ნატალია ჯვარიძე
21.08.2024

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ, აზერბაიჯანმა დაუყონებლივ გააკეთა განაცხადი „ბრიქსში" გაწევრიანების შესახებ - ამაზე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, აიჰან ჰაჯიზადემ თურქულ გამოცემა Anadolu Agency-სთან საუბარში თქვა.

ცნობისთვის, ივლისის დასაწყისში ყაზახეთში გამართული „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის" სახელმწიფო მეთაურების შეხვედრაზე აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის „სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ" ერთობლივი დეკლარაცია იქნა მიღებული. დეკლარაციაში აღნიშნული იყო, რომ ბაქოს „ბრიქსში" გაწევრიანება სურს, ხოლო პეკინი ამ მისწრაფებას მიესალმება.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის 18-19 აგვისტოს აზერბაიჯანში გამართული ვიზიტის შედეგად მიღებულ ერთობლივ დეკლარაციაშიც აღნიშნული იყო, რომ მოსკოვი მხარს უჭერს „ბრიქსში" აზერბაიჯანის წევრობას.

ყოფილ სახელმწიფო მინისტრსა და კონფიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ აზერბაიჯანისთვის მსხვილ ფინანსურ „გეოპოლიტიკურ ოჯახთან" მიერთება მნიშვნელოვანია. როგორც მან აღნიშნა, აზერბაიჯანმა ევროკავშირზე და ნატოზე უარი თქვა, ამიტომ დიდ საერთაშორისო ორგანიზაციაში შესვლა სჭირდებოდათ.

„ბრიქსში" არის მთელი არადემოკრატიული მსოფლიო, იქ არის ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა, ინდოეთი და ა.შ. ანუ დიდი და სერიოზული სახელმწიფოების ერთობაა. „ბრიქსში" გაწევრიანება ნიშნავს მსხვილ ფინანსურ არადემოკრატიულ ნაკადთან შეერთებას.

„ასეთი რამდენიმე დიდი ერთობაა მსოფლიოში, პირველ რიგში „დიდი შვიდიანია", რომელიც ყველაზე წამყვანი და ძლევამოსილი გაერთიანებაა. ამას მოჰყვება „დიდი ოციანი", რომელიც მეორე ადგილზეა საკმაოდ სერიოზულ ორგანიზაციებს შორის.

„შესაძლოა თამამად ითქვას, რომ მესამე ადგილზე „ბრიქსია", რომელიც სხვადასხვა ტიპის სახელმწიფოებს აერთიანებს. ამიტომ აზერბაიჯანის მიერთება ამ მსხვილ ფინანსურ „გეოპოლიტიკურ ოჯახთან" ბაქოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება იქნება. ვინაიდან აზერბაიჯანმა ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი თქვა, რაც ჩემი აზრით ეს უფრო სერიოზულია. რა თქმა უნდა, ამ ფონზე მათ სჭირდებათ დიდ ერთობაში შესვლა და „ბრიქსი" ამ შემთხვევაში მათთვის კარგი იქნება", -აღნიშნავს ზაქარეიშვილი.

როგორც ზაქარეიშვილი ამბობს, აუცილებელია სახელმწიფო რომელიმე დიდ გაერთიანებაში იყოს, რათა რუსეთმა არ „წალეკოს". მას აბსურდულად მიაჩნია, რომ საქართველო მარტო იყოს ევროკავშისა და ნატოს გარეშე.

„ჩვენ, საქართველო უარს ვამბოთ ნატოსა და ევროკავშირზე, რომლებმაც კარები გაგვიხსნეს, ჩვენ უფრო მნიშვნელოვანი პოტენციალი გვაქვს. საქართველოში მავნებლური და იდიოტური აზროვნება არსებობს, რომ მარტო უნდა ვიყოთ, რაც სრული აბსურდი, ბოდვა და შეუძლებელიც კია.

„თუ რომელიმე მსოფლიო დონის ერთობას არ შეუერთდები, რუსეთი წაგლეკავს და შეგჭამს. ვინც მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტზე ლაპარაკობს, ის აშკარად რუსული ნარატივის გამტარებელია, ოღონდ რუსეთს ვერ ახსენებს. ამ ფონზე, როდესაც აზერბაიჯანი ნატოსა და ევროკავშირზე უარს ამბობს, მისთვის „ბრიქსი" ზედგამოჭრილია", - თქვა ზაქარეიშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ პუტინმა და ალიევმა ირან-ისრაელის საკითხზე აზრები გაცვალეს, თუმცა რადგან ხმამაღლა არ ამბობენ, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.

„როდესაც ალიევი და პუტინი შეხვდნენ ხმა არ ამოუღიათ ისრაელ-ირანის ურთიერთობებზე, რაც ორივესთვის პრიორიტეტია, რადგან სხვადასხვა ბანაკებში არიან. რუსეთი ირანს უჭერს მხარს, ხოლო აზერბაიჯანი უფრო ისრაელისკენ იხრება. თუ მათ ხმა არ ამოუღიათ და არ უხსენებიათ ეს არის მნიშვნელოვანი.

„შეუძლებელია პუტინი და ალიევი ერთად ყოფილიყვნენ და არ ესაუბრათ ამ საკითხზე. თავისთავად ამაზე დადუმება ნიშნავს იმას, რომ მათ შორის ბოლომდე „ქიმია" ვერ შედგა, ბოლომდე ვერ შეთანხმდნენ, თორემ იტყოდნენ, რომ ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრეთ. მე მაინც მგონია, რომ გამორიცხულია ირან-ისრაელზე არ ესაუბრათ, აზრებს აუცილებლად გაცვლიდნენ, თუმცა, აქ კითხვებს აჩენს ის, თუ რატომ არ იძახიან ხმამაღლა - ეს ბევრ რამეზე მეტყველებს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×