შეტევას ვერ განახორციელებენ, რომ კურსკის ოლქის გათავისუფლება შეძლონ. ფრონტის სხვა მონაკვეთებიდან რაც მოსახსნელი იყო, მათ უკვე მოხსნეს და კურსკში გადაისროლეს. ორ თვეში ერთი დასახლებული ვერ აიღეს. ნიუ-იორკს (სასახლებული პუნქტი დონეცკის ოლქში) 6 თვე უტევდნენ და ახლა ძლივს აიღეს. კურსკში 90-ზე მეტი დასახლებული პუნქტია უკრაინელების კონტროლის ქვეშ. ამდენი დასახლებული პუნქტის აღება მარტივი არაა და მეეჭვება ეს მოახერხონ. ორი თვე კი არა, წლის ბოლომდე არ მგონია გაათავისუფლონ", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

ვახტანგ მაისაიას თქმით, რუსებს კურსკის ოლქში წარმატების მისაღწევად შესაბამისი სამხდრო პოტენციალი აქვთ, მაგრამ რთული სათქმელია რამდენად შეძლებენ ამას აღნიშნულ ვადებში.

„სამწუხაროდ, რუსებს ამის საბრძოლო პოტენციალი გააჩნიათ, მითუმეტეს კალინგრადის ოლქის არმიიდან ნაწილებს ხსნიან. სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კავკასიის მე-8 არმიის ნაწილებსაც გადმოისვრიან. რუსეთი შეეცდება 50-ათასიანი დაჯგუფების შექმნას. პრინციპში ეს უკვე შექმნილია, მისი შტაბებისა და სტრუქტურების ლოჯისტიკა ყალიბდება და ამ ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფებას არმიის სტატუსი მიენიჭება. მის სარდლად გენერალ-პოლკოვნიკი ალექსეი დიუმინი დაინიშნა.

„სხვათა შორის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეს უცებ გაასაიდუმლა. თავიდან სოციალურ ქსელებში ეს ინფორმაცია გავარდა და რუსი სამხედრო ბლოგერები ამაზე აქტიურად საუბრობდნენ, მერე კი კრემლის პრესსამსახურმა თითქოს ეს უარყო. თუმცა პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მის დანიშვნაზე გავრცელებული ინფორმაცია რეალობაა და ისინი აპირებენ 50-ათასიანი ამ ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების შექმნას, რადგან ის მისია შეასრულონ. სავარაუდოდ, ეს პირდაპირ კავშირშია ამ მოვლენასთან.

„მე არ გამოვრიცხავ, რომ პუტინმა ფარული მობილიზაცია გამოაცხადოს, დაახლოებით იგივე, რაც საბჭოთა ხელმძღვანელობამ გამოაცხადა 1982 წელს, ლეონიდ ბრეჟნევის პერიოდში, როცა ავღანეთში საბჭოთა კავშირს გარკვეული პრობლემები შეექმნა და მოუწიათ ამის გაკეთება. თუმცა საბჭოთა სისტემა დღევანდელისგან განსხვავებულ პრინციპზეა აგებული და ცოტა მიჭირს ზუსტად იმის თქმა, თუ როგორ მოახდენს პუტინი მობილიზაციის. მაგრამ, ყველა ვარიანტში, ამის გაკეთება მოუწევს.

„ეს არ არის ნახევარი მობილიზება და მობილიზაცია, ეს არის „ფარული მობილიზაცია". პლუს კალინგრადისა და დასავლეთის მიმართულების გამყარებაზეა ლაპარაკი და ოკუპირებული უკრაინის ტერიტორებზე საბრძოლო მოქმედებები ტემპები რომ არ დავარდეს.

„ვერ გეტყვით ოქტომბრამდე რუსები შეძლებენ თუ არა კურკის ოლქის გათავისუფლებას. აქ ყველაფერი დამოკიდებულია უკრაინის სტრატეგიული საბრძოლო ხელმძღვანელობა რა ზომებს მიიღებს, როგორ მოახერხებს იმ შეტევის ტემპის დაგდებას, რომელიც დონეცკსა და ლუგანსკის ტერიტორიებზე რუსული ჯარები ახორციელებენ. ჯერჯერობით, როგორც მე ვატყობ, რუსებს აქ ტემპები არ შეუნელებიათ. მართალია, ახლა რუსებს უფრო უჭირთ, მაგრამ წინ მიდიან. ყოველ შემთხვევაში უკრაინის კურსკის ოპერაციამ ამ მიმართულებით სიტუაცია მაინცდამაინც ვერ შეცვალა.

„ერთი მომენტი არის ის, თუ რამდენიმე ბრძოლისუნარიანი შენაერთი გადაისროლეს შავი ზღვის ფლოტის 810-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადიდან, რომელიც ყველაზე მაღალ დონეზეა დაკომპექტებული და დაახლოებით 3 500 მებრძოლისგან შედგება. ასევე არის აფხაზურ-ოსური სპეციალური დანიშნულების ბრიგადა, რომელიც მგონი რიგით მეხუთე დაჯგუფებაა, რომელშიც დაახლოებით 2 ათასი ადამიანია. ესენი გადაისრულეს კურსკში, სუჯაში. ესენი ყველაზე საშიშ ზონაზე დააყენეს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×