
უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ უნდა გამოიყენოს დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი. ეს F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებსაც ეხება, - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი რომ უკრაინაში არ შეჭრილიყო, უკრაინელ სამხედროებს არ მოუწევდათ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე თავდასხმა.
„თუკი, გაეროს წესდების 51-ე მუხლის თანახმად, ჩვენ გვინდა დავეხმაროთ უკრაინას აგრესიისგან თავდაცვაში და დავეხმაროთ მას მატერიალური მომარაგებით და არა საბრძოლო მოქმედებებში უშუალო მონაწილეობით, მაშინ უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ გამოიყენოს ეს იარაღი", - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, უკრაინა მუშაობს დასავლეთის ქვეყნებიდან ნებართვის მისაღებად, რომ მათგან მიწოდებული შორ მანძილზე მოქმედი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ლეგიტიმური სამიზნეების დასარტყმელად გამოიყენოს.
გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ თუ უკრაინა დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლებას მიიღებს, ოპერატიულ-სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებს შეუტევს. მისივე ვარაუდით, თუ უკრაინას ძალიან გაუჭირდა, ამის უფლებას მიიღებს.
„თუკი უკრაინა დასავლური იარაღის რუსეთის სიღრმეში გამოყენების უფლებას მიიღებს, ის შეუტევს ოპერატიულ-სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებს: საცავებს, აეროდრომებს, ჯარების თავმოყრის რაიონებს და ა.შ.
„არავინ ელოდა, რომ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს მიიღებდნენ, მაგრამ კი მიიღეს. ამ შემთხვევაშიც ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გაგრძელდება ვითარება და რა ფორმას მიიღებს დაპირისპირება.
„დასავლეთი უფრო მეტად ეხმარება უკრაინას და ასე მგონია, რომ თუ უკრაინას ძალიან გაუჭირდა მათი იარაღის რუსეთის სიღრმეში გამოყენების უფლებას მისცემენ. ამასთან, უკრაინა საკუთარი შორი მანძილის იარაღზე მუშაობს და როგორც მე ვიცი, ეს იარაღი წარმატებითაც გამოიცადა. ასე რომ, უკრაინა ისე არ ზის და დასავლეთს არ ელოდება", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".
რა სიტუაციაა ფრონტის ხაზზე
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ პოკროვსკის მიმართულებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ახლა საბრძოლო მოქმედებების ზონაში ყველაზე რთული წერტილია.
„ბრძოლა უკიდურესად მძიმეა. მტერი ბრძოლაში იყენებს ყველაფერს, რითაც თავდასხმა შეუძლია და ცდილობს, ჩვენი ჯარების თავდაცვა გაარღვიოს", - აღნიშნა სირსკიმ.
მისი თქმით, ზედიზედ რამდენიმე დღე მუშაობდა ბრიგადებში, რომლებიც ამ მიმართულებით თავდაცვას ახორციელებდნენ.
„შტაბებში მუშაობა თითქმის 24 საათის განმავლობაში გრძელდება, მუდმივად გვიწევს არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება თავდაცვის გასაძლიერებლად და მტრის გასანადგურებლად", - განაცხადა სირსკიმ.
როგორც მან აღნიშნა, ასეთ პირობებში უმთავრესი ამოცანაა ფრონტის ურთულეს სექტორში ჯარების თავდაცვის გაძლიერება, ბრიგადებისთვის საკმარისი რაოდენობის საბრძოლო მასალისა და სხვა საშუალებების მიწოდება.
ამასთან, რუსულმა ძალებმა ქალაქ სუმის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე საჰაერო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა, არის მსხვერპლი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
სუმის საოლქო პროკურატურის ცნობით, რუსეთის თავდასხმის შედეგად სუმში საწარმო დაზიანდა. უწყების ინფორმაციით, დაშავდა 9 ადამიანი, საიდანაც ერთი საავადმყოფოშუ მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
თავის მხრივ უკრაინელების შეტევა გრძელდება. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს, საჰაერო სისტემებმა ღამით ბრიანსკის, კალუგის, ბელგოროდის ოლქებსა და ყირიმში 18 დრონი ჩამოაგდეს.
„წუხელ აღიკვეთა კიევის მცდელობები, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმები თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს 18 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი", - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, 11 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე, 4 - კალუგის ოლქის თავზე, ერთი ბელგოროდში და 2 დროებით ოკუპირებულ ყირიმში.