
უკრაინას ან ბირთვული იარაღი ექნება, ან ჩვენ ნატო-ს წევრი გავხდებით, - უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამის შესახებ მან აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე განაცხადა. ანალიტიკოსები ბირთვული იარაღის საკითხს გამორიცხავენ, ხოლო უკრაინის ნატოში გაწევრიანებას გარკვეული მიზეზების გამო შედარებით შორ პერსპექტივაში ხედავენ.
„ჩემი აზრით, ბირთვული იარაღის საკითხი გამორიცხულია. რაც შეეხება ნატოში უკრაინის გაწევრიანებას, ეს რეალურია, ოღონდ არა ამ ომის ცხელ ფაზაში. ცეცხლი თუ არ შეწყდება, ეს შეუძლებელია. ვფიქრობ, 2025 წლის ბოლომდე ამ მხრივ რაღაც იქნება. ყოველ შემთხვევაში ამის იმედი მაქვს. აი, მერე შეიძლება ამაზე ლაპარაკი. დარწმუნებული ვარ, რომ თუკი ომი დასრულდება, უკრაინას ნატოში აუცილებლად მიიღებენ", - განაცხადა „რეზონანსთან" გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დღეს ნატო-ს ქვეყნები არ იბრძვიან, სწორედ ამიტომ უკრაინა ნატო-ს ირჩევს და არა ბირთვულ იარაღს.
„დიდი ქვეყნებიდან, ბირთვული სახელმწიფოებიდან რომელი დაზარალდა? არცერთი. მხოლოდ ერთი - უკრაინა. ვინ დათმო ბირთვული იარაღი? ყველამ? ერთმა - უკრაინამ. ვინ იბრძვის დღეს? უკრაინა. დონალდ ტრამპთან საუბრისას მას ვუთხარი: რა არის გამოსავალი? ან უკრაინას ბირთვული იარაღი ექნება და ეს ჩვენთვის დაცვა იქნება, ან რაიმე სახის ალიანსი უნდა გვქონდეს. ნატო-ს გარდა ჩვენ სხვა ეფექტური ალიანსები არ ვიცით. მჯერა, დონალდ ტრამპმა მომისმინა, მან თქვა: „თქვენ სამართლიანი არგუმენტები გაქვთ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორსა და ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას თქმით, ბრიუსელში საუბარი იყო უკრაინის ტერიტორიაზე არაბირთვულ-სტრატეგიული შეიარაღების განთავსებასა და სხვა საკითხებზე, რომელიც საშუალებას მისცემს თავდასხმებისგან თავის დასაცავად,
„ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ერთ-ერთ მშვიდობის გეგმაში დააფიქსირა არა ბირთვული იარაღის, არამედ სტრატეგიული არაბირთვული იარაღის უკრაინის ტერიტორიაზე განთავსების შესახებ. პრინციპში, ნატოს წევრობის განაცხადი რომ ახლა გაკეთდეს, მათ შორის ბირთვული უსაფრთხოების ქოლგა უკრაინა გარანტირებულად ექნება. ამერიკის პოზიცია მაშინ გაირკვევა, როცა არჩევნები ჩატარდება, ჯერჯერობით ამის განსაზღვრა ცოტა რთულია.
„მე ახლა უკრაინა-პოლონეთის დიდ კონფერენციაზე ვარ, სადაც სამთავრობო წრეებიც არიან, მათ შორის უკრაინის ვიცე-პრეზიდენტი. ამიტომ ზუსტად ვიცი, რაზეა საუბარი. მოკლედ, აქ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ნატოს წევრობა იძლევა გარანტიას, უკრაინა დაცული იყოს ბირთვული დარტყმის საფრთხისგან. ასევე, მასზე მეათე და მეხუთე მუხლი გავრცელდება. ეს არის კოლექტიური თავდაცვა და ბირთვული უსაფრთხოების ქოლგის ვარიანტი. მეორეს ერთი, უკრაინის ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს არაბირთვულ-სტრატეგიული შეიარაღება, რომელიც საშუალებას მისცემს თავდასხმებისგან თავის დასაცავად, ანუ რაკეტ და ჰაერსაწინააღნდეგო თავდაცვითი გუმბათის შექმნა, სწორედ ამაზეა საუბარი.
„უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი სავარაუდოდ, ვაშინგტონის 2025 წლის სამიტზე გადაწყდება და ეს განხილვის სერიოზული თემა იქნება", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".