ნატალია ჯვარიძე
21.08.2024

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 10 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, რომლებიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდნენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, სერგეი სობიანინმა „ტელეგრამზე" დაწერა. მისი თქმით, მოსკოვზე დრონებით თავდასხმის ეს მცდელობა ერთ-ერთი მასშტაბური იყო. ამასთან კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში უკრაინელები შეტევას კვლავ ახორციელებენ.

„მოსკოვის საჰაერო თავდაცვამ შესაძლებელი გახადა მტრის უპილოტო საფრენი აპარატების ყველა თავდასხმის მოგერიება. თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით 10 დრონი ჩამოაგდეს", - წერს სერგეი სობიანინი და დასძენს, რომ აგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს.

სამხედრო ანალიტიკოსის ვახტანგ მაისიას თქმით, უკრაინისთვის მოსკოვი მთავარი დარტყმის ობიექტია და მათ აქვთ საშუალება დრონებით დაარტყან. ასევე, მისი შეფასებით, დივერსიული ჯგუფები და სადაზვერვო სტრუქტურები საკმაოდ კარგად მოქმედებენ.

„რა თქმა უნდა, მოსკოვი მთავარი დარტყმის ობიექტია, ამაში ორი აზრი არ არის და მოსკოვსა და მის გარეუბანზე აქამდეც განხორციელდა არაერთი თავდასხმა. უკრაინელებს შესაძლებლობა აქვთ უფრო მეტად დრონების მეშვეობით შეუტიონ, ვიდრე საბრძოლო თვითმფრინავებით.

„ასევე, მათ ჰყავთ დივერსიული ჯგუფები და სადაზვერვო სტრუქტურები, რომლებიც საკმაოდ ეფექტურად მოქმედებენ ქვეყნის შიგნით. ასე რომ, ამ კუთხით და ამ მიმართულებით უკრაინელების პოტენციალი არც თუ ისე ურიგოა", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

რა სიტუაციაა ფრონტის ხაზზე

უკრაინელების შეტევა კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში კვლავ წარმატებით მიმდინარეობს. გუშინ მათ კიდევ უფრო გააფართოვეს კონტროლის ზონა და 1300 კვადრატულ კილომეტრამდე ტერიტორიას ფლობენ. ვლადიმერ პუტინმა კი, კურსკის ოლქში დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების ბრძანება გასცა და ვადად 1 ოქტომბერი განსაზღვრა.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის ოლქებში 45 დრონი ჩამოაგდეს.

„გასული ღამის განმავლობაშ, კიევის რეჟიმმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ტერორისტული თავდასხმა სცადა. მორიგე საჰერო თავდაცვის სისტემებმა 45 დრონი გაანადგურა", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, 11 დრონი მოსკოვის თავზე ჩამოაგდეს, 23 ბრიანსკის ოლქში, 6 ბელგოროდის, 3 კალუგის და 2 კურსკის ოლქის თავზე გაანადგურეს.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ოთხშაბათს ღამით უკრაინელმა სამხედროებმა როსტოვის ოლქის სოფელ ნოვოშახტინსკთან იერიში მიიტანეს რუსების S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემებზე.

გენერალური შტაბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ S-300 სისტემები გამოიყენებოდა რუსი სამხედროების მიერ უკრაინის ქალაქების დასაბომბად.

როსტვის ოლქის გუბერნატორმა, ვასილი გოლუბევმა ღამით განაცხადა, რომ „საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რაკეტა როსტოვის ოლქის დასავლეთით" და ამტკიცებდა, რომ „წინასწარი მონაცემებით, ფრაგმენტების ჩამოვარდნას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია".

ანალიტიკოს გიორგი კობერიძის ინფორმაციით, ქალაქ სუჯას ჩრდილო-აღმოსავლეთით რუსები მალაია ლოკნიას შემოგარენის გამაგრებას ცდილობენ, თუმცა უკრაინული დანაყოფენი აქტიურად მოქმედებენ. მალაია ლოკნია გზის პირად მდებარეობს და მისი დაბრუნება/შენარჩუნება ამ მიმართულებას დიდ მნიშვნელობას სძენს.

უკრაინელები ძალიან აქტიურად მიიწევენ წინ მდებარე სეიმის მიმართულებით, გლუშკოვოს რაიონში. რუსები აქ ოპერატიულ ალყაში არიან და მხოლოდ გასაშლელი სამხედრო ხიდებით-პანტონებით მარაგდებიან, ისიც ლიმიტირებულად. უკრაინული დანაყოფები კულბაკისათვის ბრძოლაში არიან ჩართულები, ხოლო უშუალოდ გლუშკოვოდან დაახლოებით 10 კილომეტრში არიან.

მდინარე სეიმის დასავლეთით რუსების იურიდიულ ფლობაში არსებული 15 კვადრატული კილომეტრის სივრცის ტერიტორია უკრაინელებმა დაიკავეს და ტეტკინოში (ტიოტკინოში) გამაგრებულ რუსებს ძალიან ახლო მანძილიდან უხსნიან ცეცხლს.

რუსები კვლავ წერენ, რომ შესაძლოა რილსკის მიმართულებაზე უკრაინელებმა საზღვარი არსებული საბრძოლო მოქმედებებიდან ჩრდილოეთითაც გადალახონ და შეუტიონ რაიონულ ცენტრს. სწორედ ამიტომ ვერ ხსნიან რუსები თავიანთ დანაყოფებს საზღვრის ამ წერტილიდან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×