
ოთხი დაღუპული, მათ შორის ერთი ბავშვი და 60-ზე მეტი დაშავებული. გერმანიის ქალაქ მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე მანქანა შევარდა. თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია, მაგრამ, მოტივი ჯერჯერობით უცნობია. გერმანული გამოცემა dpa-ის ცნობით, ქალაქ მაგდებურგში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მძღოლი პოლიციამ დააკავა. AFP აღნიშნავს, რომ 60-80- ადამიანი დაშავდა.
ქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი მიხაილ რეიფი ვარაუდობს, რომ ეს განზრახ განხორციელებული აქტი იყო და ადგილზე „საშინელი სურათია". ამასთან, მოგვიანებით სააგენტო „როიტერი" გერმანულ გამოცემა „ბილდზე" დაყრდნობით აბრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა, რომელთა შორის ერთი ბავშია.
მაგდებურში, სადაც პარაკევს საღამოს ავტომობილი საშობაო ბაზრობაზე შევარდა, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ჩავიდა. ასევე, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ნენსი ფეზერიცა.
გერმანული გამოცემა Spiegel- ი წერს, რომ პოლიციამ ავტომობილის მძღოლი, 50 წლის ტალებ ა. დააკავა, ექიმი, მეზობელი ქალაქ ბერნბურგიდან. იგი საუდის არაბეთში დაიბადა და გერმანიაში პირველად 2006 წელს ჩავიდა. გამოცემის ცნობით, ეჭვმიტანილი ისლამისტი არ არის და სოციალურ ქსელში ულტრამემარჯვანე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის" მხარდაჭერას გამოხატავდა. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
ამასთან, „როიტერის" საუდელმა წყარომ განუცხადა, რომ საუდის არაბეთმა გერმანიის ხელისუფლება თავდამსხმელის ექსტრემისტული შეხედულებების შესახებ გააფრთხილა, რომელსაც იგი „ტვიტერზე" წერდა.
ანალიტიკოს გია აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ ეს ინციდენტი დაკავშირებული იყოს გერმანიის დელეგაციის სირიაში ვიზიტთან.
„სამწუხაროა რეალობაა უახლესი წლების, რომ შობის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად იწყება ტერაქტები და თავდასხმები ევროპის სხვადასხვა ქალაქებში. განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც თავშეყრის ადგილებია. ამჯერადაც იგივე მოხდა მაგდებურგში, მანამდე საფრანგეთში იყო ტრაგედია. თუმცაღა მიუხედავად იმისა, რომ სპეცსამსახურები დასავლეთში შესაბამის ზომებს იღებენ, მაინც შეუძლებელია ყველაფრის და ყველგან გაკონტროლება.
„დაკავებული 50 წლის საუდის არაბეთიდან წარმომავლობის ადამიანის ბიოგრაფია ურთიერთგამომრიცხავია. ზოგიერთი მას „ისლამოფობს" უწოდებს, ზოგი „გერმანოფობს", ხან იძახიან, რომ ამერიკაში ილონ მასკის დიდი გულშემატკივარია და ა.შ. მოკლედ, ძალიან ბევრი კითხვაა და იმედია გამოძიება ამას დაადგენს.
თუმცა, აქ კიდევ ერთი ფუნდამენტური პრობლემაა, რაც შეეხება ტერორიზმის გაღვივებას, ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი სამწუხარი წერტილი სირიის სახით, სადაც დე ფაქტო ლიდერი „ალქაიდასთანაა" დაკავშრებული ბოევიკი, რომელიც ჯერჯერობით სანქციების ქვეშაა და მასთან რამდენიმე დღის წინ გერმანელი პოლიტიკოსები იყვნენ.
მე არაფერზე მინიშნება არ მსურს, უბრალოდ გარკვეულ ანალიზს ვაკეთებ გერმანული წყაროების მიხედვით, რომ ხომ არ არის დაკავშირებული ეს ტერაქტი ამასთან? და ხომ არ მოახდინეს ამ დაკავებულ პიროვნებაზე ერთგვარი ზეწოლა ან მანიპულაცია, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, გამოირჩეოდა ფსიქიკური არამდგრადობით.
თუმცა, სირიის პრობლემა არ იქნება მარტო გერმანიისთვის, ეს იქნება ასევე, მთლიანად ევროპისთვის, რადგან არის უმწარესი გამოცდილება ტერაქტებისა, რომელიც მოჰყვა ერაყსა და ლიბიაში განვითარებულ ცნობილ მოვლენებს.
„ასე რომ, მაქსიმუმი უნდა განახორციელონ დასავლეთის სპეცსამსახურებმა, რათა საკმაოდ ჩახლართული ტერორისტული ქსელები ჯერ გამოავლინონ და მოახდინონ პრევენცია, რადგან ტერაქტზე შემდეგ რეაგირება საკმაოდ ალოგიკურია. რასაკვირველია, დასავლურ სამართალდამცავ სტრუქტურებში პროფესიონალები მრავლადაა, მაგრამ მათ გაცილებით მეტი მუშაობა მოუწევთ.
„აქვე ვიტყვი, რომ ამის ფონზე საქართველოს მდგომარეობა ნამდვილად კარგია. ამას ადასტურებენ ამერიკის დეპარტამენტიდან, რომ საქართველო ეფექტურად უმკლავდება ტერორიზმის პრევენციას. ბუნებრივია, ქართველი სამართალდამცავებიც მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყვნენ, არიან კიდეც, თუმცა მაინც სიფრთხილეა საჭიროა, რათა სირიიდან წამოსული ბოევიკების მხრიდან საფრთხეები მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".