
მოსკოვში რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაური იგორ კირილოვი და მისი თანაშემწე ააფეთქეს, ორივე მკვდარია. ეფ-ეს-ბეს ცნობით, ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი, 29 წლის უზბეკი მამაკაცი უკვე დაკავებულია.
პირველი ცნობები რუსულმა მედიასაშუალებებმა გააშუქა, ისინი ხაზგასმით ამბობდნენ რომ სახლი, რომელშიც დაღუპულები იმყოფებოდნენ გაზიფიცირებული არ იყო, შესაბამისად, გაზის აფეთქება თავიდანვე გამოირიცხა.
მოგვიანებით რუსეთის საგამოძიებო სამსახურის ოფიციალური განცხადების შემდეგ სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მუხლით აღიძრა.
კირილოვი 17 დეკემბერს დილით, მისი საცხოვრებლის გარეთ იმყოფებოდა, როცა ელექტრო-სკუტერში დამალული მოწყობილობა ავტომატურად გააქტიურდა.
იულიან რეპკე, გერმანელი სამხედრო მიმოხილველი, წერს, რომ ეს „სასიკვდილო განაჩენი" მას შემდეგ აღსრულდა, რაც უკრიანის გენერალურმა პროკურორმა კირილოვი ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულა.
„სასიკვიდლო განაჩენი აღსრულდა! აფეთქება მოხდა დისტანციურად, ობიექტს აკონტროლებდნენ ვებ-კამერის მეშვეობით, რომელიც იქ არის დაყენებული, შესაძლოა საკმებთან ან ბუჩქებში."
უკრაინული წყაროები ადასტურებენ, რომ გენერალი ლეგიტიმური სამიზნე და სამხედრო დამნაშავე იყო.
ფე-ეს-ბეს მტკიცებით, ეჭვმიტანილმა აღიარა, რომ უკრაინული სპეცსამსახურები 100 ათას დოლარს და ევროკავშირში უსაფრთხოდ გადაყვანას დაპირდნენ.
უკრაინის ბრალდებას, რომ კირილოვმა აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენების ბრძანება გასცა, მოსკოვი უარყოფს. აცხადებენ, რომ ქიუმიური იარაღის უკანასკნელი ნარჩენები 2017 წელს გაანადგურეს.
ცნობილია ისიც, რომ გენერალი კირილოვი ამ ბრალდებით ადრე გაერთიანებულმა სამეფომაც დაასანქცირა. როგორც ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშა ნათქვამი, საუბარია ბრძოლის ველზე ქლორპიკრინის სავარაუდო გამოყენებაზე. ესაა საშიში ნივთიერება, რომელიც ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ (OPCW) კვალიფიცირდება, როგორც ქიმიური იარაღი.
მარიამ ვეკუა