ნატალია ჯვარიძე
20.12.2024

„ბილდის" ანალიტიკოს იულიან რიოპკეს განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალები დონეცკის რეგიონის ქალაქ კურახოვოდან გავიდნენ. რიოპკეს თქმით, ცოცხალი ძალის ნაკლებობის გამო, უკრაინელი სამხედროები იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ ქალაქი.

„იქ ოპერატიული ალყის საფრთხე შეიქმნა და უკრაინელებს უკან დახევა მოუწიათ. თუ არ ვცდები, ეს დონეცკის ჩრდილო-აღმოსავლეთითაა. მერე შესაძლებელია წინ გადავიდნენ კონტრშეტევაზე და აიღონ პოზიციები", - აცხადებს „რეზონანსთან" კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ მაისაია.

უკრაინული მედია წერს, რომ კურახოვოს დაკარგვის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. პარალელურად, უკრაინული ანალიტიკური პროექტი „დიპ სტეიტი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის რეგიონში დასახლებული პუნქტი კონსტანტინოპოლსკოე დაიკავეს და კიდევ ოთხი დასახლებული პუნქტის მიმართულებით წინ წაიწიეს.

რუსებმა აიღეს ტრუდოვოე და უსპენოვკა, სადაც საალყო მდგომარეობის გამო ყველა უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურემ ვერ მოახერხა გამოსვლა.

მაისაიას აზრით, ეს უფრო ტაქტიკური დონეა და სტრატეგიულ ვითარებას არ ცვლის.

„იქ ოპერატიული ალყის საფრთხე შეიქმნა და უკრაინელებს უკან დახევა მოუწიათ. თუ არ ვცდები, ეს დონეცკის ჩრდილო-აღმოსავლეთითაა. მერე შესაძლებელია წინ გადავიდნენ კონტრშეტევაზე და აიღონ პოზიციები. ეს მიღებული ვარაინტია და აქ საპანიკო არაფერია. ეს უფრო ოპერატიულ-ტაქნიკური ტიპის ქმედებაა. რუსულ წყაროებს ვუყურებდი და ეს წმინდა ფსიქოლოგიური ომის ეფექტია, რომ ამისგან მათ შექმნან მათთვის პოზიტიური იმიჯი. ალბათ ეეს უფრო ტაქტიკური დონეა და არ ცვლის სტრატეგიულ ვითარებას", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ამასთან, რუსულმა ძალებმა დღეს დილით უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, ქვეყანაში მასშტაბური საჰაერო განგაში გამოცხადდა, ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მონიტორინგის არხების განცხადებით, რუსებმა, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს. დედაქალაქ კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა.

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დედაქალაქში საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა. მოგვიანებით მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე რაიონში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა, შენობები დაზიანდა და ადამიანები დაშავდნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინის სახელმწიფო რეესტრის სისტემამ ბოლო პერიოდში ყველაზე დიდი კიბერშეტევა განიცადა. რუსი ჰაკერების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად იუსტიციის სამინისტროს ძირითადი სისტემების მუშაობა დროებით შეჩერდა. ჰაკერებმა განაცხადეს, რომ მათ გაანადგურეს ყველა მონაცემი, რომელზეც წვდომა ჰქონდათ, მათ შორის სარეზერვო ასლები სერვერებზე პოლონეთში.

უკრაინის ვიცე-პრემიერისა და იუსტიციის მინისტრის, ოლგა სტეფანიშინას განცხადებით, კიბერშეტევამ გამოიწვია უკრაინის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ერთიანი და სახელმწიფო რეესტრის მუშაობის დროებითი შეწყვეტა. დადგინდა, რომ თავდასხმა რუსი ჰაკერების მიერ იყო ორგანიზებული, რომლების მიზანი ძირითადი სამთავრობო სერვისების ფუნქციონირების მოშლა იყო. ოლგა სტეფანიშინას ინფორმაციით, სისტემის აღსადგენად მუშაობა მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×