
უკრაინაში მშვიდობის მიღწევა მხოლოდ კომპრომისებით, მათ შორის ტერიტორიული დანაკარგებითაა შესაძლებელი, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრეზიდენტმა პიტერ პელეგრინმა განაცხადა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, პიტერ პელეგრინმა ადგილობრივ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინას დათმობაზე წასვლა მოუწევს.
„როდესაც საუბარია მშვიდობაზე, მიმაჩნია, რომ რეალისტები უნდა ვიყოთ. დღეს, ევროპაში ჯანსაღი აზრის მქონდე ადამიანებს შორის ალბათ, არავის სჯერა, რომ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელი იქნება უკრაინის ნაწილობრივი ტერიტორიული დანაკარგების გარეშე", - აღნიშნა სლოვაკეთის პრეზიდენტმა.
ანალიტიკოს გია აბაშიძის ვარაუდით, შესაძლოა უკრაინამ ტერიტორიის 20%-ზე მეტი დაკარგოს, ვინაიდან პუტინი კომპრომისებზე არ წავა.
„სამწუხაროდ, ის რეალობა ახლოვდება, როდესაც უკრაინა 20%-ზე მეტს დაკარგავს და იმედი ვიქონიოთ, დროებით. აგრესორი პუტინი არასდროს მალავს თავის გეგმებს, რისი განხორციელებაც უნდა. მან მიანიშნა, რომ უკრაინამ ყირიმი საერთოდ უნდა დაივიწყოს, ასევე დონბასი, ზაპოროჟიე, ხარკოვის ოლქის ნაწილი და კიდევ შეიძლება მარიოპოლის ნაწილიც.
„უკრაინელი ხალხისთვის ეს ძალიან დიდი დანაკარგი იქნება და ისიც გავითვალსიწინოთ, რომ სლოვაკეთის პრეზიდენტის გარდა სხვა ევროპელმა და ამერიკელმა ლიდერებმაც აღნიშნეს, რომ გარკვეული მშვიდობის მისაღებად და ცეცხლის შესაწყვეტად საჭიროა კომპრომისები.
„კომპრომისებზე, რომ კრემლი არ წავა, ეს სამწუხაროდ, მოცემული რეალობაა. ამიტომ, ახლა როგორც კი ახლოვდება პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაცია, სულ უფრო აქტიური ხდება ეს მოლაპარაკებები. როგორც ჩანს, აქ ჰეგემონის როლს ვაშინგტონი ასრულებს, რადგან ტრამპის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო უკრაინაში მშვიდობის დამყარება, სანამ ბოლომდე არ ჩამოქცეულა ეს ქვეყანა. ასე რომ, არაფერი გამოვრიცხოთ.
„შედეგი იქნება ის, რომ უკრაინა ტერიტორიებს დაკარგავს და რაღაც ხანგრძლივი პერიოდით გამოაცხადებს სამხედრო ნეიტრალიტეტს გარკვეული უსაფრთხოების გარანტიებით დიდი სახელმწიფოებიდან, მაგრამ, ის სურვილი უკრაინის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანებულიყვნენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში სულ უფრო არარეალისტური ხდება.
„მათ შორის ევროკავშირის ბლოკში, რომელსაც ისედაც აქვს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა და არ სურს ახლა დამატებითი ვალდებულებები აიღოს უკრაინაზე, ისედაც უამრავი თანხებია დახარჯული, როგორც სამხედრო, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით.
„ასე რომ, უკრაინისთვის ვითარება არც ისე სახარბიელოა, მაგრამ ეს საშინელი სისხლისღვრა რომ შესაწყვეტია, ეს უტყუარია. საერთაშორისო პოლიტიკაში კი არაფერია მუდმივი.
„შეიძლება რაღაც გარკვეული პერიოდი კრემლი დომინირებდეს უკრაინის ტერიტორიების მიტაცებაში, თუმცა არაფერი გამოვრიცხოთ. თავის დროზე სირიაში ასადიც დომინირებდა, მაგრამ, ბოლოს ვერ გაძლო და მოსკოვში გაიქცა", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორსა და ანალიტიკოს ვახტანგ მაისაის მიაჩნია, რომ სლოვაკეთი იმეორებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ნარატივებს.
„სლოვაკეთის პრეზიდენტის, პრემიერის და საერთოდ ქვეყნის პოზიცია აბსოლუტურად პრორუსული და მიუღებელია უკრაინისთვის. პირდაპირი გაგებით, პრეზიდენტიც და პრემიერიც იმეორებენ რუსულ, პუტინის ნარატივს. ვფიქრობ, ყირიმსა და დონბასის ტერიტორიებზე დათმობა უნდა იყოს, რადგან ჯერჯერობით ზაპოროჟიესა და ხერსონის რაიონები რუსებს დაკავებული არ აქვთ.
„დაკავებულია მხოლოდ დონეცკისა და ლუგანკის ტერიტორიები, ოღონდ ისიც სრულად არა. და რა თქმა უნდა, ყირიმის ნახევარკუნძული, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს იყო ანექსირებული და ბუნებრივია, ამაზეა საუბარი.
„როგორც ჩანს, ამ საკითხებზეა ლაპარაკი და სავარაუდოდ, რუსებს გაუჩნდათ გეოპოლიტიკური ლობისტები, სლოვაკეთის მმართველი ძალის სახით. აშკარად, პუტინი თავის ნარატივს ამეორებინებს ამ გეოპოლიტიკურ ლობისტებს"- განაცხადა ვახტანგ მაისიამ „რეზონანსთან".