
რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული არმიის წინსვლის ფონზე, დასავლეთში სულ უფრო აქტიურად საუბრობენ, რომ საჭროა უკრაინას მოეხსნას შეზღუდვა და დასავლური იარაღი მხოლოდ თავდაცვისთვის კი აღარ გამოიყენონ, არამედ რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებებისთვის. რა გავლენას მოახდენს ეს ომის მიმდინარეობაზე და როგორი იქნება ამ შეზღუდვის გაუქმების შემთხვევაში კრემლის საპასუხო ნაბიჯი?
ანალიტიკოსთა მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით განსხვავებულია. ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ ეს დრამატულად გაზრდის რუსეთსა და დასავლეთს შორის ესკალაციის ხარისხს. საქმე შესაძლოა ნატო-რუსეთის ომამდე და ბირთვული იარაღის გამოყენებამდეც მივიდეს. მისივე თქმით, ამ საფრთხეს დასავლეთშიც აცნობიერებენ და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ეს შეზღუდვა მოხსნან.
„ეს საკმაოდ რთული საკითხია, რადგან შეიძლება ამას ბევრი უარყოფითი შედეგი მოჰყვეს და გამორიცხული არაა ამის მერე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის სახელმწიფო შენობების დაბომბვა დაიწყოს, შესაძლოა ბირთვული ტაქტიკური იარაღიც გამოიყენოს", - აცხადებს სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან".
გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე კი მიიჩნევს, რომ ამ შეზღუდვის მოხსნას რეალურად რაიმე მნიშნელოვანი გამწვავება არ მოჰყვება. ჯერ ერთი, რომ კრემლი საკმაოდ ხშირად საუბრობს „წითელ ხაზებზე", თუმცა შემდეგ მათ გადაკვეთაზე არც ისე მწვავედ რეაგირებს. გარდა ამისა, უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დღესაც იყენებს დასავლურ შეიარაღებას, თუმცა ამის აფიშირება არ ხდება.
„ფაქტობრივად, თუკი ოფიციალურად მისცემენ ამის უფლებას, მე რაღაც ძალიან დიდ ცვლილებებს ფრონტზე ვერ ვხედავ. მაგრამ, რასაკვირველია, ეს გაუადვილებს უკრაინელებს გარკვეულ მოქმედებებს და რუსების შეტევების სიმძაფრეც დაიკლებს. აქ მთავარია რა არის უკრაინელების გეგმა - უფრო სიღრმეში უნდათ წასვლა, თუ მხოლოდ საზღვრის გაყოლებაზე ბუფერული ზონის შექმნა. ამისკენ უფრო ჩანს მათი მოქმედებები".
დასავლელი პარტნიორები უკრაინას იარაღით ეხმარებიან, მაგრამ იმ პირობით, რომ არ მოხდება მისი გამოყენება უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე. ეს შეიარაღება უკრაინელებმა შეიძლება გამოიყენონ მხოლოდ თავდაცვისათვის, ან რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარტყმებისათვის. ბოლო პერიოდში სწორედ ამ შეზღუდვის გაუქმებაზე გააქტიურდა საუბარი.
მაგალითად, 22 აგვისტოს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა „ექს"-ში დაწერა, რომ ის მხარს უჭერს შეზღუდვების მოხსნას, რადგან ამას რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგი ექნება.
„რუსი სამხედროების წინააღმდეგ შესაძლებლობების გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგი ექნება: მათ შორის გააძლიერებს უკრაინის თავდაცვას, გადაარჩენს მრავალი ადამიანის სიცოცხლეს, შეამცირებს ნგრევას უკრაინაში და ხელს შეუწყობს მშვიდობის მცდელობებს. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას განვუცხადე, ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს უკრაინის ბრძოლას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. მოუთმენლად ველი მასთან შეხვედრას ბრიუსელში და მსჯელობას ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან მომავალ კვირას, რათა წინ წავწიოთ უკრაინისთვის მხარდაჭერის საკითხი", - წერს ბორელი.
ვახტანგ მაისაიას შეფასებით, უკრაინისათვის შეზღუდვების მოხსნა ბორელის დონეზე არ წყდება და ამ მხრივ გადამწყვეტი იქნება აშშ-ის პოზიცია.
„ჯოზეფ ბორელის დონე არაა ამ ამბის გადაწყვეტა და საერთოდ, ევროკავშირის პოზიცია ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია. მაგრამ ამერიკა ამ რისკზე არ წავა, რადგან იქ მალე საპრეზიდენტო არჩევნები უნდა იყოს და პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „კოჭლი იხვია". შესაბამისად, მისი მხრიდან რამე მსგავსი აბსოლუტურად არალეგიტიმური იქნება. ის ოფიციალურად ჩამოეხსნა არჩევნებს და ფაქტობრივად, ის ფორმალური პრეზიდენტია. ყველა ელოდება ვინ გახდება 5 ნოემბერს ნამდვილი პრეზიდენტი - კამალა ჰარისი თუ დონალდ ტრამპი და მათი პრეროგატივაა რა გადაწყვეტილებას მიიღებენ.
„თუმცა, მე მაინც მგონია, რომ აქედან არც ერთი არ იზამს, რასაც ბორელი ამბობს. ბორელი არაა ის, ვინც ასეთ სამხედრო-სტრატეგიულ საკითხებს წყვეტს", - აღნიშნავს მაისაია.
მისივე თქმით, დასავლეთში აცნობიერებენ, რომ უკრაინისათვის ამ შეზღუდვის მოხსნა სერიოზულ რისკებს შეიცავს. ეს კრემლში აღქმული იქნება, როგორც ომში ნატო-ს და ზოგადად დასავლეთის პირდაპირი ჩართვა და ამას შესაბამისი შედეგები მოჰყვება.
„ეს ისეთი რაღაც არის, რაც ტირან პუტინს მისცემს საშუალებას ამ ნაბიჯზე წავიდეს, ის ყველაფრის გამკეთებელია. მეორე ვარიანტია, რომ ამან სრულმასშტაბიანი ომის სახე მიიღოს, პუტინმა ნატოსა და ევროკავშირს ომი გამოუცხადოს და დაიწყოს მესამე მსოფლიო ომიც კი. ესეც არაა გამორიცხული იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე თავისი იარაღის გამოყენების უფლებას მისცემს.
„ეს ძალიან სერიოზული საქმეა, რადგან რუსეთის ტერიტორიების ამერიკული იარაღით დაბომბვა ეს ომის გამომწვევი მიზეზია. ამიტომ მე არ მგონია, რომ დასავლეთი ამ რისკზე წავიდეს, რადგან გინდ ასე დავატრიალოთ და გინდ ისე, ეს უკვე ომის გამოცხადებაა და რუსეთს ამაზე რეაქცია აუცილებლად ექნება, სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ. მე როგორც ვხვდები, რუსეთი ამას ელოდება.
„ამრიგად, მე ეჭვი მეპარება ეს განხორციელდეს, რადგან მესამე მსოფლიო ომს ნიშნავს და ამაზე დასავლეთი არ წავა. ვლადიმირ პუტინი ტირანია და მისგან არაფერია გამორიცხული, მათ შორის ბირთვული სტრატეგიული იარაღის გამოყენებაც კი", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
ვახტანგ კაპანაძის აზრით კი, პუტინი მხოლოდ იმუქრება და საეჭვია საქმე ბირთვული იარაღის გამოყენებამდე მივიდეს. მისივე ინფორმაციით, უკრაინელები ახლაც იყენებენ დასავლურ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე და რამდენიმე ქვეყანამ რაღაც კონკრეტული იარაღის გამოყენების უფლებაც მისცა.
„პრინციპში, უკრაინელები ამერიკულ იარაღს რუსეთის ტეროტორიაზე ახლაც იყენებენ, რომელიღაც კონკრეტული რაკეტის გამოყენებაზე თუ არის შეზღუდვა, რამდენიმე ქვეყანამ ეს შეზღუდვაც მოხსნა.
„რუსეთმა უკვე რამდეჯერმე ისაუბრა „წითელ ხაზებზე" და მგონი ამ წითელ ხაზებს თავისთვის ხაზავს, რადგან არცერთ საკითხზე რეაგირება არ მოუხდენიათ, მარტო იმუქრებიან. ამასთან, მე ძალიან ეჭვი მეპარება, რომ საქმე ბირთვულ იარაღის გამოყენებამდე მივიდეს და რუსეთს ამის თავი ჰქონდეს", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".