ელზა პაპოშვილი
03.10.2024

უკრაინის ფრონტზე სიტუაცია კვლავ რთულია, რადგან რუსეთის ქვედანყოფები გარკვეული ტერიტორიების დაკავებას მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც ახერხებენ. ალყაში მოქცევის საფრთხის გამო უკრაინული ქვედანაყოფები ქალაქ უგლედარიდან გავიდნენ.  ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ-სტრატეგიულ დაჯგუფება „ხორტიცაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

„ხანგრძლივი ბრძოლების შედეგად მიღებული დანაკარგების მიუხედავად, მტერმა უგლედარის აღების მცდელობები არ მიატოვა. ნებისმიერ ფასად ქალაქზე კონტროლის დამყარების მცდელობისას, მტერმა სარეზერვო ქვედანაყოფები ფლანგური შეტევების განსახორციელებლად გაგზავნა, რამაც უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების თავდაცვითი შესაძლებლობები ამოწურა. მტრის მოქმედებების შედეგად ქალაქის ალყაში მოქცევის საფრთხე გაჩნდა“, - აცხადებს „ხორტიცა“.

„ხორტიცა“ წერს, რომ ქვედანაყოფების გაყვანის ნებართვა უკრაინის უმაღლესმა სარდლობამ გასცა.

„პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის შენარჩუნებისა და შემდგომი მოქმედებებისთვის პოზიციების დაკავების მიზნით, უმაღლესმა სარდლობამ უგლედარიდან ქვედანაყოფების გაყვანის მანევრის ჩატარების ნებართვა გასცა“, - აღნიშნავს ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება „ხორტიცა“.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ATACMS-ის რაკეტებით რუსულ Nebo-M სარადარო სისტემას დაარტყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო ძალების ქვედანაყოფებმა ATACMS-ის ბალისტიკური რაკეტებით რუსულ Nebo-M სარადარო სისტემაზე წარმატებული დარტყმა განახორციელეს. მისი განადგურება მნიშვნელოვნად ამცირებს რუსეთის შეიარაღებული ძალების უნარს, აეროდინამიკური და ბალისტიკური სამიზნეების გამოვლენა და მოგერიება მოახდინო“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მხოლოდ 10 მსგავსი სარადარო სისტემა რჩება. თითოეულის ღირებულება კი 100 მილიონ დოლარზე მეტია.

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 78 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული საჰაერო ძალები ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 105 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 78 უკრაინელებმა კიევის, ჩერკასის, ვინიცის, ხმელნიცკის, კიროვოგრადის, ჟიტომირის, პოლტავის, ჩერნიგოვის, ხერსონის, ოდესის, ხარკოვის, სუმის, დნეპროპეტროვსკის, რივნისა და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებში ჩამოაგდეს.

ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ერთი დრონი ბელარუსის მიმართულებით გაფრინდა, ხოლო 23 უკრაინის სხვადასხვა ოლქების ტერიტორიებზე გაუჩინარდა.

რუსულმა ძალებმა ხარკოვს მართვადი ავიაბომბებით დაარტყეს, დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის 3 წლის ბავშვი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის განცხადებით, განხორციელდა იმ საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებთა ევაკუაცია, რომელსაც მართვადმა ავიაბომბმა დაარტყა და ასევე მიმდებარე კორპუსების მცხოვრებლების, რომელთა ბინები აფეთქების შედეგად დაზიანდა.

ამასთან, ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა აღნიშნა, რომ დანგრეული კორპუსის ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ადამიანები იყვნენ მოყოლილი. სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციამ „სუ-34“ ტიპის ორი თვითმფრინავის გამოყენებით ხუთი მართვადი ბომბი გაუშვა ხარკოვსა და მის გარეუბნებში.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ომის ფრონტის ხაზზე სიტუაცია ძალიან რთულია.

„დღეს გვქონდა დეტალური და ძალიან გრძელი საუბარი მთავარსარდალ სირსკისთან და გენერალური შტაბის უფროს ბარჰილევიჩთან. საუბარი ორსაათნახევარზე მეტხანს გაგრძელდა. მოხსენებები ჩვენი ფრონტის ხაზის თითოეული სექტორის, ჩვენი შემდგომი შესაძლებლობებისა და ჩვენი კონკრეტული ამოცანების შესახებ. სიტუაცია ძალიან, ძალიან რთულია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რეალური და სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად უმნიშვნელოვანესია რუსეთზე ზეწოლის მოხდენა ყველა არსებული საშუალებისა და ინსტრუმენტის გამოყენებით.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ რუსეთზე ზეწოლა მოვახდინოთ ყველა არსებული საშუალებისა და ინსტრუმენტის გამოყენებით, რათა რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ ჩვენს მიზანს - უკრაინისა და მთელი ჩვენი ხალხისთვის რეალურ და სამართლიან მშვიდობას. ყველაფერს, რისი გაკეთებაც შეიძლება ამ შემოდგომაზე, რისი მიღწევაც შეიძლება, უნდა მივაღწიოთ და ეს უკრაინის გუნდში ყველაზეა დამოკიდებული. „რამშტაინამდე“ მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ - მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ ახლა რუსების ძირითადი დაწოლა პოკროვსკის მიმართულებაზე ხდება და პუტინი ცდილობს კურსკი საერთოდ არ შეიმჩნიოს. ამიტომ გენერალი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მან დანაყოფების კურსკში გადაყვანის ბრძანება, ყველაზე წყნარი რაიონებიდან გასცა. 

„თუკი უკრაინელებმა კურსკის ტერიტორიების შენარჩუნება შეძლეს და რუსების კონტრშეტევები ამ ტერიტორიების დასაბრუნებლად მოიგერიეს, პუტინს ძალაუნებურად მოუწევს ბრძანების გაცემა სხვა რაიონებიდან უფრო გამოცდილი დანაყოფების გადმოსროლის შესახებ. 

„რაც შეეხება დასავლეთიდან მიღებულ დახმარებას, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ეს თემაა საინტერესო და ზელენსკიმ საკადრო ცვლილებები ამიტომაც განახორციელა. აუცილებელია ახალი სისხლი, ახალი ხედვები, რადგან ახალმა ხელმძღვანელმა თავის გუნდთან ერთად შესაძლოა უფრო კარგად იმოქმედოს.

„ახლა მთავარი არის დასავლეთიდან უკრაინელებმა იარაღის რუსეთის ტრიტორიაზე გამოყენების ნებართვა მიიღონ. ზოგმა ქვეყანამ, რომელიც მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ უკრაინას, ასეთი შეზღუდვები მოხსნეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. უკრაინელებს ლოკალური კონფლიქტი არ აქვთ, ეს არის დიდი ომი და უფრო  მეტია საჭირო. 

„დარწმუნებული ვარ ეს ფაზა, რომელიც უფრო მოიკლებს და ეს დრო გამოყენებული იქნება დიპლომატიური მოქმედებისთვის. უკრაინას მიეცემა ბევრი ქვეყნისგან უფლება, რომ იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენონ“, - ამბობს გენერალი. 

მისივე თქმით, ახლა არის ის მომენტი, როცა ფრონტის ხაზზე კრიტიკული ვითარება არ არის. უკრაინას კურსკის მიმართულებაზე ის პოზიციები რომელიც დაიკავა ამ ეტაპზე შენარჩუნებული აქვს. ასევე პროკოვსკის მიმართულებაზე, რუსების ზეწოლის მიუხედავად, მაინც დიდ წინააღმდეგობას უწევენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×