„ოსტინმა ადგილზე უნდა გაარკვიოს რამდენად რეალურია ზელენსკის „გამარჯვების გეგმის" აღსრულება"
ნატალია ჯვარიძე
21.10.2024

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას „სიენენი" ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ოსტინი შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და თავდაცვის მინისტრს, რუსტემ უმეროვს.

ამერიკის თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის განიხილავს უკრაინის საჭიროებას იარაღის კუთხით და იმას, თუ როგორ შეიძლება აშშ-მ მომავალი წლის გამავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხადაჭერა გააგრძელოს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორსა და ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას აზრით, ლოიდ ოსტინი კიევში სამი მიზეზით ჩავიდა.

„ჩემი აზრით, ლიოდ ოსტინი კიევში სამი მიზეზის გამო ჩადის. პირველი იმიტომ, რომ გაარკვიოს რამდენად რეალურია ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმის" აღსრულება.

„ეს მნიშვნელოვანი მომენტია. როგორც ჩანს, პირველი მიზანია ის, რომ ადგილზე შეაფასოს ამის ზუსტი შესაძლებლობები. მეორე მიზეზი არის ის, რომ დიდი ალბათობით ოსტინი ახალი პრეზიდენტის მერე თავდაცვის მინისტრი აღარ იქნება და შესაძლოა ეს მისი ერთგვარი შემაჯამებელი ვიზიტი იყოს.

„როგორც ჩანს, მისი მხრიდან ბოლო საუბარი იქნება იმაზე, თუ რა შეიძლება ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გამოუყოს, ანუ რაღაც გამოსამშვიდობებელი ჩასვლა, რადგან ბუნებრივია, ახალ ადმინისტრაციაში ალბათ, ოსტინის ადგილი არ იქნება და სხვა ადამიანი შეცვლის.

„და მისი ჩასვლის მესამე ვარიანტი არის ის, რომ რამშტეინის შეხვედრის წინ უკრაინასთან შეათანხმოს საერთო პოზიციები", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორსა და ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძეს კი მიაჩნია, რომ ლოიდ ოსტინის კიევში ვიზიტის ფარგლებში განიხილავენ სამხედრო დახმარების გადაცემასა და ასევე, ისაუბრებენ უკრაინისთვის რუსეთის სიღრმეში დარტყმის უფლების მიცემაზე.

„ჩემი აზრით, შესაძლოა იქ საუბარი იყოს უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების მიწოდებაზე, პირველ რიგში ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების გადაცემაზე. გამორიცხული არაა დღის წესრიგში დადგეს საკითხი, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას რუსეთის სიღრმეში დარტყმების ნება დართოს.

„ამას იქიდან გამომდინარე ვიძახი, რომ როგორც ვიცით, რუსეთი ჩრდილოეთ კორეიდან სამხედრო მოსამსახურეების მობილიზებას ახორციელებს. აქ საუბარია ჩრდ. კორეიდან დაახლოებით 11 ათას ჯარისკაცზე, რომლებიც დღევანდელ ეტაპზე, შორეულ აღმოსავლეთში სამხედრო მომზადებას გადიან.

„ამიტომაც, უკრაინამაც საპასუხო ზომები უნდა მიიღოს, მითუმეტეს, როცა უკრაინა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უგლედარი დაიკავა, დონეცკის ოლქში გარკვეულ შეტევით ოპერაციებს ახორციელებს. ასე რომ, რა თქმა უნდა, სამხედრო დახმარებას ამ ვიზიტის ფარგლებში განიხილავენ, მითუმეტეს, აშშ-მ უკრაინისთვის 425 მილიონი დოლარი უნდა გამოყოს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×