ნატალია ჯვარიძე
18.12.2024

ამერიკის მომავალი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აქტიურად საუბრობს იმაზე, რომ ის უკრაინაში მალე ომს დაასრულებს. მისგან განსხვავებული პოზიცია აქვს უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც ამბობს, რომ ისინი უბრალოდ დანებებას და ომის არასასურველი ფორმით დასრულებას არ აპირებენ.

ზელენსკის თქმით, ტრამპს ჯერ არ აქვს წვდომა ყველა საჭირო ინფორმაციაზე, რადგან ის ჯერ არ იმყოფება თეთრ სახლში. საუბარია დაზვერვის მონაცემებზე, თავდაცვის სამინისტროზე, გარკვეულ დიპლომატიურ არხებზე და ა.შ.

„ტრამპმა იცის ჩემი სურვილი, რომ არსად არ ვიჩქარო უკრაინის საზიანოდ. ქვეყანა დიდი ხანია იბრძვის სუვერენიტეტისთვის. რამდენ პრეზიდენტს თუ პრემიერსაც არ უნდა სურდეს ომის დასრულება, ჩვენ არ ვაპირებთ უბრალოდ დავნებდეთ და უარი ვთქვათ დამოუკიდებლობაზე, საშიშროება იქნება, ვთქვათ: გავყინავთ ომს და შევთანხმდებით რუსებთან", - განაცხადა ზელენსკიმ ტრამპთან პარიზში გამართული მოლაპარაკებების კომენტარებისას.

„როდესაც ის იქნება, ჩვენ შევძლებთ ვისაუბროთ ერთ ენაზე, ინფორმაციის ერთნაირი დონით", - განაგრძო უკრაინის პრეზიდენტმა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორსა და ანალიტიკოსს ვახტანგ მაისაიას მიაჩნია, რომ ომი ერთგვარ გაჭიანურების ფაზაშია გადასული და თუ ასე გაგრძელდება, შესაძლოა კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდეს. მისივე თქმით, რთული სათქმელია ეყოფა, თუ არა ტრამპს რესურსები ომის შესაჩერებლად.

„თუ სიტუაცია ასე წავიდა, შეიძლება ომი კიდევ 2 წელი გაგრძელდეს. ფაქტობრივად, ომი შევიდა გაჭიანურების ფაზაში. თუ რამე ისეთი არ მოხდა, რაც კარდინალურად შეცვლის ერთის ან მეორის სასარგებლოდ, ეს ომი გაჭიანურების ფორმით გაგრძელდება. აქედან გამომდიანრე, ეს ვარიანტი გასათვალისწინებელია.

„რამდენად შეძლებს დონალდ ტრამპი ამ ომის შეჩერებას რთული სათქმელია. კი, დიდი სახელმწიფოა, მაგრამ მთლად ისე არაა, რომ ორი სახელმწიფოს ინტერესი შეაჯეროს. უკრაინა და რუსეთი არაა პატარა ქვეყნები. თან ისიც მნიშვნელოვანია, რამდენად ეყოფა ტრამპს რესურსები, რომ ზეწოლა მოახდინოს. ამერიკას აქვს იმის რესურსები, რომ დავუშვათ, უკრაინას დაეხმაროს, ამით გაათანაბროს ძალები და ბალანსის სისტემის მიხედვით, უკრაინას მისცემს საშუალებას მოწინააღმდეგე დააბალანსოს.

„თუ ტრამპმა ეს მომენტი დააყენა მუხრუჭების დონეზე, რუსეთი შეიძლება იყოს ერთგვარი ბიფურკაციის წერტილი, რომლის მეშვეობითაც, შესაძლოა სტრატეგიული უპირატესობა რუსების მხარეს გადავიდეს. ამის საშიშროება არსებობს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით კი, ტრამპის ინაუგურაციამდე გაკეთებული ნებისმიერი განცხადება დროებითია, რადგან მისივე თქმით, 20 იანვრის შემდეგ უკარინას დათმობაზე წასვლა მოუწევს.

„ზელენსკის ბოლო განცხადებები აშკარად ურთიერთგამომრიცხავია და ეს მკაფიოდ ჩანს მედიაში. ჯერ იყო და, ის და მისი გუნდი ამბობდა, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს ომი, ამისთვის მან რამდენიმე დღის წინ მიავლინა წარმოამდგენლები ვაშინგტონში ტრამპის მრჩევლებთან მოლაპრაკების გასამართად. ახლა ამას ამბობს.

„ასევე, ისიც თქვა, რომ თურმე ტრამპს არ ჰქონია სრული წვდომა ომის მიმდინარეობაზე და ამიტომ აკეთებს ასეთ განცხადებებსო. ვფიქრობ, ეს ყველაფერი უკავშირდება იმ საჯარო განხადებებს, რომელიც როგორც ამერიკიდან მოდის, ისევე ევროპიდან, რომ ცეცხლის შეწყვეტის და მშვიდობის სანაცვლოდ უკრაინას მოუწევს გარკვეულ დათმობებზე წასვლა.

„ეს იქნება ტერიტორიების დათმობა ოკუპანტი რუსეთისთვის და სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადება. თუმცაღა, ისიც უნდა ითქვას, რომ ზელენსკი შეურაცხყოფილი იქნებოდა იმ განცხადებით, რაც ტრამპმა თქვა 2 დღის წინ მის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომ ზელენსკი ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მიწვეული არაა.

„რა თქმა უნდა, ეს ნებისმიერი ლიდერისთის შეურაცხმყოფელი იქნება. თუმცა ამ პირად წყენებს და ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს რომ შევეშვათ, რეალობა ასეთია: როცა ტრამპი ოფიციალურად პრეზიდენტი გახდება, ექნება სხვადასხვა ძლიერი ბერკეტები, რომ უკრაინა აიძულოს დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, სულ სხვანაირი პოლიტიკური გარემო იქნება ოფიციალურ კიევში.

„ამიტომ ეს ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები დროებითია. არამხოლოდ უკრაინა, არამედ მთელი მსოფლიო 20 იანვრის მოლოდინშია, რადგან დიდი ტექტონიკური ძვრები მოხდება გლობალურ პოლიტიკაში. ეს შეეხება არამარტო უკრაინას, პატარა საქართველოს და ამერიკისთვის მცირე სამხრეთ კავკასიას, არამედ სირიაში კონფლიქტს, რუმინეთში არჩევნების თემას, ჩინეთის ეკონომიკურად შეკავებას და ა.შ. სია ძალიან ვრცელია. 20 იანვრამდე რა განცხადებები გაკეთდება სხვადასხვა მხრიდან ტრამპის წინააღმდეგ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×