ნატალია ჯვარიძე
21.10.2024

მოლდოვაში 20 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნები და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე რეფერენდუმი ერთდროულად ჩატარდა, რის შდეგადაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩაინიშნა. ამასთან, ჩატარებული რეფერენდუმის წინასწარი შედეგების თანახმად, ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ მისცა ხმა. პრეზიდენტი მაია სანდუ შედეგებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის თაღლითობა. მოლდოვას

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ანგელა კარამანმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს პრეზიდენტი, მაია სანდუ და ყოფილი გენერალური პროკურორი, ალექსანდრე სტოიანოგლო დაუპირისპირდებიან.

მისი თქმით, წინასწარი ინფორმაცია ცხადყოფს, 11 კადიდატიდან ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმების 50%-ზე მეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ორ კვირაში მეორე ტური ჩატარდება. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო უბნიდან საბოლოო მონაცემების წარმოდგენა არჩევნების დღიდან 48 საათის განმავლობაში უნდა მოხდეს.

ამასთან, მისი თქმით, საარჩევნო უბნებიდან საბოლოო მონაცემების წარმოდგენა არჩევნების დღიდან 48 საათის განმავლობაში უნდა მოხდეს. წინასწარი მონაცემებით, საარჩევნო უბნებიდან ოქმების 98,51%-ის დამუშავების შემდეგ, არჩევნებში მოლდოვას მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ ხმების 42,07%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზეა ალექსანდრე სტოიანოგოლო, ხმების 26,27%-ით.

მოლდოვის ცენტრის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საკონსტიტუციო რეფერენდუმის ოქმების 98,3%-ის დამუშავების შემდეგ, ქვეყნის კონსტიტუციაში ევროპული ვექტორის შეტანის მხარდამჭერთა რაოდენობამ მოწინააღმდეგეების რაოდენობას გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, რეფერენდუმში მონაწილეობის 50,07%-მა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა, 49,93%-მა კი ცვლილების განხორციელების წინააღმდეგ მისცა ხმა.

მოლდოვას მოქალაქეებს უნდა ეპასუხათ „დიახ" ან „არა" კითხვაზე: „ემხრობით თუ არა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?".

პრეზიდენტ სანდუს თქმით, „მოლდოვამ როგორც დღეს, ისე ბოლო თვეებში ქვეყნის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმა განიცადა. მისივე თქმით, დანაშაულებრივი ჯგუფები გაერთიანდნენ უცხოურ ძალებთან, რათა ქვეყანას ტყუილითა და პროპაგანდით დასხმოდნენ თავს.

„ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები და ინფორმაცია, რომ ეს დანაშაულებრივი ჯგუფები 300 000 ხმის ყიდვას აპირებდნენ. ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის თაღლითობა. მათი მიზანი დემოკრატიული პროცესისთვის ძირის გამოთხრა, საზოგადოებაში შიშის და პანიკის გავრცელება იყო. არ შევწყვეტთ დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვას, ველოდებით საბოლოო შედეგებს და მტკიცე გადაწყვეტილებით ვუპასუხებთ", - აღნიშნა სანდუმ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ მოლდოვაში ორმხრივ ჩარევას ჰქონდა ადგილი. მისივე თქმით, იქ ბევრი საკითხია გასათვალისწინებელი.

„ნებისმიერ ქვეყანაში ყველანაირი უცხო ჩარევა მიუღებელია. როგორც მოლდოველი ხალხი, ასევე ქართველი ან სხვები წყვეტენ საით იქნება მათი მომავალი ინტეგრაცია, ვინ იქნება მათი მმართველი და ა.შ.

„რაც შეეხება მოლდოვას, ყველა წყაროდან ჩანდა, რომ ამ ქვეყანში ორმხრივი ჩარევა იყო, ანუ როგორც რუსეთიდან, ასევე, დასავლეთიდან. თუმცა, საქართველოს შემთხვევაში ვერ ვიტყოდი, რომ რუსეთი ღიად და თავხედურად ერევა, განსხვავებით დასავლელი პოლიტიკური აქტორებისგან, რომლებიც უკვე ბედავენ და იმაზეც მიგვითითებენ, თუ როგორ უნდა მივცეთ ხმა 26 ოქტომბერს.

„მოლდოველი ხალხის გადაწყვეტილება არის მათი სუვერენული უფლება, ენდომებათ თუ არა ნეიტრალიტეტი, თუ შემდგომი ევროინტეგრაცია. მიუხედავად იმისა, რომ მაია სანდუ თავს პროევროპელ პოლიტიკოსად წარმოაჩენს, იქ საკმაოდ გაჭენებულია კორუფციაა, ისევ ძველი, პოსტსაბჭოური მმართველობაა, განსაკუთრებით რეგიონებში. შესაბამისად, ეს ჩამყაყებული ცხოვრება არცერთ პროგრესულად მოაზროვნე უმრავლესობას არ აწყობს, არც მოლდოვაში და მითუმეტეს, არც საქართველოში.

„ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში ეს წარსულში დაბრუნებაა, რაც ვერასოდეს მოხდება. ეს მეტყველებს იმაზე, ხალხს არ სურს არანაირი თავსმოხვეული პროდასავლური პოლიტიკა. მნიშვნელობა არ აქვს რუსული იქნება, თუ დასავლური, თავსმოხვეული და ხელოვნური ყოველთვის მიუღებელია.

„ასევე, თუ ხმები შუაზეა გაყოფილი, როგორც ახლა არის, უნდა გავითვალისწინოთ, რომ არჩევნებზე ვინ არ მივიდა და როგორია მათი განწყობა ამ საკითხზე. დაახლოებით 40% ან ცოტა მეტი არ გამოცხადდა.

„ასე რომ, იმ დასავლელ აქტორებს, რომლებიც განსაკუთრებით ექაჩებიან ევროპაში ვითომ პარამეტრებით წინ წასულ მოლდოვას, კარგად უნდა დაფიქრდნენ რეალურად რა არის ხალხის განწყობა. ასევე, კარგად უნდა დაფიქრდნენ რა არის ქართველი ხალხის განწყობა და თავს ზედმეტად ნურაფერს მოგვახვევენ. ამასთან, მცადარი ნარატივია, რომ „ქართული ოცნება" ე.წ. რუსულ პოლიტიკას ატარებს", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე წერს, რომ ეს პირდაპირ მიუთითებს მოლდოვის სუვერენიტეტზე რუსეთის იერიშის შესახებ.

„რაც მოლდოვაში ხდება და მოხდა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რუსული იერიში ქვეყნის სუვერენიტეტზე. მასობრივი მოქრთამვის, დაშინების, ძალადობისა და გაყალბების ფონზე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას 50.5% უჭერს მხარს.

„რუსებმა არჩევნებში მოლდოვას სეპარატისტული რაიონების გარდა წინასწარ დაბეჭდილი ბიულეტენები, ფული, რუსეთში მყოფი მოლდოვური დიასპორა და სპეციალური ხულიგნური რაზმები გამოიყენეს.

„მოლდოვურმა სპეცსამსახურებმა რუსული ჩარევების რამდენიმე ასეული ფაქტი აღკვეთეს, მაგრამ ტოტალური რუსული იერიშის ფონზე, ძალიან გაუჭირდათ საქმისთვის თავის გართმევა, მითუფრო, სეპარატისტულ ზონებში, იგივე გაგაუზიაში.

„თუმცა, ასეთი რუსული მობილიზაციის ფონზეც კი ვიმედოვნებთ, რომ ევროპული კურსი გაიმარჯვებს, მითუფრო ჩარევების გამოაშკარავების შემდეგ, მაგრამ რაც მოლდოვაში მოხდა, ეს მიუთითებს საფრთხეზე, რომელიც ყველა ქვეყანას უდგას. ამასთან, მოლდოვას ძალიან დიდი პროევროპული დიასპორა ჰყავს, თორემ უშუალოდ მოლდოვაში რუსული გავლენები და ჩარევები უმძიმესია. ეს იმ ქვეყნებში, რომლებსაც პროევროპული მთავრობა ჰყავს. სწორედ დიასპორა და დედაქალქი კიშინიოვის რამდენიმე ხმა იქნება გადამწყვეტი", - წერს კობერიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×