თამთა ჩაჩანიძე
31.10.2024

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება, სულ რაღაც ხუთ დღეში გახდება ცნობილი დონალდ ტრამპი გახდება პრეზიდენტი თუ კამალა ჰარისი. კანდიდატებმა შემაჯამებელი შეხვედრები უკვე გამართეს, ჰარისმა თეთრი სახლის მიმდებარედ, ხოლო ტრამპმა პენსილვანიაში. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, პოზიციები და რეიტინგი თითქმის თანაბარია და ორივე კანდიდატი გადაუწყვეტელი ამომრჩევლისთვის იბრძვის.

„ეკონომისტის" უახლესი გამოკითხვა, რომელიც ოთხშაბათს 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ კამალა ჰარისს მცირე უპირატესობა აქვს - მას ამერიკელთა 44% უჭერს მხარს, ტრამპს კი 43%.

მთავარი საბრძოლო შტატები, რომლებსაც შეუძლიათ არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა, არის პენსილვანია, ჩრდილოეთ კაროლინა, ჯორჯია, მიჩიგანი, არიზონა, ვისკონსინი და ნევადა.

კიდევ ერთი კვლევითი ცენტრის 31 ოქტომბრის მონაცემებით, რეიტინგები ასე გადანაწილდა: პენსილვანია - ტრამპი - 47.9%, ჰარისი - 47.5%; ჩრდილოეთ კაროლინა - ტრამპი 48.3%, ჰარისი - 47.2%; ჯორჯია - ტრამპი 48.7%, ჰარისი 47%; მიჩიგანი - ტრამპი - 47%, ჰარისი - 48%; არიზონა - ტრამპი 48. 7%, ჰარისი - 46.6%; ვისკონსინი - ტრამპი 47.5%, ჰარისი - 48.2%; ნევადა - ტრამპი 47.4%, ჰარისი 47.5%.

უნდა ითქვას, რომ წინასარ ხმა უკვე 50 მილიონზე მეტმა ამერიკელმა მისცა, რომელთაგან 41%, 65 წლის ზემოთაა. 2024 წლის არჩევნებისთვის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რიცხვი 161 მილიონს აჭარბებს. წინა, 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა 155 მილიონზე მეტმა ამერიკელმა მიიღო.

გამარჯვებულს 538 ელექტორისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია გამოავლენს. ყოველ შტატს, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ელექტორების განსაზღვრული რაოდენობა ჰყავს. ამერიკის მომავალ პრეზიდენტს ჯამში 270 ელექტორის ხმის დაგროვება სჭირდება.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თანასწორი და დაძაბული ბრძოლაა, ისეთი, რომ მონაცემები საათობრივად იცვლება და რეალური შანსი ტრამპსაც აქვს და ჰარისსაც. ანალიტიკოსი საუბრობს იმაზე, ერთის ან მეორის გამარჯვებას რა გავლენა ექნება გლობალური თვალსაზრისით, მათ შორის რა შეიცვლება საქართველოსთან მიმართებაში.

„თანასწორი ბრძოლაა, როგორც ვიცი, ბოლო მონაცემებით წინ ტრამპი გავიდა, თუმცა ეს პირობითი მომენტია. აქ ძირითადად წყვეტენ ამომრჩევლები, რომლებიც საბოლოოდ ხმას აძელევენ-ხოლმე - გადამწყვეტი მათი ხმებია. ტრამპმა შვიდ მერყევ შტატში ასე თუ ისე პოზიციები გაიუმჯობესა. დემოკრატების კანდიდატად ბაიდენი რომ დარჩენილიყო, სიტუაცია რთული ექნებოდათ და არჩევნებზე დიდი ალბათობით წააგებდა, მაგრამ ჰარისმა სიტუაცია ბევრად გამოასწორა, ძლიერი პოზიციებიც მოიპოვა და საკმაო შანსებიც აქვს.

„ორივე კანდიდატს აქვს გამარჯვების შანსი. თუ კამალა ჰარისმა გაიმარჯვა, ის საერთაშორისო დონეზე ნაკლებადგამოცდილი პოლიტიკოსია და შესაძლოა თვაისი რაღაც ელემენტები შეიტანოს, მაგრამ ალბათ ბაიდენის კურსს გააგრძელებს, მათ შორის საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებაში.

„რაც შეეხება იმას, ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში რა პოლიტიკა იქნება, გვახსოვს, რომ როცა პრემიერი ირაკლი კობახიძე იყო აშშ-ში ჩასული, მას ბაიდენის ადმინისტრაცია არ შეხვდა და თავისუფლად შეეძლო, რომ ტრამპს გამოეთქვა შეხვედრის სურვილი, მაგრამ არც ტრამპი შეხვდა და არც მისი წარმომადგენელი. ამ კუთხით „ქართული ოცნების"მისამართით პოზიცია ორპარტიულია და საქართველოს მიმართ პოლიტიკა უცვლელი დარჩება ტრამპის გამარჯვების შემთხვევაშიც.

„რაც შეეხება უკრაინას, თუ ჰარისმა გაიმარჯვა, ბაიდენის პოლიტიკა გაგრძელდება და თუ ტრამპმა, პირველ ეტაპზე ინიციატივებს გააჟღერებს და შეეცდება, რომ ორივე მხარე (უკრაინა-რუსეთი) სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდაზე დასვას, თუმცა თუ ეს არ გამოუვა, თავს დაანებებს და უკრაინის დახმარებას გააგრძელებს. დახმარებას არ შეუწყვეტს, ტრამპი პოპულისტი პოლიტიკოსია, ამასთან ამ საკითხს მხოლოდ ტრამპი არ წყვეტს, რესპუბლიკურ პარტიაში გრაკვეული გამონაკლისების გარდა სრული კონსენსუსი აქვთ, რომ უკრაინას დაეხმარონ.

„არ მგონია ტრამპმა დიდად შეცვალოს ჩვენს მიმართ პოლიტიკა და „ოცნების" წარმომადგენლებს მისი გამარჯვება ტყუილად უხარიათ. საქართველოსთან მიმართებით ყურადღება კვლავ იქნება. ამასთან დაპირისპირების ერთ-ერთი მომენტი შესაძლოა ისიც გახდეს, რომ ანაკლიის პორტს ჩინური კომპანია ააშენებს და არა ამერიკული.

„დემოკრატებს და რესპუბლიკელებს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ბიპარტიული კონსენსუსი აქვთ და პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში არ შეიცვლება. შესაძლოა ტრამპს და ჰარისს განსხვავებული მიდგომები ჰქონდეთ, მაგრამ არა ლოიალური", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×